“კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი – დაშავდა” – ომის 505-ე დღე

80
spot_img

რუსეთ -უკრაინის ომის 505-ე დღე

“რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი – დაშავდა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, გარდაცვლილის ცხედარი პოდოლსკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის პოდოლსკისა და კიდევ სამ რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, არის ნგრევა.

შეგახსენებთ, რუსეთი კიევზე საჰაერო თავდასხმას ზედიზედ მესამე ღამეა ახორციელებს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს 10-მდე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც რუსებმა კიევზე თავდასასხმელად გამოიყენეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზედიზედ მესამე დღეა, კიევს Shahed-ის საბრძოლო მასალით ესხმიან თავს. წუხელ ირანული დრონებით მასიური თავდასხმა მოხდა. უპილოტო საფრენ აპარატები დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ. კიევის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებით მტრის ათამდე სამიზნე გაანადგურეს“, – დაწერა პოპკომ „ტელეგრამზე“.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 – დაშავდა.

“უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 35-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა,” – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ 15 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

„წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 64-ჯერ გაუხსნა.

„სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების მართვის პუნქტი, 16 საარტილერიო საშუალება, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.

„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე – ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.