Home Blog Page 2122

“გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას” – მეუფე შიო

ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელით დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას.

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია წმინდა ანდრია მოციქული, ვინაიდან იგი გახლავთ პირველი განმანათლებელი ჩვენი ერისა. მან იქადაგა სახარება საქართველოში და ჩვენს მიწა-წყალზე ქრისტეს ნათელი მოიტანა. მას ეწოდება პირველწოდებული, ვინაიდან იგი პირველი იყო, ვინც დაემოწაფა იესო ქრისტეს. ის ეძებდა მესიას და მაცხოვარს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის დამოძღვრის და მითითების შემდეგ მან პოვა მესია უფალ იესო ქრისტეში.

აი, დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ, რომ უფალი იესო ქრისტე ეტყვის ებრაელებს ასეთ სიტყვებს: „თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენივე ცოდვებში მოწყდებით (ანუ მოკვდებით) თქვენივე ცოდვებში”. ამაზე ებრაელებმა ჰკითხეს: „და შენ ვინ ხარ?“ და თუ ვინ არის იესო ქრისტე, ამას ამბობს წმინდა ანდრია პირველწოდებული, როდესაც იგი მიდის თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან, იმისთვის, რომ უამბოს ქრისტესთან შეხვედრის შესახებ. იგი ახარებს თავის ძმას და შესძახებს, „ჩვენ ვპოვეთ მესია!”

აი, რა კმაყოფილებას ვხედავთ ჩვენ ამ სიტყვებში, როგორ ნუგეშს, ასევე იმედს! ეს არის იმედი ახალი ცხოვრებისა, საღვთო სიმართლით აღსავსე ახალი ცხოვრების იმედია, რაც წარმოთქვა წმინდა ანდრია მოციქულმა და ეს სიტყვები განეკუთვნება ყოველ ჩვენგანს, ყველა ადამიანს, ვინც თავის ცხოვრებაში ეძიებს სიკეთეს, სიყვარულს, სიმართლეს, ნდობას, რამეთუ ეს ყველაფერი განკაცებულმა ძე ღმერთმა დედამიწაზე მოიტანა.

დღეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერის წილხვდომილობის დღესასწაული და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ასრულდება თუ არა მისი სასიხარულო სიტყვები, „წყალობა უფლისა მოშიშთა მისთა ზედა ნათესავითი ნათესავადმდე“. ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობაა უფლის მოშიშებზე თაობიდან თაობამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამის პასუხი არის დღევანდელი ჩვენი საზეიმო ღვთისმსახურება, ეს შესანიშნავი და დიდებული ტაძარი, რომელიც მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. პასუხი ამაზე არის ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 45-წლიანი საპატრიარქო და სამოციქულო მოღვაწეობა. ჩვენ დღეს ნამდვილად შეიძლება წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად ვთქვათ: „ჩვენ ვპოვეთ მესია“.

ამას თითქოს ეხმიანება ასევე დღევანდელ სახარებაში წაკითხული ნათანაილის სიტყვები: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!“

მრავალი ჩვენგანი დღეს ეზიარა და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი. ასევე ეს არის პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დაუსვა თავის პირველ მოწაფეებს, რომელთა შორისაც ანდრია იყო, როდესაც ისინი პირველად მივიდნენ მასთან, უფალმა ჰკითხა: „რას ეძიებთ?” ხომ გახსოვთ, რა უპასუხეს მოციქულებმა? ესეც დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, მოციქულებმა კითხვაზე კითხვით უპასუხეს: „რაბი, სად იმყოფი?“ ე.ი. მოძღვარო, სად ცხოვრობ? უფალმა უპასუხა: „მოდით და ნახეთ“. მართლაც, ისინი მიდიან, სადაც მკვიდრობდა მაცხოვარი და იმ დღეს მასთან ერთად დარჩნენ.

აი, დღეს ჩვენ ვდგავართ უფლის სახლში, ტაძარში შეკრებილნი, მლოცველნი და ჩვენც გვეკითხება უფალი იესო ქრისტე: „რას ეძიებთ, რას ეძებთ?!“ ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები.

როგორც იცით, ეკლესიაში ჩვენ ყველანი ერთ მთლიანობაში ვერთიანდებით ქრისტეს სხეულში როგორც აქ დამსწრენი, ასევე არ დამსწრენიც, როგორც ცოცხლები, ასევე მიცვალებულები, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან ყველა ცოცხალია მისთვის“.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და უფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ლოცვით დაიცვას, გაამთლიანოს, გადაარჩინოს, სრულიად საქართველო, ამინ!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს საპატრიარქო სიგელებით ყველა ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში, ასევე საზოგადოებას „ივერიისა“ – ამავე პიროვნებებს ასაჩუქრებს და აჯილდოებს ჯვრებით.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თბილისში მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბატონი ომარ ნაფეტვარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ბატონი გიორგი ჯაფარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ბატონი შოთა ბერეკაშვილი.

ბატონი ლევან კურტანიძე.

ბატონი ზურაბ ოყროშიძე.

ბატონი გურამ გერაძე.

ბატონი ნუგზარ მებურიშვილი.

ბატონი შაკვა ვაჩეიშვილი.

ბატონი თამაზ დვალიშვილი.

ქალბატონი თინათინ ჯაფარიძე.

ბატონი გიორგი მერაბიშვილი.

ბატონი გიორგი მაისურაძე.

ბატონი დავით მაჭავარიანი.

ბატონი კახაბერ კვიტაშვილი.

ბატონი ზაურ ჯოხაძე.

ბატონი ნიკოლოზ იაგორაშვილი.

ბატონი გიორგი მერიაშვილი.

ბატონი მურმან მამნიტიშვილი.

ბატონი გოჩა ძნელაძე.

ბატონი ოლეგ გელაშვილი.

ბატონი პაატა გელაშვილი.

ბატონი ირაკლი ქვარაია.

ბატონი თამაზ თავაძე.

ქალბატონი ვერა სუზიაშვილი.

ბატონი სოლომონ ჩხაიძე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

“მთავრობის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა სანქციები არ დაეკისროს ჩვენს ავიაკომპანიებს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ნიშნავს, რომ მას მოსწონს საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

მისივე თქმით, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

„რუსეთის გადაწყვეტილება იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის შეფასება. რუსეთმა თქვა, რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა მომწონსო. ეს ცუდია, მიუთითებს, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით ვვითარდებით. არ ვიცი, როგორ მოხდება ამის პრაქტიკაში რეალიზაცია. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა სანქციები არ დაეკისროს არც ჩვენს ავიაკომპანიებს და არც აეროპორტს, არც სანქცირებული კომპანიების ფრენა დაუშვას. ამ ყველაფერს არაფერი განსაკუთრებული ეფექტი არ ექნება. ფრენები ფაქტობრივად ისედაც გვქონდა ერევნის გავლით და დიდად ბევრი მსურველი არ იყო ამ პირობებში რუსეთში ჩასვლის. პოლიტიკური ზარალი კი შეიძლება, ძალიან დიდი იყოს. ჯობია, საერთოდ არ აღდგეს ფრენები, ვიდრე აღმოჩნდეს, რომ ჩვენი კომპანიები სანქციებს დაექვემდებაროს. ყურადღება მაქსიმალური უნდა იყოს. მთავრობამ საშიში თამაში დაიწყო და რისკები ჩნდება. შეიძლება, გავძვრეთ ისე, რომ სანქციებს არ დაექვემდებაროს ჩვენი კომპანიები, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

“სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე” – რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე:

„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურანლოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსს ხელმძღვანელობს, რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.

ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ რუსეთი არჩევნებში გაყალბებული ვიდეოებისა და მასალების შეთხზვით ერევა.

„თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან. ჩვენ კვლავ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრე ვართ”, – აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან”.

გუშინ, თურქეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სექსუალური ხასიათის ყალბი კადრები დაასახელა.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

“მეორე ტური ერდოღანის დამარცხებას ნიშნავს” – რას ფიქრობენ ექსპერტები თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 

14 მაისს, თურქეთის მოქალაქეები პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს ირჩევენ, რომელიც 5 წლის განმავლობაში  მართავს ქვეყანას.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თავიდან 4 კანდიდატი იღებდა. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს სამი ოპოზიციური კანდიდატი უპირისპირდებოდა. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მუჰარემ ინჯემ,  კანდიდატურა მოხსნა.

მიმდინარე წელს სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვებით, საპრეზიდენტო კანდიდატებში ოპოზიციის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და მოქმედი პრეზიდენტი მონაცვლეობით ლიდერობენ.

როგორ შეიძლება დასრულდეს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები? ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტიკურ მიმომხილველს სიმონ კილაძეს ესაუბრა.

– რა მნიშვნელობისაა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის?

– ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონისთვის, ასევე ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც, რუსეთისთვისაც, უკრაინისთვისაც და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც. ეს ეჭვგარეშეა. ჩვენ თურქეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. თურქეთის გეოგრაფიული/გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეს არჩევნები საბედისწეროა ქვეყნისათვის – გადაწყდება, ვინ იქნება მომავალში ხელმძღვანელი: ძველი დარჩება და ტრადიციული პოლიტიკა გაგრძელდება თუ ახალი მოვა და ცვლილებებს განახორციელებს.

– როგორ შეიძლება დასრულდეს  არჩევნები? რა მოლოდინები გაქვთ?

– თურქეთში ისეთი მდგომარეობა აღარ არის, როგორიც წინა არჩევნების დროს იყო, როცა ერდოღანს  გამარჯვება „ჯიბეში ედო“. დრო შეიცვალა. თურქეთში ეკონომიკური კრიზისია, ეს მიწისძვრამ უფრო გააღრმავა.  შესაბამისად, ამომრჩევლებს გაუძვირდათ პროდუქტები, ცხოვრება და უკმაყოფილოები არიან ამით. ოპოზიციამაც „თავი წამოყო“ და ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ოპოზიცია გრძნობს კრიზისს, უკმაყოფილებას და ეს სათავისოდ გამოიყენა, გაერთიანდა, შექმნა საერთო პლატფორმა 6 პარტიის შემდგენლობით. მათი კანდიდატი კი ქემალ ქილიჩდაროღლუა.

– რა შანსები აქვს ქემალ ქილიჩდაროღლუს?

– ის დასავლური მიმართულების ლიდერია. აქედან გამომდინარე, ქილიჩდაროღლუ გამარჯვების შემთხვევაში პროდასავლურ კურსს გაატარებს. იგი აცხადებს, რომ ურთიერთობას ამერიკასთანაც დაალაგებს და ევროკავშირთანაც, ქურთებსაც მიიმხრობს. ქილიჩდაროღლუმ შეიძლება მეტი ხმები მიიღოს თურქეთის მეგაპოლისებში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირში… აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მას ფართო ელექტორატი ჰყავს. უკანასკნელი გამოკითხვები მოწმობს რომ კვალდაკვალ მისდევს ერდოღანს და ზოგ შემთხვევაში რეიტინგით უსწრებს კიდეც.

თურქი და დასავლელი ექსპერტები, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო კამპანიას, აცხადებენ, რომ ერდოღანს ძალიან გაუჭირდება პირველ ტურში გამარჯვება.

ერთ-ერთმა შედარებით „ნაკლებადპოპულარულმა“ ოპოზიციურმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ქილიჩდაროღლუს სასარგებლოდ. ამან გარკვეულად დაამძიმა სიტუაცია ერდოღანისათვის, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არის იმის ვარაუდი და შესაძლებლობა, რომ ერდოღანმა მცირე უპირატესობით მოიგოს არჩევნები.

– რა უპირატესობით შეიძლება გაიმარჯვოს ერდოღანმა? როგორ?

– ერდოღანის ხელშია ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ყოველთვის შველის მოქმედ პრეზიდენტს ხელმეორედ არჩევაში. ერდოღანის ხელში არმია. ისინი ყოველთვის გამოდიოდნენ თურქეთის ისტორიაში წესრიგის დამცველად. როგორც კი რომელიმე მთავრობა კურსს შეიცვლიდა, არმია გამოდიოდა და მოხდებოდა გადატრიალება. თურქეთის არმია ყოველთვის პროდასავლური კურსის დამცველი და განმხორციელებელი იყო. ერდოღანი აბსოლუტურად პროდასავლური ლიდერი არ არის, ხშირად ჯიუტობს, დავები აქვს ამერიკასთან და ნატოსთანაც. ამიტომ ის დასავლეთისთვის დიდად სასურველი  ლიდერი არაა. შესაბამისად ერდოღანს დასავლეთის მხარდაჭერა დიდად არ აქვს. არმია კი, რომელიც პროდასავლურ კურსს ატარებდა,  ცუდ დღეში ჩააგდო, პროდასავლური გენერლები მოიცილა და დიდი წმენდა განახორციელა. ამიტომაც არმია იქნება მისი ძირითადი დასაყრდენი, ასევე პოლიცია, სასამართლო, დაზვერვა და უსაფრთხოებაც.  ეს ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსია და ამით შესაძლოა პირველ ტურში ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვოს.

– შეიძლება თუ არა არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს?

– დიახ, არის შესაძლებელიც, რომ მეორე ტური ჩატარდეს. როცა ვსაუბრობთ პირველ ტურში მცირე უპირატესობით გამარჯვებაზე, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს მტკიცე პროგნოზი არ არის. შესაძლოა ვერ მოაგროვოს ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%. აი, მეორე ტური უკვე ერდოღანის დამარცხებას ნიშნავს. თურქი ხალხი დაინახავს, რომ ერდოღანი უძლეველი არ ყოფილა და გააქტიურდებიან. მეორე ტურში ერდოღანის გამარჯვება უკვე ძნელი იქნება და შესაძლოა თამაშგარე აღმოჩნდეს.

– 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც ტარდება, აქ რა შანსები აქვს მმართველ პარტიას?

– თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ვერ გაიმარჯვა, შეიძლება მმართველმა პარტიამ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს და პარლამენტში საკმაოდ ბევრი დეპუტატი გაიყვანოს. ამიტომ ერდოღანი პოლიტიკაში მაინც დარჩება. ის ასე უცებ პოლიტიკიდან არ წავა. გამოიყენებს პოლიტიკოსის სტატუსს და თავისი პარტიის ლიდერად გააგრძელებს საქმიანობას. ქილიჩდაროღლუს ამ მხრივ „ტკბილი ცხოვრება“ არ ელოდება, რადგან კრიტიკოსად ეყოლება ისეთი ადამიანი, რომელიც 20 წელია თურქეთსა და რეგიონს „აზანზარებს“.

– ქემალ ქილიჩდაროღლუ გამარჯვების შემთხვევაში როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მიმართ?

– ის ხშირად არ ჩანდა პოლიტიკაში. ფართო პოპულარობა არ ჰქონდა მასმედიაში და არსად არაფერი არ უთქვამს საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, შეიძლება რაღაც მცირე ცვლილება შეიტანოს, მაგრამ ძირითადად ისეთ ურთიერთობას შეინარჩუნებს, როგორიც დღესაა – კეთილმეზობლურს, მეგობრულს, გააგრძელებს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას.

– შეიცვლება თუ არა მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან თურქეთის ურთიერთობა?

-ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა თითქმის ისეთივე დარჩება და იგივე კურსი გატარდება, როგორიც დღეს – თურქეთს ამ კრიზისულ პერიოდში ძალიან სჭირდება რუსი ტურისტები. მილიონობით რუსი ჩადიოდა და დიდი შემოსავალი ჰქონდა. რუსეთი ასევე ეხმარება თურქეთს ატომური ენერგეტიკის განვითარებაში. მოკლედ, ვლადიმერ პუტინის სურვილი, ალბათ, ისაა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იყოს.

ქემალ ქილიჩდაროღლუს თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ურთიერთობას სირიასთან და რეგიონის ქვეყნებთან აუცილებლად მოაგვარებს. სირიელ ლტოლვილებს უკან დააბრუნებს. მისი განცხადებით, ნატოს წევრებთან ურთიერთობას გააუმჯობესებს, განსაკუთრებით აშშ-სთან.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ “ჯორჯიან თაიმსთან” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ერდოღანს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

“მიუხედავად ერდოღანის მიმართ არსებული ძლიერი კრიტიკისა და მისი ოპონენტის ძლიერი მხარეებისა, ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მგონია, რომ ერდოღანის მიერ უკანასკნელ წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ამის საფუძველი შექმნა. მეორე ტური იქნება, თუ პირველი, ვფიქრობ, ერდოღანი მაინც გაიმარჯვებს. ვნახოთ ტექნიკურად როგორ წარიმართება ეს პროცესები,”- განაცხადა ჩვენთან საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა.

/ ნინო ოთარაშვილი /

“ლევან ბერძენიშვილს თამამად შეგვიძლია მივანიჭოთ პიტალო აზროვნების მაგისტრის წოდება”- ზურაბ ქადაგიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას ეხმაურება, სადაც ის ხევსურებს კანიბალებად მოიხსენიებს.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ლევან ბერძენიშვილი ტროლი – პიტალო აზროვნების ადამიანია.

„არანაირი კონტექსტი, კრიტიკა და ბარიერი საკუთარი შეხედულებების მიმართ. მხოლოდ იმპერატიული ტონი და აბსოლუტური ჭეშმარიტების დემონსტრირების მცდელობა. ლევან ბერძენიშვილს თამამად შეგვიძლია მივანიჭოთ – პიტალო აზროვნების მაგისტრის წოდება!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა – 32%-ია” – სოსო არჩვაძე

საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა – 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის – 8%, ჩინეთის – 22%, ხოლო აშშ-სა – 2%, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რომის იმპერიის დროს აშენებული კოლიზეუმი თანამედროვე იტალიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და ტურისტული მიზიდულობის ობიექტია; რომის საღვთო იმპერიისა და ინკვიზიციის პერიოდში ლეონარდო და ვინჩის შექმნილი „ჯოკონდა“ დღემდე გულგრილად არ ტოვებს მილიონობით მნახველს; ბაგრატოვანთა თითქმის ათასწლოვანი მეფობის პერიოდში აგებული სვეტიცხოველი ისევე ამაყად გადმოსცქერის ბებერ მცხეთას და სრულიად საქართველოს, როგორც საუკუნეების წინ… ასეთი შედარებების განხორციელება უსასრულოდ შეიძლება და მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მარადიულობისკენ სწრაფვაზე ფასეულობებს გაცილებით მეტი პრეტენზია და პოტენციალი აქვთ, ვიდრე ამა თუ იმ ოფიციალურ სტრუქტურებს, თვით სახელმწიფოებისა და მით უფრო – ამ უკანასკნელთა ფორმებსა და გაერთიანებებს. – ფასეულობები ყოველთვის პირველადია, ხოლო სტრუქტურები – კი მეორადი და შესაბამისად, ერის, ეთნოსის ინტერესების გამომხატველი სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის სწრაფვა, ორიენტაცია როგორც წესი, ფასეულობებზეა და მხოლოდ ამის შემდეგ – ამ ფასეულობების უზრუნველმყოფ და დამცავ სტრუქტურებზე.

აღნიშნული პოსტულატის მოტანის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩვენთან და საქართველოს საზღვარგარეთელი მეგობარი („მეგობარი“ – ბრჭყალებში თუ უბრჭყალებოდ – თავად მკითხველმა განსაზღვროს…), საქართველოს აკრიტიკებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო. არადა, საქართველოს შეუდარებლად დაბალი მაჩვენებლები აქვს რუსეთთან ვაჭრობაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თურქეთს და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს – როგორც მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, ისე ამ ქვეყნების თუ სახელმწიფოთა გაერთიანების ეკონომიკის მასშტაბებთან შედარებით. მაგალითად, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში გაიზარდა 4.7-ჯერ უფრო დაბალი ტემპით (+6.8%) ჩვენი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის ზრდის ტემპთან (+31.8%) შედარებით, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში ლარი აშშ დოლართან გამყარდა 9.5 პუნქტით, ფიზიკურ მოცულობაში საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც 3.3 პროცენტით!

რუსეთისათვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების პირობებში, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური კავშირები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით (- 2022 წლის მიხედვით), ჯერადად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვა – დაახლოებით 2.1-ჯერ, ხოლო შეძენილი გაზის საფასური – 3.7-ჯერ. ევროკავშირი კი არა, გაზის ტრანზიტის საფასურად თვით რუსეთთან საომარ ვითარებაში მყოფმა უკრაინამ აგრესორი ქვეყნისაგან 2022 წელს 5-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე საქართველომ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტისათვის (შესაბამისად, 570 მლნ. აშშ დოლარი და 112 მლნ. აშშ დოლარი).
ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ის მიმართულებითაც. – ამ ქვეყანასაც, ისევე როგორც საქართველოს, რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. მაგრამ აშშ-საც რომ რუსეთთან ვაჭრობაში თავიანთი ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საქართველოსნაირი მაინც ჰქონოდათ, მათი იმპორტი რუსეთისაგან ფაქტობრივთან შედარებით თითქმის 10.0 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლები იქნებოდა (- არაუმეტეს 4.8 მლრდ. აშშ დოლარი, ნაცვლად ფაქტობრივი 14.5 მლრდ. აშშ დოლარისა).

„რუსული მხრიდანაც“ რომ შევხედოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს, დავინახავთ, რომ საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა – 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის – 8%, ჩინეთის – 22%, ხოლო აშშ-სა – 2%.

ყოველი ქვეყანა და მისი ხელისუფლება მოქმედებს თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და რაიმე გასაოცარი ან ალოგიკური ზემოთ მოტანილ რიცხვებში არ არის. სამწუხარო და გასაკიცხი კი მხოლოდ ის არის, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის საქართველოს ის პირები და მათ უკან მდგარი სტრუქტურები აქილიკებენ და შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, რომელთაც რუსეთთან საქართველოსთან შეუდარებლად მასშტაბური და ინტენსიური აღებ-მიცემობა აქვთ გაჩაღებული.

საქართველო და მისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოქმედებს თავის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად და მოწოდებანი ამ გზიდან გადახვევისაკენ სულ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრებისა და კეთილისმსურველთა სახეს და შინაგან ბუნებას.

ქრისტიანობამდელი, წარმართული პერიოდის ხატოვანი ნათქვამია: „ის რაც მიეტევება იუპიტერს, არ მიეტევება ხარს“.
წარმართობა, ქრისტიანობის სასარგებლოდ, ქართველმა ერმა თითქმის ამ ორი ათასი წლის წინ უარყო. ამიტომ ჩვენთვის უფრო ახლობელი და გასაგები მაცხოვრის ნათქვამია: “ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა” (იოანე, 8:7)“, – წერს არჩვაძე.

ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში – ვლადიმერ ბოჟაძე

„რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სერიოზული გამოხმაურება მოყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რადიკალური ოპოზიციის, მათი მართვადი მედიის და ენჯეობის მხრიდან, თუმცა როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს 2010 ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად, ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა ხმა არავის ამოუღია, ანუ სააკაშვილის ღალატზე ყველა ჩუმად იყო და პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ პასუხს?“, – წერს სოციალურ ქსელში  თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო (275 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა ანუ ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 365 დღის/1 წლის განმავლობაში!

„2019 წელს რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების გაუქმებას გმობდნენ, პუტინს მოუწოდებდნენ აღედინა ფრენები და როცა რუსეთის მიერ დაწესებული სანქცია 4 წლის მერე თავად რუსეთმა გააუქმა, ახლა ფრენების აღდგენას გმობენ და „ქართულ ოცნებას“ გვსაყვედურობენ? ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო (275 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა ანუ ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 365 დღის/1 წლის განმავლობაში! ამერიკაც აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბრუნვა 16.2 მილიარდი დოლარია და ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გახდა პრობლემა? ჩვენი 0.3% „აძლიერებს“ რუსეთს და ევროკავშირის 32% ან ამერიკის 2% „ასუსტებს“? საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არასდროს ყოფილა ჩვენი სახელმწიფო ასეთი ეროვნული, სუვერენული და დამოუკიდებელი, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“-ო ილიასეული ფრაზა სწორედ ახლა ხდება რეალური და ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენი გარე და შიგა მტრების ჯინაზე!“ – წერს  ბოჟაძე.

“ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს” – გია ვოლსკი

ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს – არ შეიძლება უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარი თავისთვის ზიანს მოიტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ განიხილოს რაიმე ზომების მიღება.

ვოლსკი აცხადებს, რომ დასაშვებია მოსაზრება, რომ რუსეთმა ვიზების გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებით მიიღო, რომელიც „დასავლეთთან ჭიდილში“ გამოიხატება, თუმცა, სანქციის დაწესება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, თვითდაზიანება იქნება.

„საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით ჭკუა მომეკითხება, ბოლოს და ბოლოს პირველი საელჩო მაქვს გახსნილი ვაშინგტონში. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის ინტერესებით არ მოქმედებს. რუსეთის მიერ ამ პოზიტივის დემონსტრირება მნიშვნელოვანწილად შესაძლოა და უნდა დაუშვათ თავიდანვე, რომ მის ინტერესებს ემსახურება და მისი ინტერესი, ჭიდილი ევროკავშირთან, დასავლურ სტრუქტურებთან არის მუდმივი, სულ იქნება. აქედან გამომდინარე საწყენი არავისთვის არის ის კამათი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის. ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება თუკი ჩვენ სარკისებურად გადმოვიტანთ წინადადებებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს – დავუწესოთ სანქცია. სანქციის დაწესება მას მერე, რაც რუსეთმა სანქცია მოგვიხსნა, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც საზოგადოება არ გაპატიებს და სწორადაც მოიქცევა. ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც, რადგან ევროკავშირს შესაძლოა ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს, გარკვეული მოსაზრებებია, ამასთან დაკავშირებით ეს მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით ჩვენს თანამემამულეებს მისცა შესაძლებლობა იმოძრაონ გაცილებით ნაკლები ხარჯით და ადამიანური უფლებების რეალიზება მოახდინონ, ეს იქნება უმართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ?!“ – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა ნანგრევები” – მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მხოლოდ ნანგრევები დარჩა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები. ამ ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა ამ დაჯგუფებებს შორის. არც ის იყო მოულოდნელი და უცნაური, რომ დასახელდა სხვა გვარებიც კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიღმა. ყველა ის პიროვნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა და ცუდად ასოცირდებოდა, ისინი არსად წასულან. ვიღაც ჩრდილიდან მართავს, ვიღაც გამომზეურებულია, მაგრამ ეს არის ზუსტად იგივე მოვლენა, რომელიც იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

პარლამენტის ყოფილ წევრებს პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აეკრძალებათ

პარლამენტის ყოფილ წევრებს პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აღარ ექნებათ, – ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომლის შეტანაც პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

მოქმედ რეგლამენტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვით, ყოფილ დეპუტატს პარლამენტის შენობაში შესვლა – მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში – დაუბრკოლებლად შეუძლია. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კანონიდან აღნიშნული ჩანაწერი ამოდის.

ამავე პროექტით გათვალისწინებულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა, რითაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი სარგებლობს. რეგლამენტში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს.

„აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გასამრჯელო ამჟამად იმ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს უთანაბრდება, რომელიც პარლამენტის თანამდებობის პირი არ არის, ხოლო რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად მისი ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს გაუთანაბრდება, რა შემთხვევაშიც სხვაობა 1 716 ლარს შეადგენს. ასევე, უმრავლესობის ლიდერი იმ გარანტიებით ისარგებლებს (სამუშაო ფართობი, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს. გარდა აღნიშნულისა, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს შექმნა გამოიწვევს ხარჯების ზრდას, რაც დამოკიდებული იქნება სამდივნოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, ასევე მათთვის საჭირო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღება მოქმედი უმრავლესობის ლიდერისათვის ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს, რადგან რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობის მოქმედი ლიდერი, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, აღნიშნული გარანტიებით ისედაც უზრუნველყოფილია.

შესაბამისად, დღეს მოქმედ თანამდებობებზე მყოფ პირებთან მიმართებით ფინანსური შედეგები უცვლელი რჩება და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას არ იწვევს“, – ვკითხულობთ რეგლამენტის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საპარლამენტო თანამდებობა არ არის.

რეგლამენტის პროექტის ავტორი და ინიციატორი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი და გრეტა წიწავა.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

რატომ არ უნდა ვენდოთ ჩინეთს უკრაინის საკითხში – რას წერს „ჰილი“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის ჯოზეფ ბოსკოს სტატიას სათაურით „რატომ არ უნდა ვენდოთ ჩინეთს უკრაინის საკითხში“. ავტორი აანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, მხარეთა მიზნებსა და ინტერესებს, ჩინეთის სამშვიდობო წინადადებებს და მიდის დასკვნამდე, რომ პეკინის ნაბიჯები სანდო არ არის, დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარება უნდა გააგრძელოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ თვეში სი ძინპინის დიპლომატიურმა გამბიტმა დამაიმედებელი ვარაუდების ტალღა გამოიწვია, რომ იგი ისარგებლებს ვლადიმერ პუტინზე თავისი მზარდი გავლენით და ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების დაწყებისათვის, რათა დასრულდეს ის ომი, რომელსაც თვითონ სი ძინპინი „უკრაინის კრიზისად“ თვლის, ვლადიმერ პუტინი კი ჰიგიენურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს (თუმცა უფრო ზუსტი იქნებოდა  მისი ასეთი სახელწოდება – „დანაშაულებრივი სპეციალური სამხედრო ოპერაცია“).

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იმედი გამოხატა – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის ნათქვამს თუ გავიმეორებთ – რომ ჩინეთი რუსეთ იარაღით არ დაეხმარება: „ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რაზედაც ჩვენ [პეკინს] დიდი ხანია ვაფრთხილებთ“.

საერთოდ, ჩინეთი დღეს საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იმყოფება: სი ძინპინს ბევრი მთხოვნელი ჰყავს, რომლებიც მის მწყალობელ ყურადღებას ელოდებიან – ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუთმენლად ელოდნენ სატელეფონო ზარს პეკინიდან და ცდილობდნენ შეხვედროდნენ თავიანთ თითქოსდა გაუცხოებულ ჩინელ კოლეგებს.

მაგრამ რამდენად შეიძლება დასავლეთს და უკრაინას ჩინეთის იმედი ჰქონდეს? სპეკულაციურია იმის მტკიცება, რომ თითქოსდა პეკინს განსაკუთრებული ბერკეტები აქვს ვლადიმერ პუტინზე ზეგავლენის მოსახდენად – იმიტომ, რომ თითქოსდა რუსეთისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთთის ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომ ეს ნამდვილად ასეა და ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს. კიდევ უფრო საეჭვო და ილუზორულია ის ვარაუდი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინისაგან უკრაინის ტერიტორიის დათმობა სურს.

ერთი შეხედვით, დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები შეურიგებელი ჩანს:

ა) ვლადიმერ პუტინის მიზანია თუ მთლიანად უკრაინის არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლი მაინც შეინარჩუნოს, ყირიმის ჩათვლით.

ბ) ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი მიზანი არაერთხელ განუცხადებია მოსკოვის გასაგონად – მას სურს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყოველი მეტრი მტრისაგან გათავისუფლდეს და უკრაინელ ხალხს დაუბრუნდეს. ამ პრობლემის მოლაპარაკებით მოგვარება იმას ნიშნავს, რომ რომელიმე მხარემ (ან ორივემ ერთად) უკან უნდა დაიხიოს და კომპრომისზე დათანხმდეს.

ძნელია იმის გამოცნობა, თუ  რა დათმობის იმედი აქვს პუტინისაგან ვოლოდიმირ ზელენსკის სი ძინპინის დახმარებით. სრულიად შესაძლებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავის მტრულად განწყობილ კოლეგას ისეთი დაზავება შესთავაზოს, რომლითაც ვლადიმერ პუტინს სახე შეუნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს კონტროლქვეშ დარჩება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის რაღაც ნაწილი, თუმცა ამ დროს ყირიმი არ იგულისხმება, რომელიც, ორივე მხარის აზრით, „განხილვას არ ექვემდებარება“.

გამორიცხული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა ვარიანტზეც ფიქრობს: იმის ნაცვლად, რომ რთული მოლაპარაკება გამართოს „ხალხის დაუკითხავად“, იგი, ალბათ, მზად იქნებოდა იმაზე დათანხმებისთვის, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი უკრაინის რუსულენოვანი ოლქების სამომავლო სტატუსის შესახებ, მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, კერძოდ – დონბასში და ყირიმში, მაგრამ არა ისეთი მცდარი შარადული სახით, როგორიც პუტინმა 2022 წელს განახორციელა.

თუ გავითვალისწინებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინელებმა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრება მოისურვონ, ანუ ხმას რუსეთის წინააღმდეგ მისცემენ და ზელენსკიმ შეიძლება მშვიდობიანად რეფერენდუმით მართლაც დაიბრუნოს ტერიტორიები.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა სი ძინპინის შუამავლობას დათანხმდეს, ისაა, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარმატებაში. ალბათ, ზელენსკი ფიქრობს, რომ ჩინეთის ლიდერი დააჯერებს პუტინს გარდაუვალ და დამამცირებელ დამარცხებაში და ურჩევს, რომ იმიჯის გადასარჩენად დათმობებზე წავიდეს.

ამ ჰიპოთეზის მეორე მხარეც საყურადღებოა: ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება შეშინდეს კონტრშეტევის ჩაშლის გარკვეული შესაძლებლობის გამო – დასავლეთი უკრაინას  შორი მოქმედების იარაღს და ავიაციას არ აძლევს და რასაც აძლევს (მძიმე ტექნიკას), იმასაც დაგვიანებით. თუ მისთვის ესოდენ არასასურველი სიტუაცია დადგება (თუ შეტევა ჩაიშლება), მაშინ დღეს ზელენსკისათვის ყველაზე „კარგი“ გარიგების დადების შესაძლებლობაა შექმნილი – როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის.

და მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, სი ძინპინი, როგორც პატიოსანი შუამავალი, დიდ ეჭვებს ბადებს. აცხადებს რა საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი ერთგულებას – ეროვნული სუვერენიტეტისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისადმი – ჩინეთი რუსეთს, ანუ აგრესორს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევს. სი ძინპინმა ომის გაჩაღება დასავლეთს დააბრალა, რუსეთისაგან მეტ ნავთობს ყიდულობს და ფულს უხდის, რომ მოსკოვმა ომის დაფინანსება გააგრძელოს, აწვდის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინელთა წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

გავიხსენოთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის ამასწინანდელი თავხედური „ლექცია“, რომელიც მან პეკინში აშშ-ის ელჩს ნიკოლას ბერნს „წაუკითხა“ და ვაშინგტონი დაადანაშაულა – „ამერიკა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებსო“.

იმის სამაგალითოდ, თუ როგორ იცავს ჩინეთი დიპლომატიურ პრინციპს „სახელმწიფო თავისი სიტყვის ერთგული უნდა იყოს“ ისიც გამოდგება, თუ როგორ აღუთქვა სი ძინპინმა ბარაკ ობამას 2013 წელს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ხელოვნური კუნძულების მილიტარიზებას არ მოახდენდა და პირიქით გააკეთა.

ნიკოლას ბერნსისა და ცინ განის შეხვედრამ ის მთავარი მიზეზი გამოავლინა, რის მიხედვითაც, ჩვენ უკრაინის საკითხში ჩინეთის კეთილსინდისიერებას არ უნდა ვენდოთ. აი, რა თქვა ჩინელმა მინისტრმა: „ამერიკას არ შეუძლია და არც სურს კონფლიქტის შეჩერება და ამ დროს ჩინეთზე ზეწოლას ახდენს და შუამავლობაში ხელს უშლის“. პეკინს მხედველობაში აქვს ის, რომ ამერიკა ჩინეთის მეზობლებს ეხმარება და პეკინის წინააღმდეგ აქეზებს, განსაკუთრებით ტაივანს, რომელიც თავს იცავს „ცისქვეშეთის“ ექსპანსიონიზმისაგან რეგიონში.

პუტინის თავდასხმა უკრაინაზე იმ აგრესიის ანალოგიურია, რომელსაც ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ განახორციელებს. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომლითაც სი ძინპინი პუტინზე ზეწოლას შეეცდება, საბოლოო ჯამში მასვე აზარალებს ტაივანთან მიმართებით. განა პეკინი თავის საზარალოდ იმოქმედებს? არ იმოქმედებს. ამიტომაც მისი საშუამავლო ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი საეჭვოა.

თუ ჩინეთი ტაივანზე დემოკრატიული რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდება კუნძულის სამომავლო სტატუსის თაობაზე, მოსახლეობა, ბუნებრივია, არ მოისურვებს კომუნისტური დიქტატურის ქვეშ ცხოვრებას და თავისუფლებას აირჩევს. ეს პეკინმა კარგად იცის. ჰოდა, განა ჩინეთი ყირიმსა და დონბასში რეფერენდუმის ჩატარების წინადადებას კრემლს შესთავაზებს და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მოახდენს? არავითარ შემთხვევაში.

სი ძინპინს უფრო მეტად შეიძლება დათანხმდეს მისგან მოშორებით მდებარე კუნძულის დათმობას, ვიდრე ვლადიმერ პუტინი თავის მოსაზღვრე ყირმსა და დონბასის უკრაინისადმი დაბრუნებას.

ყველაზე სასარგებლო, რის გაკეთებაც სი ძინპინს შეუძლია უკრაინაში ომის შესაწყვეტად, ისაა, რომ კარგი მაგალითი მისცეს ვლადიმერ პუტინს – ჯერ თვითონ თქვას უარი ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე და შემდეგ იგივე ათქმევინოს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან მიმართებით.

დასავლეთი არ უნდა დაელოდოს, სანამ ეს მოხდება და ყურადღება არ უნდა მიაქციოს პეკინის  ყალბ სამშვიდობო ინიციატივებს. დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის. იგივე უნდა გააკეთოს ტაივანის მიმართაც.

წყარო