“MAP-ის მინიჭება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ზრდის, უმჯობესია იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ საქართველო NATO-ში, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი”- სალუქვაძე

236
spot_img

2021 წლის კომუნიკე 2023 წლის კომუნიკესგან არაფრით განსხვავდება. ზუსტად იგივე ფრაზებია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, „მაპი“ არის გაწევრიანების შემადგენელი ნაწილი და ა.შ. ანუ, ეს სტანდარტული ფრაზები გასდევს ყველა კომუნიკეს წლების განმავლობაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ვილნიუსის ნატოს სამიტის შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე მახსოვს 2018 წელს დავწერე სტატია, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოს „მაპი“ არ სჭირდება და ამას ვასაბუთებდი იმით, რომ ყველა შეფასებით, რასაც ნატო აკეთებდა, საქართველო შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, განსაკუთრებით ეს ჩვენს თავდაცვის ძალებს ეხება. „მაპიდან“ წევრობამდე შეიძლება წლების განმავლობაში იყო მოლოდინში. მაგრამ ის, რომ „მაპს“ განიჭებენ ეს უკვე არის მყარი სიგნალი იმისა, რომ ოდესმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ზრდის რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. ეს არის პირდაპირ წითელის ანთება რუსეთისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და უკვე უნდა ველოდოთ „მაპიდან“ წევრობამდე მორიგ საფრთხეს რუსეთისგან. ამიტომ ვამბობდი, რომ საქართველოსთვის უმჯობესია, რომ იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

ექსპერტი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ ნატოს გაფართოების და ამ კონტექსტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

„თქვეს, რომ ამ განცხადების გამო არ მიიწვიეს ვილნიუსში. ეს მარტივად ბათილდება – პრემიერი ვიზიტით იყო რეიკიავიკში, სადაც ეს სიტყვა მაისში წარმოთქვა, მანამდე იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა წარმოდგენილი იქნებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრით. რაც შეეხება ფრაზას, თუ სწორად მახსოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვეს შეკითხვა, რომ ღარიბაშვილმა თქვა, თითქოს ნატო საფრთხის შემცველია და ამის გამო აიწია თემა. იგივე თქვა სტოლტენბერგმა მანამდე, სამიტამდე. რაში გვჭირდება ეს განცხადებები – გავიხსენოთ პუტინის მუქარები და ულტიმატუმები. უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე ულტიმატუმები წაუყენა ნატოს – დაუბრუნდით 30 წლის წინანდელ საზღვრებსო. ანუ, პირდაპირ იყო დაფიქსირებული, თუ რის გამო იწყებდა ამ ომს. თითიდან გამოწოვილია და სირცხვილია, რომ ამ თემებზე მსჯელობა გვიწევს“, – განაცხადა სალუქვაძემ.