“მეორე ტური ერდოღანის დამარცხებას ნიშნავს” – რას ფიქრობენ ექსპერტები თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 

598
spot_img

14 მაისს, თურქეთის მოქალაქეები პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს ირჩევენ, რომელიც 5 წლის განმავლობაში  მართავს ქვეყანას.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თავიდან 4 კანდიდატი იღებდა. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს სამი ოპოზიციური კანდიდატი უპირისპირდებოდა. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მუჰარემ ინჯემ,  კანდიდატურა მოხსნა.

მიმდინარე წელს სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვებით, საპრეზიდენტო კანდიდატებში ოპოზიციის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და მოქმედი პრეზიდენტი მონაცვლეობით ლიდერობენ.

როგორ შეიძლება დასრულდეს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები? ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტიკურ მიმომხილველს სიმონ კილაძეს ესაუბრა.

– რა მნიშვნელობისაა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის?

– ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონისთვის, ასევე ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც, რუსეთისთვისაც, უკრაინისთვისაც და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც. ეს ეჭვგარეშეა. ჩვენ თურქეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. თურქეთის გეოგრაფიული/გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეს არჩევნები საბედისწეროა ქვეყნისათვის – გადაწყდება, ვინ იქნება მომავალში ხელმძღვანელი: ძველი დარჩება და ტრადიციული პოლიტიკა გაგრძელდება თუ ახალი მოვა და ცვლილებებს განახორციელებს.

– როგორ შეიძლება დასრულდეს  არჩევნები? რა მოლოდინები გაქვთ?

– თურქეთში ისეთი მდგომარეობა აღარ არის, როგორიც წინა არჩევნების დროს იყო, როცა ერდოღანს  გამარჯვება „ჯიბეში ედო“. დრო შეიცვალა. თურქეთში ეკონომიკური კრიზისია, ეს მიწისძვრამ უფრო გააღრმავა.  შესაბამისად, ამომრჩევლებს გაუძვირდათ პროდუქტები, ცხოვრება და უკმაყოფილოები არიან ამით. ოპოზიციამაც „თავი წამოყო“ და ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ოპოზიცია გრძნობს კრიზისს, უკმაყოფილებას და ეს სათავისოდ გამოიყენა, გაერთიანდა, შექმნა საერთო პლატფორმა 6 პარტიის შემდგენლობით. მათი კანდიდატი კი ქემალ ქილიჩდაროღლუა.

– რა შანსები აქვს ქემალ ქილიჩდაროღლუს?

– ის დასავლური მიმართულების ლიდერია. აქედან გამომდინარე, ქილიჩდაროღლუ გამარჯვების შემთხვევაში პროდასავლურ კურსს გაატარებს. იგი აცხადებს, რომ ურთიერთობას ამერიკასთანაც დაალაგებს და ევროკავშირთანაც, ქურთებსაც მიიმხრობს. ქილიჩდაროღლუმ შეიძლება მეტი ხმები მიიღოს თურქეთის მეგაპოლისებში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირში… აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მას ფართო ელექტორატი ჰყავს. უკანასკნელი გამოკითხვები მოწმობს რომ კვალდაკვალ მისდევს ერდოღანს და ზოგ შემთხვევაში რეიტინგით უსწრებს კიდეც.

თურქი და დასავლელი ექსპერტები, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო კამპანიას, აცხადებენ, რომ ერდოღანს ძალიან გაუჭირდება პირველ ტურში გამარჯვება.

ერთ-ერთმა შედარებით „ნაკლებადპოპულარულმა“ ოპოზიციურმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ქილიჩდაროღლუს სასარგებლოდ. ამან გარკვეულად დაამძიმა სიტუაცია ერდოღანისათვის, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არის იმის ვარაუდი და შესაძლებლობა, რომ ერდოღანმა მცირე უპირატესობით მოიგოს არჩევნები.

– რა უპირატესობით შეიძლება გაიმარჯვოს ერდოღანმა? როგორ?

– ერდოღანის ხელშია ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ყოველთვის შველის მოქმედ პრეზიდენტს ხელმეორედ არჩევაში. ერდოღანის ხელში არმია. ისინი ყოველთვის გამოდიოდნენ თურქეთის ისტორიაში წესრიგის დამცველად. როგორც კი რომელიმე მთავრობა კურსს შეიცვლიდა, არმია გამოდიოდა და მოხდებოდა გადატრიალება. თურქეთის არმია ყოველთვის პროდასავლური კურსის დამცველი და განმხორციელებელი იყო. ერდოღანი აბსოლუტურად პროდასავლური ლიდერი არ არის, ხშირად ჯიუტობს, დავები აქვს ამერიკასთან და ნატოსთანაც. ამიტომ ის დასავლეთისთვის დიდად სასურველი  ლიდერი არაა. შესაბამისად ერდოღანს დასავლეთის მხარდაჭერა დიდად არ აქვს. არმია კი, რომელიც პროდასავლურ კურსს ატარებდა,  ცუდ დღეში ჩააგდო, პროდასავლური გენერლები მოიცილა და დიდი წმენდა განახორციელა. ამიტომაც არმია იქნება მისი ძირითადი დასაყრდენი, ასევე პოლიცია, სასამართლო, დაზვერვა და უსაფრთხოებაც.  ეს ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსია და ამით შესაძლოა პირველ ტურში ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვოს.

– შეიძლება თუ არა არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს?

– დიახ, არის შესაძლებელიც, რომ მეორე ტური ჩატარდეს. როცა ვსაუბრობთ პირველ ტურში მცირე უპირატესობით გამარჯვებაზე, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს მტკიცე პროგნოზი არ არის. შესაძლოა ვერ მოაგროვოს ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%. აი, მეორე ტური უკვე ერდოღანის დამარცხებას ნიშნავს. თურქი ხალხი დაინახავს, რომ ერდოღანი უძლეველი არ ყოფილა და გააქტიურდებიან. მეორე ტურში ერდოღანის გამარჯვება უკვე ძნელი იქნება და შესაძლოა თამაშგარე აღმოჩნდეს.

– 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც ტარდება, აქ რა შანსები აქვს მმართველ პარტიას?

– თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ვერ გაიმარჯვა, შეიძლება მმართველმა პარტიამ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს და პარლამენტში საკმაოდ ბევრი დეპუტატი გაიყვანოს. ამიტომ ერდოღანი პოლიტიკაში მაინც დარჩება. ის ასე უცებ პოლიტიკიდან არ წავა. გამოიყენებს პოლიტიკოსის სტატუსს და თავისი პარტიის ლიდერად გააგრძელებს საქმიანობას. ქილიჩდაროღლუს ამ მხრივ „ტკბილი ცხოვრება“ არ ელოდება, რადგან კრიტიკოსად ეყოლება ისეთი ადამიანი, რომელიც 20 წელია თურქეთსა და რეგიონს „აზანზარებს“.

– ქემალ ქილიჩდაროღლუ გამარჯვების შემთხვევაში როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მიმართ?

– ის ხშირად არ ჩანდა პოლიტიკაში. ფართო პოპულარობა არ ჰქონდა მასმედიაში და არსად არაფერი არ უთქვამს საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, შეიძლება რაღაც მცირე ცვლილება შეიტანოს, მაგრამ ძირითადად ისეთ ურთიერთობას შეინარჩუნებს, როგორიც დღესაა – კეთილმეზობლურს, მეგობრულს, გააგრძელებს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას.

– შეიცვლება თუ არა მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან თურქეთის ურთიერთობა?

-ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა თითქმის ისეთივე დარჩება და იგივე კურსი გატარდება, როგორიც დღეს – თურქეთს ამ კრიზისულ პერიოდში ძალიან სჭირდება რუსი ტურისტები. მილიონობით რუსი ჩადიოდა და დიდი შემოსავალი ჰქონდა. რუსეთი ასევე ეხმარება თურქეთს ატომური ენერგეტიკის განვითარებაში. მოკლედ, ვლადიმერ პუტინის სურვილი, ალბათ, ისაა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იყოს.

ქემალ ქილიჩდაროღლუს თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ურთიერთობას სირიასთან და რეგიონის ქვეყნებთან აუცილებლად მოაგვარებს. სირიელ ლტოლვილებს უკან დააბრუნებს. მისი განცხადებით, ნატოს წევრებთან ურთიერთობას გააუმჯობესებს, განსაკუთრებით აშშ-სთან.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ “ჯორჯიან თაიმსთან” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ერდოღანს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

“მიუხედავად ერდოღანის მიმართ არსებული ძლიერი კრიტიკისა და მისი ოპონენტის ძლიერი მხარეებისა, ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მგონია, რომ ერდოღანის მიერ უკანასკნელ წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ამის საფუძველი შექმნა. მეორე ტური იქნება, თუ პირველი, ვფიქრობ, ერდოღანი მაინც გაიმარჯვებს. ვნახოთ ტექნიკურად როგორ წარიმართება ეს პროცესები,”- განაცხადა ჩვენთან საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა.

/ ნინო ოთარაშვილი /