“მიზანი ომისა, რაც საქართველოს გამოუცხადეს, მართლმსაჯულების აკრძალვაა”- დავით ზარდიაშვილი

172
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დავით ზარდიაშვილი

“ამაზრზენია, პირდაპირ ჯოჯოხეთურ ოხშივარად ყარს, როცა უკრაინა თავში უდგება საერთაშორისო მოძრაობას “სააკაშვილის დასახსნელად” და ამისათვის მუდმივმოქმედ ე.წ. კონფერენციას აარსებს. გლობალური ომის პარტიის, რომლის მახვილადაც იქცა ეს ცეცხლს მიცემული ქვეყანა, მიერ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დასახსნელად ბრძოლა არის უკვე გამოცხადებული ომი, რათა გატეხონ ჩვენი ერის სუვერენული ნება და აგვიკრძალონ მართლმსაჯულება, ანუ: წაგვართვან სჯული -სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა და საბოლოოდ დაასამარონ სამართლის იდეა საქართველოში. საზიზღრობაა, სიბილწეა, როცა ამ მურდალ საქმეში იყენებენ უკრაინას, რომელიც თითქოსდა “ბოროტებასთან ბრძოლის” სიმბოლოდ აღიქმება ე.წ. თავისუფალ სამყაროში. ესაა სწორედ ძალიან მკაფიო საბუთი, აი, იმ არეულ-დარეულობისა, იმ დიდი დიფუზიისა, რისი დანახვაც ბევრს ჯიუტად არ სურს. ნუთუ ვერ ხედავენ – როგორ შეიძლება იგივე ხალხი, რომელიც თითქოსდა მსოფლიო ბოროტებას ებრძვის, საქართველოსთვის სჯულის წასართმევად იბრძოდეს? თურმე – შეიძლება. ხდება სწორედ ის, რომ საფრთხე, რაც გვემუქრება – განურჩეველი ხდება: ამ დიფუზიურ ომში “დაუძინებელი მეგობარი” გაცილებით საშიშია, ვიდრე აშკარა მტერი.

მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ კონკრეტულად სააკაშვილის პიროვნებაა პრობლემა. არა! სააკაშვილი მხოლოდ სახეა ამ საბედისწერო დაპირისპირებისა. მიზანი ომისა, რაც საქართველოს გამოუცხადეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოსათვის – მართლმსაჯულების აკრძალვაა და არა მარტო საქართველოსათვის. სიმართლის და სამართლის ნება – კაცობრიობას უნდა გაუქრეს. შეხედეთ: საქართველოს მრავალ ათასწლოვან ისტორიაში თითით საჩვენებელი ეს ბოროტმოქმედი – სააკაშვილი უნდა აღიქმებოდეს “პუტინთან ბრძოლის რაინდად”, “დემოკრატიის შუქურად” და აწ უკვე წამებულ წმინდანადაც კი! ხოლო ეს მასხარა ზელენსკი, ლამის არის მესიად, კაცობრიობის მხსნელად “რუსული ავტორიტარიზმის ჯოჯოხეთისგან”. თუ ვინმე უარყოფს, რომ ეს არის კაცობრიობის და არა მხოლოდ საქართველოს, წინააღმდეგ მიმართული დიდი შეთქმულების ნაწილი, საერთოდ ვერ გაიგებს რა ხდება, სანამ ეს უდიდესი ბოროტება მასაც არ შთანთქავს. შეხედეთ ისევ ზელენსკის, მის გამომეტყველებას: როგორი ავი სიბოროტე გამოსჭვივის მის მიმიკასა და ყოველ სიტყვაში, როცა საქართველოზე ლაპარაკობს. რატომ? რისთვის? სწორედ იმიტომ და იმისთვის, რომ ამ მსოფლიო სიშლეგეში, ამ გამაოგნებელ არეულ-დარეულობაში, როცა ყველაფერი ძირფესვიანად დეფორმირებულია, როცა ფუნდამენტურად ინგრევა საზღვრები, არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ საზღვრები, მიჯნა კეთილისა და ბოროტისა, სიცრუისა და სიმართლისა, კეთილგონივრულობისა და სირეგვნისა, ქველმოქმედებისა და ბოროტმოქმედებისა, ომისა და მშვიდობისა და სხვ და ა.შ. საქართველო ფეხს არ იცვლის და სჯულს ინახავს. უფალს, სიმართლესა და სამართალს არ ღალატობს და რაც ძალი და ღონე შესწევს – იცავს!

სჯულის შენახვაა, სხვა არც არაფერი – როცა სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სამართლიანი მსჯავრი უნდა აღსრულდეს! სხვაგვარად ვერ იქნება, რადგან: იყავნ ნება უფლისა, სიმართლისა, სამართლისა, სჯულისა, სუვერენული ქართველი ხალხისა და არა ამ მურდალი ავაზაკებისა! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევიან და უნდა იცოდნენ – საქართველო მარად მცველია: უფლის კვართის და სჯულის მცველი!