“ფორმულას რეპუტაცია არ არის კეზერაშვილის რეპუტაცია” – ლაშა ბუღაძე

318
spot_img

„ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპუტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს”, – ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.

„ფორმულა“ არის ქართული საზოგადოების მოკავშირე საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლების და პოლიტიკური ევროპეიზაციის გზაზე. „ფორმულაში“ მუშაობენ პროფესიონალები და ცოდნის თუ კულტურის კუთხით, ეს ტელევიზია უთუოდ მაღალი ხარისხის მატარებელია. სამწუხაროდ, იმხელა ფული, რომ ტელევიზიის გახნა-შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი, საქართველოში მხოლოდ იმ კაცებს აქვთ, ვისაც არაერთი „ჩონჩხი მოეპოვება კარადაში“ და ეს ჩვენი უდიდესი პრობლემაა. მედიის თავისუფლება და რუსული გავლენის აგენტურის მხილება კრიტიკული პლატფორმებიდან უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იმის მიუხედავად, რომ არსებობდა რეპუტაციული უხერხულობა „ფორმულას“ მფლობელის პოლიტიკური მორალის მიმართ, კონტექსტის და რეჟიმთან დაპირისპირების მოდელის გათვალისწინებით, თუნდაც პირადად ჩემთვის (და ბევრი ადამიანისათვის) ყოველთვის უპირატესი არგუმენტი იყო და არის თავისუფალი მედიის მხარდაჭერა და მისი შეძლებისდაგვარი გაძლიერება.

“ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია! „ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპუტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს. სხვა ვეღარაფერი. ჯერ კიდევ პლატონიდან ვიცით, რომ არსებობს „დიდი და მცირე ოლიგარქიები“ და ეს უბედურება – კულისებიდან მართვა-კონტროლი – ვერა და ვერ დაიძლია ჩვენს ვერმოდერნიზებულ და კრიმინალიზებულ საქართველოში. არადა, ოპოზიციის ველი სრულ კონტრასტს უნდა წარმოადგენდეს ივანიშვილთან. ივანიშვილის მარიონეტებს კეზერაშვილის მარიონეტებით ვერ შეცვლი. კეზერაშვილის, მერაბიშვილის, სააკაშვილის თუ სხვა ძველთა პოლიტიკურმა სიბეცემ და მატერიალურმა თავდაჯერებულობამ ყოველ ჯერზე სასარგებლო იდიოტის ან შეგნებული მავნებლის როლი შეასრულა პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილთან და რუსულ მთავრობასთან მებრძოლი ქართული საზოგადოება დიდწილად სწორედ ამათი აკვიატებების შედეგად ზიანდებოდა. და ოდესმე ეს უნდა დასრულდეს! შეიგნეთ, „ძლიერო კაცებო“, თქვენი პოლიტიკური დრო დასრულდა! ახლა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელი გრძნობს თავს უხერხულად, რადგან კარგის შებღალვა მცირედი ლაქით ბევრად ადვილია, ვიდრე ისედაც დასვრილის და შებღალულის. რითიღა უნდა შებღალო რომელიმე Post-ტვ-ის ან “იმედის” ურეპუტაციო, მორალს მიღმა მდგომი მფლობელები და პროპაგანდისტები, ისინი ისედაც რეპუტაციულ ჭაობში არიან ჩანთქმული, „ფორმულაში“ კი წესიერი, გაბედული და საქართველოს პატრიოტი ხალხი მუშაობს. რეპუტაციული სამიზნეც ახლა სწორედ ეს ადამიანებია და არა იმდენად კეზერაშვილი.

მიზანი „ფორმულას“ დადუმებაა, რაკი პატიოსანი პასუხს თავის ქმედებებზე და შრომაზე აგებს და არა სხვის ცოდვებზე. ახლა ჩვენ სცილასა და ქარიბდას შორის ვართ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, თუ არ გინდათ, რომ ტელევიზიას გაეცალონ პროფესიონალები და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები, ბ-ნი კეზერაშვილი თავად უნდა გაერიდოს როგორც ქართულ პოლიტიკას, ასევე ამ ტელევიზიას, რადგან სხვანაირად „ფორმულა“ იქამდე დაიცლება, ვიდრე ივანიშვილი მოასწრებს მის დახურვას. ბევრჯერ მსმენია, როგორ უჭირთ დასავლელ დონორებს ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების მხარდაჭერა მათი პარტიული აფილაციების გამო. და ეს პრობლემაა. მაგრამ ამავდროულად შანსიც, თუკი პოლიტიკის ძველი და ობსესიური პარტიული ბობილები დაეხსნებიან ჟურნალისტებს. მოვუწოდებ ბ-ნ კეზერაშვილს გადასცეს თავისი აქტივები „ფორმულას“ ჟურნალისტებს – მართალია, ფული მან ჩადო „ფორმულაში“, მაგრამ ტელევიზია შექმნეს პროფესიონალმა ჟურნალისტებმა და ამათ გარეშე „ფორმულა“ იქნებოდა რომელიმე მდარე ხარისხსის Post-tv. „ფორმულა“ მისი ჟურნალისტების რეპუტაციაზე დგას და არა ვინმე სხვაზე. თავისუფლება არ ასუსტებს, პირიქით, გვაძლიერებს“, – წერს ლაშა ბუღაძე.