“არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს”- ლევან ბერძენიშვილი კეზერაშვილზე

174
spot_img

არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც BBC-ის რეპორტაჟში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება.

როგორც ბერძენიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ის დავით კეზერაშვილის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არ მიაჩნია სწორად, როცა სასამართლოს განაჩენამდე ადამიანს დამნაშავეს უწოდებენ.

„საქმე არის ასე, რომ არის ვარაუდები, რომლებიც ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ არ არის სასამართლოს დადგენილება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ისე იცავს კეზერაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამ ვითარებაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი – არ დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად შევიკავებდი თავს კეზერაშვილის შეფასებისგან“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მილიონერი არ უნდა მართავდეს ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, თუ რა გზით აქვს ფული ნაშოვნი.

„მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავენ პოლიტიკოსები და არა მილიარდერები და მილიონერები. ეს ყველას ეხება, კარგ, კეთილ მილიონერს, კარგად ვინც იშოვა, ცუდად ვინც იშოვა, თუ გინდა, ფეხბურთელი კალაძე იყოს, მე არ მინდა მილიონერი პოლიტიკაში და ანტიოლიგარქიული კანონი ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ფულიანი ხალხი პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.