მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

113
spot_img

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესზე ბრალდებულმა სიტყვის თქმის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გაითვალისწინა და თორნიკე გამხვეტელაშვილი დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე გამხვეტელაშვილი ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.