ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიში გადასცა

57
spot_img

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.

პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება.

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.

ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.