რაც უფრო ადრე მოხდება ალცჰაიმერის დაავადების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, მით უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს ამის ადვილი და საიმედო მეთოდი. თუმცა, ახალი კვლევის წყალობით, ეს დაავადება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე შეიძლება დაფიქსირდეს სისხლის მარტივ ტესტში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ახალი მოდელი სწორია.
მკვლევრებმა სისხლში შაქრის მოლეკულა დაუკავშირეს ამილიოდ ბეტას და ტაუ-ცილების არანორმალურ დაგროვებას, რაც ალცჰაიმერისთვის არის დამახასიათებელი. ეს ცილები თავის ტვინში გროვდება და ნეირონებს კლავენ.
ამ კონკრეტული მოლეკულის, შუაზე გაყოფილი N-აცეტილგლუკოზამინის შემჩნევის შედეგად, მეცნიერებს შეიძლება მიეცეთ ალცჰაიმერის მაღალი რისკის ამოცნობის კარგი გზა. ამ მოლეკულას გლიკანი ჰქვია, ცილების ზედაპირზეა მოთავსებული და გავლენას ახდენენ მათ მუშაობაზე.
„შაქრის მოლეკულებისგან აგებული სტრუქტურების, გლიკანების როლი შედარებით შეუსწავლელი სფეროა დემენციის კვლევებში. ჩვენს კვლევაში ვაჩვენეთ, რომ სისხლში გლიკანების დონე დაავადების განვითარებისას ადრეულ ეტაპზევე იცვლება“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის ნევროლოგი რობინ ჟიუ ჟუ.
მკვლევრებმა შეისწავლეს 233 ადამიანის მონაცემები; ეს ადამიანები მონაწილეობდნენ დაბერებისა და მოვლის შვედეთის ეროვნულ კვლევაში. პირველი მონაცემები 2001-2004 წლებშია შეგროვებული, შემდეგი დაკვირვებები კი 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეთა ასაკის მიხედვით, დადგენილი ინტერვალებით.
როგორც მონაცემებმა აჩვენე, ინდივიდებს, რომლებსაც სისხლში გლიკანებისა და ტაუ-ცილების შესაბამისი დონე ჰქონდათ, ორჯერ მაღალი ჰქონდათ ალცჰეიმერის ტიპის დემენციის განვითარების რისკი. ასეთი კავშირი მანამდეც იყო შემჩნეული ხერხემლის ცერებროსპინალურ სითხეში, მაგრამ სისხლის ტესტები გაცილებით ადვილად ჩასატარებელია.
თუკი ეს დასკვნები საბოლოოდ ალცჰაიმერის სკრინინგ-ტესტად იქცა, მკვლევრებს სხვა კრიტერიუმების დამატებაც სურთ, მაგალითად, APOE4 გენის ძებნა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკთან.
„ასევე ვაჩვენეთ, რომ მარტივი სტატისტიკური მოდელი, რომელიც მხედველობაში იღებს სისხლში გლიკანების და ტაუ-ცილების დონეს, რისკის გენი APOE4 და მეხსიერების ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ ალცჰაიმერის დაავადების 80-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებისთვის, პირველი სიმპტომების, მაგალითად, მეხსიერების დაკარგვის განვითარებამდე თითქმის ათი წლით ადრე“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოქიმიკოსი სოფია შედინ ვაისი.
უცნობია, რატომ აჩვენებენ გლიკანის მოლეკულები ალცჰაიმერის ნიშნებს ტვინის დაზიანების დაწყებამდე, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც სამომავლო კვლევებმა უნდა შეისწავლოს უფრო ღრმად.
მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერისგან განკურნების ან მისი ეფექტების უკუქცევის საშუალება ჯერ არ გვაქვს, არსებობს მისი სიმპტომების მართვის გზები; ასეთმა აღმოჩენებმა კი შეიძლება უფრო ახლოს მიგვიყვანოს იმის გაგებასთან, რატომ ჩნდება ალცჰაიმერი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.
საბოლოოდ კი ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მარტივი ტესტების მცირე სერიით, ძლიერ ზუსტად მოხდეს ალცჰაიმერის რისკის პროგნოზირება. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მკვლევრები ამჟამად პირველადი ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობენ.
კვლევა Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ki.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო