“პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს”- ვოლსკი

62
spot_img

პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს, რომლებიც აქვთ ლევან ხაბეიშვილს და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ მთავრობამ სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობა ხელოვნურად გააჭიანურა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოპერატიულად მისცა მას თანხმობა და ამას მოწმობს დოკუმენტები.

„ყველამ ვიხილეთ დასტური იმისა, რომ მთავრობას არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო სტრასბურგში გამგზავრება. არსებობს დოკუმენტაცია და გამოქვეყნებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საკითხი, რომელიც მე პირადად მგონია, რომ საგანგებოდ არის მნიშვნელოვანი, ეხება პრეზიდენტის დამოკიდებულებას თავის ქვეყნის მიმართ. იგი სულ ახლახან იყო პარლამენტში და აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით. იგი ვალდებულია, ნებისმიერ თემასთან მიმართებით გაიაროს წინასწარი კონსულტაციები მთავრობასთან, ჩამოაყალიბოს პოზიცია და თუკი რაიმე ფორუმზე მისი დასწრება არის აუცილებელი, სავალდებულო, საჭირო, რასაკვირველია, მთავრობაც არ უნდა იყოს წინააღმდეგი და ამ შემთხვევაში, მთავრობამ დაშვება გააკეთა, მაგრამ მე ვფიქრობ, არ გაითვალისწინა ის პოზიცია, რომელიც მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ შეიძლება გაჟღერებული ყოფილიყო სტრასბურგის ტრიბუნიდან, რომელიც აბსოლუტურად სიცრუეზეა აგებული და ეხება საქართველოს საგარეო კურსს, რომ თითქოსდა ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესს არათუ დღეს გადაუხვია, არამედ არასდროს ჰქონია გათვალისწინებული და მუდმივად არღვევდა კონსტიტუციის იმ მოთხოვნას, რომელიც თვითონ “ქართული ოცნების” ინიციატივით იქნა შეტანილი მასში. ეს რეალობა არსებობს და ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერი პრეტენზია განხილული უნდა იყოს ტექნიკური მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობა არანაირად არ არის დამნაშავე და უნდა იყოს განხილული შინაარსობრივადაც. სტრასბურგის ტრიბუნა პრეზიდენტისთვის, რომელიც არ ათანხმებს პოზიციას ხელისუფლებასთან, არ აქვს მიზნად დასახული, რომ ქვეყანაში შეიქმნას სწორი ბალანსი პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ თვითონ მოქმედებდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არათუ მხოლოდ დამაბალანსებელი, არამედ ადამიანი, რომელიც დეპოლარიზაციას დაუპირისპირდება და არა პოლარიზაციისთვის შექმნის წინაპირობებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მსჯელობა მხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე არ უნდა იყოს და ამასაც საგანგებოდ უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორც საზოგადოებაში ასევე საინფორმაციო სივრცეში.
ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვითონ გააკეთებს განცხადებას, ახალ მიზეზს მოიგონებს იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ ეცადოს დისკრედიტაცია მოახდინოს ხელისუფლების, რასაც ბოლო პერიოდში ინტენსიურად აკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ამასთან ერთად, ჩვენ ყველამ, როგორ პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიდგეთ, ობიექტურად უნდა შევაფასოთ ვითარება. პირველი – საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არც ადრე და, მით უმეტეს, არც ახლა არ შეუცვლია, მეორე – პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, უსაფუძვლო ინფორმაციას, რის მომსწრენიც პარლამენტში გავხდით და მესამე – როცა პრეზიდენტი მიემგზავრება საერთაშორისო ფორუმზე, ამ ფორუმზე მისი წარმომადგენლობა არის სიმბოლური, მაგრამ ამ სიმბოლიზმს თან უნდა ახლდეს პოზიტივი, იგი უნდა იღწვოდეს თავის ქვეყნისთვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.