Home Blog Page 2055

“მიზანი ომისა, რაც საქართველოს გამოუცხადეს, მართლმსაჯულების აკრძალვაა”- დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დავით ზარდიაშვილი

“ამაზრზენია, პირდაპირ ჯოჯოხეთურ ოხშივარად ყარს, როცა უკრაინა თავში უდგება საერთაშორისო მოძრაობას “სააკაშვილის დასახსნელად” და ამისათვის მუდმივმოქმედ ე.წ. კონფერენციას აარსებს. გლობალური ომის პარტიის, რომლის მახვილადაც იქცა ეს ცეცხლს მიცემული ქვეყანა, მიერ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დასახსნელად ბრძოლა არის უკვე გამოცხადებული ომი, რათა გატეხონ ჩვენი ერის სუვერენული ნება და აგვიკრძალონ მართლმსაჯულება, ანუ: წაგვართვან სჯული -სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა და საბოლოოდ დაასამარონ სამართლის იდეა საქართველოში. საზიზღრობაა, სიბილწეა, როცა ამ მურდალ საქმეში იყენებენ უკრაინას, რომელიც თითქოსდა “ბოროტებასთან ბრძოლის” სიმბოლოდ აღიქმება ე.წ. თავისუფალ სამყაროში. ესაა სწორედ ძალიან მკაფიო საბუთი, აი, იმ არეულ-დარეულობისა, იმ დიდი დიფუზიისა, რისი დანახვაც ბევრს ჯიუტად არ სურს. ნუთუ ვერ ხედავენ – როგორ შეიძლება იგივე ხალხი, რომელიც თითქოსდა მსოფლიო ბოროტებას ებრძვის, საქართველოსთვის სჯულის წასართმევად იბრძოდეს? თურმე – შეიძლება. ხდება სწორედ ის, რომ საფრთხე, რაც გვემუქრება – განურჩეველი ხდება: ამ დიფუზიურ ომში “დაუძინებელი მეგობარი” გაცილებით საშიშია, ვიდრე აშკარა მტერი.

მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ კონკრეტულად სააკაშვილის პიროვნებაა პრობლემა. არა! სააკაშვილი მხოლოდ სახეა ამ საბედისწერო დაპირისპირებისა. მიზანი ომისა, რაც საქართველოს გამოუცხადეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოსათვის – მართლმსაჯულების აკრძალვაა და არა მარტო საქართველოსათვის. სიმართლის და სამართლის ნება – კაცობრიობას უნდა გაუქრეს. შეხედეთ: საქართველოს მრავალ ათასწლოვან ისტორიაში თითით საჩვენებელი ეს ბოროტმოქმედი – სააკაშვილი უნდა აღიქმებოდეს “პუტინთან ბრძოლის რაინდად”, “დემოკრატიის შუქურად” და აწ უკვე წამებულ წმინდანადაც კი! ხოლო ეს მასხარა ზელენსკი, ლამის არის მესიად, კაცობრიობის მხსნელად “რუსული ავტორიტარიზმის ჯოჯოხეთისგან”. თუ ვინმე უარყოფს, რომ ეს არის კაცობრიობის და არა მხოლოდ საქართველოს, წინააღმდეგ მიმართული დიდი შეთქმულების ნაწილი, საერთოდ ვერ გაიგებს რა ხდება, სანამ ეს უდიდესი ბოროტება მასაც არ შთანთქავს. შეხედეთ ისევ ზელენსკის, მის გამომეტყველებას: როგორი ავი სიბოროტე გამოსჭვივის მის მიმიკასა და ყოველ სიტყვაში, როცა საქართველოზე ლაპარაკობს. რატომ? რისთვის? სწორედ იმიტომ და იმისთვის, რომ ამ მსოფლიო სიშლეგეში, ამ გამაოგნებელ არეულ-დარეულობაში, როცა ყველაფერი ძირფესვიანად დეფორმირებულია, როცა ფუნდამენტურად ინგრევა საზღვრები, არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ საზღვრები, მიჯნა კეთილისა და ბოროტისა, სიცრუისა და სიმართლისა, კეთილგონივრულობისა და სირეგვნისა, ქველმოქმედებისა და ბოროტმოქმედებისა, ომისა და მშვიდობისა და სხვ და ა.შ. საქართველო ფეხს არ იცვლის და სჯულს ინახავს. უფალს, სიმართლესა და სამართალს არ ღალატობს და რაც ძალი და ღონე შესწევს – იცავს!

სჯულის შენახვაა, სხვა არც არაფერი – როცა სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სამართლიანი მსჯავრი უნდა აღსრულდეს! სხვაგვარად ვერ იქნება, რადგან: იყავნ ნება უფლისა, სიმართლისა, სამართლისა, სჯულისა, სუვერენული ქართველი ხალხისა და არა ამ მურდალი ავაზაკებისა! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევიან და უნდა იცოდნენ – საქართველო მარად მცველია: უფლის კვართის და სჯულის მცველი!

რა ელოდებათ დამსვენებლებს „მთის დღეები 2023“-ის ფარგლებში – მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები 2023“ გაიმართება. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მთის დღეები 15 და 22 ივლისს ჩატარდება.

მათივე ცნობით, საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას, კერძოდ, გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ.

თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ – ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული, 15 და 22 ივლისს გაიმართება.

საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.

მთელი დღის განმავლობაში ცნობილი შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. დღე კი კი ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება პროგრამის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

15 ივლისი

თუშეთი, ომალო

14:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა

15:00 საათი – თუშური დოღი

15:00 საათი – ხალხური რეწვის მასტერ-კლასი

16:30 საათი – გასართობი თამაშები

16:00 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია

16:30 საათი – თუშური თანამედროვე კერძების დეგუსტაცია – შეფ-მზარეული ია ძაგანია

16:30 საათი – შოუ „მასტერ-შეფის“ გამარჯვებული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია

16:30 საათი – შოუ „მასტერ-შეფის“ გამარჯვებული ნინო ვარშანიძის კერძების დეგუსტაცია

16:30 საათი – ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია

17:00 საათი – ანსამბლი „გორდელა“

18:00 საათი – „ოჩოს ქოხი“

20:00 საათი – სიმღერა კოცონთან, ანსამბლი „რანინა“

რაჭა, შოვი

09:00–14:00 საათი – შეჯიბრება ოფროუდში

14:00–20:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00–20:00 საათი – გასართობი შოუ – ანიმატორები, გართობა ბავშვებისთვის

14:00–19:00 საათი – ცხენებით სეირნობა

14:00–17:00 საათი – DJ LEVI LOVE DISCO

15:00 საათი – მასტერ-კლასი შეფ-მზარეულ ლევან კობიაშვილისგან

15:30 საათი – მასტერ-კლასი შეფ-მზარეულ დიმიტრი შარაშიძისგან

14:00–20:00 საათი – ადგილობრივი მზარეულების მასტერ-კლასი

14:00–22:00 საათი – ბარი „ფოსტა“

16:00 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია

16:30 საათი – ოფროუდის გამარჯვებულების დაჯილდოება

17:00 საათი – ნოდარიკო ხუციშვილისა და ბენდის კონცერტი

18:00 საათი – მარიამ გალოგრეს, ნინი ასილიანის, ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტი

19:00 საათი – ჯემ-სეიშენი სანდრო ნიკოლაძე

20:00 საათი – ზღაპრები კოცონთან: ნიკა წულუკიძე

20:30 საათი – სიმღერა კოცონთან: გელა დონაძე და კვარტეტი

იმერეთი, გორდი

14:00 საათი – DJ მეტრეველი

14:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00 საათი– ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები – დეგუსტაცია – ადგილობრივი ფოლკლორის თანხლებით

14:00 საათი – გასართობი თამაშები – ველოტური, ზიპლაინი, მასტერ-კლასები, კონკურსები

14:30 საათი – შეფ-მზარეულ მიშა ავსაჯანიშვილის კერძების დეგუსტაცია

14:30 საათი – შეფ-მზარეულ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია

16:30 საათი – ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია

17:30 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია

17:30 საათი – ანსამბლი „ჩვენებურები“

20:30 საათი – სიმღერა კოცონთან „თბილისური კვარტეტი“

22 ივლისი

ხევი, ყაზბეგი, ელიას ტყე

14:00–18:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00–18:00 საათი – გასართობი სპორტული ღონისძიებები

15:00–15:45 საათი – ადგილობრივი ლუდის ხარშვისა და ხინკლის მომზადების მასტერ-კლასი

15:45–16:45 საათი – შეფ-მზარეულ ია ძაგანიას კერძების დეგუსტაცია

16:45–17:45 საათი – შეფ-მზარეულ დიმა მენაბდის კერძების დეგუსტაცია

17:45–18:00 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია

18:00–19:00 საათი – ზუკა ხუციშვილი და ბენდი

20:00–21:00 საათი – სიმღერა კოცონთან „ჰერიო“

გურია, ბახმაროს პარკი

14:00–20:00 საათი– ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00–17:00 საათი– ფლორისტების მასტერ-კლასი

14:00–14:30 საათი – ტრიო „აპრილია“

15:30–16:00 საათი – ტრადიციული დოღი

16:00–20:00 საათი – ახალგაზრდული სპორტული თამაშები

16:30–17:30 საათი – ცნობილი მზარეულების ესმა კუნჭულიასა და ავთო ცეცხლაძის კერძების დეგუსტაცია და მასტერ-კლასი

19:00–19:30 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია

19:30–20:30 საათი– ანსამბლი „ბანი“

20:30–21:30 საათი– ჯგუფი „რეგიონი“

21:30–22:00 საათი– სიმღერა კოცონთან.

სვანეთი, მესტია, უღვირის ტბა

14:00–18:00 საათი– ფონური მუსიკა DJ

14:00-19:00 საათი- ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

15:00 – 17:30 საათი- მშვილოდოსნობა, ფრენბურთი, ბადმინტონი, ცხენების ტური, ბრენდ შეფი კონსტანტიტე თედელურის კერძების დეგუსტაცია, შეფ გიგი აფციაურის კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება

16:00 საათი- დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“

16:30 საათი – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი

18:00 – 19:30 საათი – ანსამბლი „ქართული ხმები“ და ბენდი

19:35 – 20:00 საათი- ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“

20:00- 22:00 საათი – მთის ამბების თხრობა და სიმღერა კოცონთან – „ჩვენი კვარტეტი“, ნეკა სებისკვერაძე.

“ჩვეულებრივი მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით”-დავით ჭიჭინაძე

ჩვეულებრივი მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით – სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი არ გააჩნია, არც აინტერესებს და ამიტომ!- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა სამშობლოში ცხოვრებას გაქცევას ამჯობინებს, დარჩენილები კი, საკუთარ ქვეყანაში ჩამოსული უცხოტომელების მონები ხდებიან.

„ეს ქვეყანა ქართველების აღარაა. ქართველები მონებად და არალეგალებად აქციეს.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ისეთ დღეშია, სამშობლოში ცხოვრებას, გაქცევა და არალეგალად, მესამე, მეოთხე კატეგორიის სამუშაოს შესრულება ურჩევნია.

დარჩენილები კი, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ჩამოსული უცხოტომელების მონები ხდებიან, რადგან ქართველებისგან განსხვავებით, ამ ე.წ. ინვესტორებს სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი. მოკლედ, ჩვეულებრივი მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით.

სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი არ გააჩნია – არც აინტერესებს და ამიტომ!“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს.

„13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ, მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს“, – აღნიშნულია მილოცვაში.

“კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი – დაშავდა” – ომის 505-ე დღე

რუსეთ -უკრაინის ომის 505-ე დღე

“რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი – დაშავდა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, გარდაცვლილის ცხედარი პოდოლსკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის პოდოლსკისა და კიდევ სამ რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, არის ნგრევა.

შეგახსენებთ, რუსეთი კიევზე საჰაერო თავდასხმას ზედიზედ მესამე ღამეა ახორციელებს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს 10-მდე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც რუსებმა კიევზე თავდასასხმელად გამოიყენეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზედიზედ მესამე დღეა, კიევს Shahed-ის საბრძოლო მასალით ესხმიან თავს. წუხელ ირანული დრონებით მასიური თავდასხმა მოხდა. უპილოტო საფრენ აპარატები დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ. კიევის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებით მტრის ათამდე სამიზნე გაანადგურეს“, – დაწერა პოპკომ „ტელეგრამზე“.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 – დაშავდა.

“უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 35-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა,” – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ 15 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

„წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 64-ჯერ გაუხსნა.

„სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების მართვის პუნქტი, 16 საარტილერიო საშუალება, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.

„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე – ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

“რუსეთი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს”

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოელი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს ქმნიან და ეს სავსეა კატასტროფული შედეგებით. უკიდურესად სახიფათო განვითარების ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები, კიევის რეჟიმს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს აცნობა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ბირთვული იარაღი გადაიტანონ.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების პირობებს განსაზღვრავს.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 38 წლის მამაკაცი ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ის კატოვიცეს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქუთაისიდან პოლონეთში გეგმური რეისით ჩავიდა.

მამაკაცს ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.

“MAP-ის მინიჭება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ზრდის, უმჯობესია იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ საქართველო NATO-ში, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი”- სალუქვაძე

2021 წლის კომუნიკე 2023 წლის კომუნიკესგან არაფრით განსხვავდება. ზუსტად იგივე ფრაზებია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, „მაპი“ არის გაწევრიანების შემადგენელი ნაწილი და ა.შ. ანუ, ეს სტანდარტული ფრაზები გასდევს ყველა კომუნიკეს წლების განმავლობაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ვილნიუსის ნატოს სამიტის შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე მახსოვს 2018 წელს დავწერე სტატია, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოს „მაპი“ არ სჭირდება და ამას ვასაბუთებდი იმით, რომ ყველა შეფასებით, რასაც ნატო აკეთებდა, საქართველო შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, განსაკუთრებით ეს ჩვენს თავდაცვის ძალებს ეხება. „მაპიდან“ წევრობამდე შეიძლება წლების განმავლობაში იყო მოლოდინში. მაგრამ ის, რომ „მაპს“ განიჭებენ ეს უკვე არის მყარი სიგნალი იმისა, რომ ოდესმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ზრდის რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. ეს არის პირდაპირ წითელის ანთება რუსეთისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და უკვე უნდა ველოდოთ „მაპიდან“ წევრობამდე მორიგ საფრთხეს რუსეთისგან. ამიტომ ვამბობდი, რომ საქართველოსთვის უმჯობესია, რომ იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

ექსპერტი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ ნატოს გაფართოების და ამ კონტექსტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

„თქვეს, რომ ამ განცხადების გამო არ მიიწვიეს ვილნიუსში. ეს მარტივად ბათილდება – პრემიერი ვიზიტით იყო რეიკიავიკში, სადაც ეს სიტყვა მაისში წარმოთქვა, მანამდე იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა წარმოდგენილი იქნებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრით. რაც შეეხება ფრაზას, თუ სწორად მახსოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვეს შეკითხვა, რომ ღარიბაშვილმა თქვა, თითქოს ნატო საფრთხის შემცველია და ამის გამო აიწია თემა. იგივე თქვა სტოლტენბერგმა მანამდე, სამიტამდე. რაში გვჭირდება ეს განცხადებები – გავიხსენოთ პუტინის მუქარები და ულტიმატუმები. უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე ულტიმატუმები წაუყენა ნატოს – დაუბრუნდით 30 წლის წინანდელ საზღვრებსო. ანუ, პირდაპირ იყო დაფიქსირებული, თუ რის გამო იწყებდა ამ ომს. თითიდან გამოწოვილია და სირცხვილია, რომ ამ თემებზე მსჯელობა გვიწევს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

” სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში – იქნება!”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.

„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე – ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოლდოვა დსთ-ს დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიშენეუმ, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.

პირველი შეთანხმება, რომლის დენონსაციასაც მოლდოვა აპირებს, ეხება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, ხოლო მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპექტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას.

ყველა ეს შეთანხმება 1990-იან წლებშია გაფორმებული. მოლდოვა დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მიმდინარე წლის თებერვალში თქვა, რომ მოლდოვა დსთ-ს ათობით ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

„ორიოდე თვის წინ დასრულდა დონალდ ტრამპის რამდენიმეწლიანი დავა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან ტრამპის არალეგალური კავშირების შესახებ პოლიტიკური და იურიდიული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. აქედან ჩანს, რომ რუსეთთან კავშირის დაბრალება ლიბერალების საყვარელი იარაღია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოში რუსული ფაქტორით მანიპულირება კიდევ უფრო იოლია იმ პირობებში, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. შესაბამისად, ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები – ნაციონალები და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ.

მათი გადმოსახედიდან, რუსულია ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებს ემსახურება: რუსულია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში მშვიდობას უფრთხილდება; რუსულია ბიძინა ივანიშვილი და მისი უპრეცედენტო, 3-მილიარდიანი ქველმოქმედება, რომლითაც უამრავი ქართული საქმე გაკეთდა; რუსულია მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო, თავად პატრიარქიც, რომელიც 45 წელია საქართველოს ემსახურება; რუსულია ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი; რუსულია იმის მტკიცება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ოჯახური კავშირია; რუსული დეზინფორმაციაა ნებისმიერი სიმართლე, რომელიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს; რუსულია ქართული კანონი, რომელიც ამერიკული კანონის შერბილებული ვერსიაა, მეტიც, რუსულია თვით ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანიც; რუსულია, რომ ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით ქართული ეკონომიკა არ გაანადგურა; რუსულია საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელსაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დღიდან კიევი არცერთი წამით არ დაუტოვებია; რუსულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც, თუ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდება; რუსულია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო, მაგრამ თუ იმავეს ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, ეს უკვე დასავლურია; ისიც კი რუსულია, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსულ ტანკებს საქართველოში არ შემოუძღვა.

არარუსული და მედასავლეთე მხოლოდ უცხოური აგენტურაა, რომელიც გლობალური ომის პარტიის დაკვეთით ჯერ ხელისუფლების რიგებიდან ადამიანებს აწამებდა, აპატიმრებდა და ბიზნესებს ართმევდა, ტელევიზიებს იტაცებდა და 2008 წელს რუსულ ტანკებს საქართველოში შემოუძღვა, ხოლო ახლა ოპოზიციის რიგებიდან ცდილობს ქვეყანა არიოს და საქართველოში მეორე ფრონტი გააჩაღოს.

ლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, ამქვეყნად ყველაფერი ან პრორუსულია ან პროდასავლური. მათ ლექსიკონში ქართულისთვის სივრცე საერთოდ არ რჩება. უსამშობლო ე.წ. ლიბერალებს შესაძლოა მართლა ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს სამშობლოზე გული შეიძლება შესტკიოდეს და გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით იღებდეს.

ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ კამპანიას ე.წ. ლიბერალები დასავლეთის სახელით და ხშირად დასავლური დაფინანსებით აწარმოებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივლისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც გამოიდარებს. დღისით +30, ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +20 ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.