“გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას” – მეუფე შიო

275
spot_img

ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელით დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას.

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია წმინდა ანდრია მოციქული, ვინაიდან იგი გახლავთ პირველი განმანათლებელი ჩვენი ერისა. მან იქადაგა სახარება საქართველოში და ჩვენს მიწა-წყალზე ქრისტეს ნათელი მოიტანა. მას ეწოდება პირველწოდებული, ვინაიდან იგი პირველი იყო, ვინც დაემოწაფა იესო ქრისტეს. ის ეძებდა მესიას და მაცხოვარს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის დამოძღვრის და მითითების შემდეგ მან პოვა მესია უფალ იესო ქრისტეში.

აი, დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ, რომ უფალი იესო ქრისტე ეტყვის ებრაელებს ასეთ სიტყვებს: „თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენივე ცოდვებში მოწყდებით (ანუ მოკვდებით) თქვენივე ცოდვებში”. ამაზე ებრაელებმა ჰკითხეს: „და შენ ვინ ხარ?“ და თუ ვინ არის იესო ქრისტე, ამას ამბობს წმინდა ანდრია პირველწოდებული, როდესაც იგი მიდის თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან, იმისთვის, რომ უამბოს ქრისტესთან შეხვედრის შესახებ. იგი ახარებს თავის ძმას და შესძახებს, „ჩვენ ვპოვეთ მესია!”

აი, რა კმაყოფილებას ვხედავთ ჩვენ ამ სიტყვებში, როგორ ნუგეშს, ასევე იმედს! ეს არის იმედი ახალი ცხოვრებისა, საღვთო სიმართლით აღსავსე ახალი ცხოვრების იმედია, რაც წარმოთქვა წმინდა ანდრია მოციქულმა და ეს სიტყვები განეკუთვნება ყოველ ჩვენგანს, ყველა ადამიანს, ვინც თავის ცხოვრებაში ეძიებს სიკეთეს, სიყვარულს, სიმართლეს, ნდობას, რამეთუ ეს ყველაფერი განკაცებულმა ძე ღმერთმა დედამიწაზე მოიტანა.

დღეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერის წილხვდომილობის დღესასწაული და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ასრულდება თუ არა მისი სასიხარულო სიტყვები, „წყალობა უფლისა მოშიშთა მისთა ზედა ნათესავითი ნათესავადმდე“. ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობაა უფლის მოშიშებზე თაობიდან თაობამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამის პასუხი არის დღევანდელი ჩვენი საზეიმო ღვთისმსახურება, ეს შესანიშნავი და დიდებული ტაძარი, რომელიც მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. პასუხი ამაზე არის ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 45-წლიანი საპატრიარქო და სამოციქულო მოღვაწეობა. ჩვენ დღეს ნამდვილად შეიძლება წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად ვთქვათ: „ჩვენ ვპოვეთ მესია“.

ამას თითქოს ეხმიანება ასევე დღევანდელ სახარებაში წაკითხული ნათანაილის სიტყვები: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!“

მრავალი ჩვენგანი დღეს ეზიარა და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი. ასევე ეს არის პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დაუსვა თავის პირველ მოწაფეებს, რომელთა შორისაც ანდრია იყო, როდესაც ისინი პირველად მივიდნენ მასთან, უფალმა ჰკითხა: „რას ეძიებთ?” ხომ გახსოვთ, რა უპასუხეს მოციქულებმა? ესეც დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, მოციქულებმა კითხვაზე კითხვით უპასუხეს: „რაბი, სად იმყოფი?“ ე.ი. მოძღვარო, სად ცხოვრობ? უფალმა უპასუხა: „მოდით და ნახეთ“. მართლაც, ისინი მიდიან, სადაც მკვიდრობდა მაცხოვარი და იმ დღეს მასთან ერთად დარჩნენ.

აი, დღეს ჩვენ ვდგავართ უფლის სახლში, ტაძარში შეკრებილნი, მლოცველნი და ჩვენც გვეკითხება უფალი იესო ქრისტე: „რას ეძიებთ, რას ეძებთ?!“ ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები.

როგორც იცით, ეკლესიაში ჩვენ ყველანი ერთ მთლიანობაში ვერთიანდებით ქრისტეს სხეულში როგორც აქ დამსწრენი, ასევე არ დამსწრენიც, როგორც ცოცხლები, ასევე მიცვალებულები, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან ყველა ცოცხალია მისთვის“.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და უფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ლოცვით დაიცვას, გაამთლიანოს, გადაარჩინოს, სრულიად საქართველო, ამინ!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს საპატრიარქო სიგელებით ყველა ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში, ასევე საზოგადოებას „ივერიისა“ – ამავე პიროვნებებს ასაჩუქრებს და აჯილდოებს ჯვრებით.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თბილისში მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბატონი ომარ ნაფეტვარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ბატონი გიორგი ჯაფარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ბატონი შოთა ბერეკაშვილი.

ბატონი ლევან კურტანიძე.

ბატონი ზურაბ ოყროშიძე.

ბატონი გურამ გერაძე.

ბატონი ნუგზარ მებურიშვილი.

ბატონი შაკვა ვაჩეიშვილი.

ბატონი თამაზ დვალიშვილი.

ქალბატონი თინათინ ჯაფარიძე.

ბატონი გიორგი მერაბიშვილი.

ბატონი გიორგი მაისურაძე.

ბატონი დავით მაჭავარიანი.

ბატონი კახაბერ კვიტაშვილი.

ბატონი ზაურ ჯოხაძე.

ბატონი ნიკოლოზ იაგორაშვილი.

ბატონი გიორგი მერიაშვილი.

ბატონი მურმან მამნიტიშვილი.

ბატონი გოჩა ძნელაძე.

ბატონი ოლეგ გელაშვილი.

ბატონი პაატა გელაშვილი.

ბატონი ირაკლი ქვარაია.

ბატონი თამაზ თავაძე.

ქალბატონი ვერა სუზიაშვილი.

ბატონი სოლომონ ჩხაიძე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.