Home Blog Page 2069

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.

„დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“.

„ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა“, განაცხადა თეთრმა სახლმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ “ამერიკის ხმისთვის” გაკეთებულ განცხადებაში.

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ წარმატებით დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად და მასში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„პარტნიორ 2023“-ში ჩართული იყო ასევე, აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები.

სწავლება საქართველოში სამ ლოკაციაზე, ამბროლაურის, თეთრიწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. სცენარი ეპიდემიის მართვის, ხანძრის კერებზე რეაგირებისა და დივერსიული ჯგუფების აღმოჩენა-განეიტრალების ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრო. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების ამოცანისა და აღსრულების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, მონაწილეებთან შეხვედრისა და სიტყვით მიმართვისას კი, ყურადღება მსგავსი მასშტაბისა და უწყებათაშორისი წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საჩვენებელ სწავლებასა და „პარტნიორ 2023“-ის დახურვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ბოლო პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს ასამბლეაში ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.

დოკუმენტი კოლეგებს დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ წარუდგინა.

„რეზოლუციის პროექტი, საერთაშორისო ფრანკოფონიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება და წვლილი შეაქვს საერთაშორისო სოლიდარობის, დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცებაში. რეზოლუცია აღიარებს საზღვრების ურღვეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპებს და იზიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს საზღვრებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ამ სახით მიღება მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების შელახვას, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.

„რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. კონფლიქტების სამართლიანი მოგვარება უნდა გახდეს ასობით ათასი ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღდგენის და მათი მშობლიურ სახლებში დაბრუნების საფუძველი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის წარდგენამდე, რეზოლუცია პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც კვებეკის დელეგაციის ინიციატივით, რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომელიც გმობს კონფლიქტში ქალების და გოგონების მიმართ მათ შორის, სექსუალურ ძალადობას.

საბოლოოდ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.

„საქართველოს დელეგაციის მიერ შემუშავებული და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პირველი შემთხვევა ფრანკოფონიის ასამბლეის ისტორიაში, როდესაც საქართველოს საკითხი ინდივიდუალურად განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე საქართველოსთვის“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მედიის წარმომადგენლებთან.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ფრანკოფონიის ქვეყნები კიდევ ერთხელ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმ საზღვრებს, რომელიც გაეროს მიერ არის წარმოდგენილი.

„რეზოლუცია, პლენარულ სხდომაზე, საერთო კონსენსუსით იყო მხარდაჭერილი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. მოგეხსენებათ, რომ გენერალური ასამბლეიდან წელს საქართველოში წარმოდგენილია 42 ქვეყანა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია მუშაობას დღეს დაასრულებს.

ასამბლეის საქმიანობაში საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. ამიერიდან, ჩვენი ქვეყანა ასამბლეაში მუშაობას ასოცირებული წევრის სტატუსით განაგრძობს, რის შესახებაც გადაწყვეტილება სესიის ფარგლებში იქნა მიღებული.

საქართველოს წელს, ასამბლეის წევრი 42 დელეგაცია და მასში შემავალი 250-მდე დეპუტატი სტუმრობდა.

“ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი- მისასალმებელია, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს”- მარიამ კვარაცხელია

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და ისინი იცავენ ღონისძიებას. ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს, – განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ.

„ვემზადებით „პრაიდის ფესტივალისთვის“. ამ წუთებში არტისტები, ძალიან ცნობილი ჯგუფები გადიან რეპეტიციებს. ტერიტორიაზე ვამზადებთ დეკორაციებს. ველოდებით სტუმრებს, მათ შორის ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს.

არანაირი ქუჩის ღონისძიება, მსვლელობა თბილისში არ იგეგმება არც ერთი ჯგუფის მიერ და არც „თბილისი პრაიდის“ მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და ისინი იცავენ ღონისძიებას. ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს“, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიება უნდა გაიმართოს, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

პერიოდულად პოლიცია იმ ავტომობილებს ატარებს, რომელთა მფლობელებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ავტომობილის გატარებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა, თუმცა ახლა ვითარება უკვე სტაბილურია, ადგილზე ასობით პოლიციელი იმყოფება.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, ეტაპობრივად უერთდებიან მოქალაქეები, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბამდე მსვლელობას მართავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პრაიდის ფესტივალის მოწინააღმდეგეები „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობას მართავენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ შეკრებილი მოქალაქეები „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.

მეტროსადგურის მიმდებარედ მათ 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეების განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ამასთან, 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოუწოდებენ კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

“ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ყოველგვარ დახმარებას. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი ყველაზე მეტ აქტიურ ძალისხმევას მიმართავს ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებების გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყდნობით.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგვისტოში თურქეთში პუტინის ჩასვლას ელოდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე. შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ეწვევა თურქეთს. ჩვენ ისევ გვექნება საშუალება, ერთი-ერთზე განვიხილოთ ეს თემა. ასევე გავაგრძლებ მასთან სატელეფონო საუბარს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მისი მოქმედების ვადა სულ მცირე სამი თვით გახანგრძლივდება.

“ბუქარესტის სამიტზე ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, არამედ ისიც, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი”- ჯულიან სმიტი 

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”- ამის შესახებ  ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა  წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა ვიდეოპორტალ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, რომელშიც ის ვილნიუსში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უკვე არის ნატო-ს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან“, – აცხადებს ჯულიან სმიტი.

“პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ “პრაიდის” ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება.

„დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

პრეზიდენტის დავალებით, „პრაიდის“ ფესტივალს დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„რუსი ოკუპანტების ჯგუფმა ზაპოროჟიეში ბრძოლაზე უარი თქვა“ – უკრაინის გენშტაბი

მტრის ქვედანაყოფები საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე მასობრივ უარს ამბობენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, მიმდინარე საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ცნობით, ათობით რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეში ბრძოლაზე უარი თქვა.

„უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო ოპერაციების ფონზე და ოკუპანტის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფები  უარს ამბობენ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე. კერძოდ, 20-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზივკაში, წინა პოზიციებზე საბრძოლო დავალების შესრულებაზე“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

,,სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები”- მაია ტაბაღუა

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთი მეწილე მაია ტაბაღუა LGBTQ+ ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ტაბაღუა წერს, უსაფრთხოების დაცვის გეგმების არსებობის მიუხედავად, არსებობს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკები. შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას არ თანხმდება.

„მივმართავ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ახალგაზრდებს, სტუმრებს და ძალოვან სტრუქტურებს, იპოდრომის ტერიტორიაზე მოცემული ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ღონისძიების ჩატარების თაობაზე, მიუხედავად თქვენ მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების დაცვის გეგმებისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც მოდის ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერავინ.

გასულ წლებში მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იქნება ეს დამსწრე, მონაწილე, ორგანიზატორი, გარეთ მყოფი, თუ უბრალოდ გამვლელი, ვერ ჩავაყენებთ საფრთხეში. ჩვენ არ გვინდა ირიბად ვიყოთ ,,მასპინძელი” ამ მოსალოდნელი, უკანონო, უსამართლო საფრთხისა, რაც არსებობს. ვერ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების უზენაესი უფლების – სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას. ასეთ კრიტიკულ დროს ჩვენი პოზიციის მოწოდება გამოწვეულია ჩვენს მიმართ არაერთი ,,ინფორმაციის” მოწოდებით, რამაც დაგვარწმუნა რომ უსაფრთხოების ზომების მიღების თეორიული შესაძლებლობა სამწუხაროდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები.

ვთხოვ ძალოვან სტრუქტურებს, დაიცვან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება”, – წერს მაია ტაბაღუა Facebook-ზე.