რატომ არ უნდა ვენდოთ ჩინეთს უკრაინის საკითხში – რას წერს „ჰილი“

87
spot_img

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის ჯოზეფ ბოსკოს სტატიას სათაურით „რატომ არ უნდა ვენდოთ ჩინეთს უკრაინის საკითხში“. ავტორი აანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, მხარეთა მიზნებსა და ინტერესებს, ჩინეთის სამშვიდობო წინადადებებს და მიდის დასკვნამდე, რომ პეკინის ნაბიჯები სანდო არ არის, დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარება უნდა გააგრძელოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ თვეში სი ძინპინის დიპლომატიურმა გამბიტმა დამაიმედებელი ვარაუდების ტალღა გამოიწვია, რომ იგი ისარგებლებს ვლადიმერ პუტინზე თავისი მზარდი გავლენით და ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების დაწყებისათვის, რათა დასრულდეს ის ომი, რომელსაც თვითონ სი ძინპინი „უკრაინის კრიზისად“ თვლის, ვლადიმერ პუტინი კი ჰიგიენურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს (თუმცა უფრო ზუსტი იქნებოდა  მისი ასეთი სახელწოდება – „დანაშაულებრივი სპეციალური სამხედრო ოპერაცია“).

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იმედი გამოხატა – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის ნათქვამს თუ გავიმეორებთ – რომ ჩინეთი რუსეთ იარაღით არ დაეხმარება: „ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რაზედაც ჩვენ [პეკინს] დიდი ხანია ვაფრთხილებთ“.

საერთოდ, ჩინეთი დღეს საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იმყოფება: სი ძინპინს ბევრი მთხოვნელი ჰყავს, რომლებიც მის მწყალობელ ყურადღებას ელოდებიან – ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუთმენლად ელოდნენ სატელეფონო ზარს პეკინიდან და ცდილობდნენ შეხვედროდნენ თავიანთ თითქოსდა გაუცხოებულ ჩინელ კოლეგებს.

მაგრამ რამდენად შეიძლება დასავლეთს და უკრაინას ჩინეთის იმედი ჰქონდეს? სპეკულაციურია იმის მტკიცება, რომ თითქოსდა პეკინს განსაკუთრებული ბერკეტები აქვს ვლადიმერ პუტინზე ზეგავლენის მოსახდენად – იმიტომ, რომ თითქოსდა რუსეთისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთთის ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომ ეს ნამდვილად ასეა და ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს. კიდევ უფრო საეჭვო და ილუზორულია ის ვარაუდი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინისაგან უკრაინის ტერიტორიის დათმობა სურს.

ერთი შეხედვით, დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები შეურიგებელი ჩანს:

ა) ვლადიმერ პუტინის მიზანია თუ მთლიანად უკრაინის არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლი მაინც შეინარჩუნოს, ყირიმის ჩათვლით.

ბ) ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი მიზანი არაერთხელ განუცხადებია მოსკოვის გასაგონად – მას სურს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყოველი მეტრი მტრისაგან გათავისუფლდეს და უკრაინელ ხალხს დაუბრუნდეს. ამ პრობლემის მოლაპარაკებით მოგვარება იმას ნიშნავს, რომ რომელიმე მხარემ (ან ორივემ ერთად) უკან უნდა დაიხიოს და კომპრომისზე დათანხმდეს.

ძნელია იმის გამოცნობა, თუ  რა დათმობის იმედი აქვს პუტინისაგან ვოლოდიმირ ზელენსკის სი ძინპინის დახმარებით. სრულიად შესაძლებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავის მტრულად განწყობილ კოლეგას ისეთი დაზავება შესთავაზოს, რომლითაც ვლადიმერ პუტინს სახე შეუნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს კონტროლქვეშ დარჩება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის რაღაც ნაწილი, თუმცა ამ დროს ყირიმი არ იგულისხმება, რომელიც, ორივე მხარის აზრით, „განხილვას არ ექვემდებარება“.

გამორიცხული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა ვარიანტზეც ფიქრობს: იმის ნაცვლად, რომ რთული მოლაპარაკება გამართოს „ხალხის დაუკითხავად“, იგი, ალბათ, მზად იქნებოდა იმაზე დათანხმებისთვის, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი უკრაინის რუსულენოვანი ოლქების სამომავლო სტატუსის შესახებ, მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, კერძოდ – დონბასში და ყირიმში, მაგრამ არა ისეთი მცდარი შარადული სახით, როგორიც პუტინმა 2022 წელს განახორციელა.

თუ გავითვალისწინებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინელებმა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრება მოისურვონ, ანუ ხმას რუსეთის წინააღმდეგ მისცემენ და ზელენსკიმ შეიძლება მშვიდობიანად რეფერენდუმით მართლაც დაიბრუნოს ტერიტორიები.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა სი ძინპინის შუამავლობას დათანხმდეს, ისაა, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარმატებაში. ალბათ, ზელენსკი ფიქრობს, რომ ჩინეთის ლიდერი დააჯერებს პუტინს გარდაუვალ და დამამცირებელ დამარცხებაში და ურჩევს, რომ იმიჯის გადასარჩენად დათმობებზე წავიდეს.

ამ ჰიპოთეზის მეორე მხარეც საყურადღებოა: ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება შეშინდეს კონტრშეტევის ჩაშლის გარკვეული შესაძლებლობის გამო – დასავლეთი უკრაინას  შორი მოქმედების იარაღს და ავიაციას არ აძლევს და რასაც აძლევს (მძიმე ტექნიკას), იმასაც დაგვიანებით. თუ მისთვის ესოდენ არასასურველი სიტუაცია დადგება (თუ შეტევა ჩაიშლება), მაშინ დღეს ზელენსკისათვის ყველაზე „კარგი“ გარიგების დადების შესაძლებლობაა შექმნილი – როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის.

და მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, სი ძინპინი, როგორც პატიოსანი შუამავალი, დიდ ეჭვებს ბადებს. აცხადებს რა საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი ერთგულებას – ეროვნული სუვერენიტეტისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისადმი – ჩინეთი რუსეთს, ანუ აგრესორს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევს. სი ძინპინმა ომის გაჩაღება დასავლეთს დააბრალა, რუსეთისაგან მეტ ნავთობს ყიდულობს და ფულს უხდის, რომ მოსკოვმა ომის დაფინანსება გააგრძელოს, აწვდის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინელთა წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

გავიხსენოთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის ამასწინანდელი თავხედური „ლექცია“, რომელიც მან პეკინში აშშ-ის ელჩს ნიკოლას ბერნს „წაუკითხა“ და ვაშინგტონი დაადანაშაულა – „ამერიკა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებსო“.

იმის სამაგალითოდ, თუ როგორ იცავს ჩინეთი დიპლომატიურ პრინციპს „სახელმწიფო თავისი სიტყვის ერთგული უნდა იყოს“ ისიც გამოდგება, თუ როგორ აღუთქვა სი ძინპინმა ბარაკ ობამას 2013 წელს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ხელოვნური კუნძულების მილიტარიზებას არ მოახდენდა და პირიქით გააკეთა.

ნიკოლას ბერნსისა და ცინ განის შეხვედრამ ის მთავარი მიზეზი გამოავლინა, რის მიხედვითაც, ჩვენ უკრაინის საკითხში ჩინეთის კეთილსინდისიერებას არ უნდა ვენდოთ. აი, რა თქვა ჩინელმა მინისტრმა: „ამერიკას არ შეუძლია და არც სურს კონფლიქტის შეჩერება და ამ დროს ჩინეთზე ზეწოლას ახდენს და შუამავლობაში ხელს უშლის“. პეკინს მხედველობაში აქვს ის, რომ ამერიკა ჩინეთის მეზობლებს ეხმარება და პეკინის წინააღმდეგ აქეზებს, განსაკუთრებით ტაივანს, რომელიც თავს იცავს „ცისქვეშეთის“ ექსპანსიონიზმისაგან რეგიონში.

პუტინის თავდასხმა უკრაინაზე იმ აგრესიის ანალოგიურია, რომელსაც ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ განახორციელებს. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომლითაც სი ძინპინი პუტინზე ზეწოლას შეეცდება, საბოლოო ჯამში მასვე აზარალებს ტაივანთან მიმართებით. განა პეკინი თავის საზარალოდ იმოქმედებს? არ იმოქმედებს. ამიტომაც მისი საშუამავლო ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი საეჭვოა.

თუ ჩინეთი ტაივანზე დემოკრატიული რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდება კუნძულის სამომავლო სტატუსის თაობაზე, მოსახლეობა, ბუნებრივია, არ მოისურვებს კომუნისტური დიქტატურის ქვეშ ცხოვრებას და თავისუფლებას აირჩევს. ეს პეკინმა კარგად იცის. ჰოდა, განა ჩინეთი ყირიმსა და დონბასში რეფერენდუმის ჩატარების წინადადებას კრემლს შესთავაზებს და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მოახდენს? არავითარ შემთხვევაში.

სი ძინპინს უფრო მეტად შეიძლება დათანხმდეს მისგან მოშორებით მდებარე კუნძულის დათმობას, ვიდრე ვლადიმერ პუტინი თავის მოსაზღვრე ყირმსა და დონბასის უკრაინისადმი დაბრუნებას.

ყველაზე სასარგებლო, რის გაკეთებაც სი ძინპინს შეუძლია უკრაინაში ომის შესაწყვეტად, ისაა, რომ კარგი მაგალითი მისცეს ვლადიმერ პუტინს – ჯერ თვითონ თქვას უარი ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე და შემდეგ იგივე ათქმევინოს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან მიმართებით.

დასავლეთი არ უნდა დაელოდოს, სანამ ეს მოხდება და ყურადღება არ უნდა მიაქციოს პეკინის  ყალბ სამშვიდობო ინიციატივებს. დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის. იგივე უნდა გააკეთოს ტაივანის მიმართაც.

წყარო