მოლდოვა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიშენეუმ, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.
პირველი შეთანხმება, რომლის დენონსაციასაც მოლდოვა აპირებს, ეხება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, ხოლო მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპექტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას.
ყველა ეს შეთანხმება 1990-იან წლებშია გაფორმებული. მოლდოვა დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მიმდინარე წლის თებერვალში თქვა, რომ მოლდოვა დსთ-ს ათობით ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.