Home Blog Page 2006

,,რაც არ უნდა სხვადასხვა ფერის მაისურები ჩაიცვან საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“ – თალაკვაძე 

ხაბეიშვილმა რომ აღიარა ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება ამ ქვეყანაში, ეს ცხადია. ამ განცხადებით მან აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ერთი კაცის, სააკაშვილის პარტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ  „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში იქნება ჩართული, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის განცხადებით ნათელი გახდა ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი, კერძოდ ის, რომ მელია სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში საფრტხეს უქმნიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას, ეს პარტია არის ერთი კაცის პარტია და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სააკაშვილის, მერაბიშვილის, იმ ადამიანების დაბრუნებას ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხმა 2012 წელს, არჩევნებით და საკმაოდ სერიოზული ძალისხმევით გაისტუმრა. რომ არ ყოფილიყო მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, ხელისუფლება სისხლიანი დაპირისპირებისთვისაც მზად იყო და ამისთვის ჰქონდათ ყველანაირი რეზერვი შექმნილი. კიდევ დაადასტურა, რომ მელია იმიტომ გადააყენეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში და მოიყვანეს ხაბეიშვილი, რომელიც ამ განცხადებებს გააკეთებს, რომ ის არის დროებითი მსახური და ადგილს უნახავს სააკაშვილს – ეს არის მისი განცხადება, რომ მე ადგილს ვუნახავ სააკაშვილს, არ ვიფიქროთ, რომ ვაშაძეს ან სხვებს ამაზე ჰქონდეთ პრეტენზია, ყველა ეთანხმება. კარგია, რომ ყველაფერს ერქმევა ისევ თავისი სახელი და რაც არ უნდა სხვადასხვა ფერის მაისურები ჩაიცვან და სხვადასხვა ნომრები აიღონ, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა. სასიამოვნო ცნობამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ და შემოსავალი მოგიტანოთ. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შეგიძლიათ, პარტნიორებისა და მეგობრების დახმარების იმედი ნებისმიერ საქმეში გქონდეთ. პირად ცხოვრებაში წარმატება და აღიარება გელით.

 

კურო
ვენერას რეგრესული მოძრაობა საყვარელ ადამიანთან კამათს გამოიწვევს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტთ თუ არა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ექიმს დროულად მიმართეთ.

 

ტყუპები
თამამად იარეთ წინ – ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. მარტოხელა ან თავგადასავლის მაძიებელ ტყუპებს რომანტიკული თავგადასავალი ელით, თუმცა ვენერას რეგრესული მოძრაობის გამო ნაცნობობა კამათით ან სკანდალით დასრულდება.

 

კირჩხიბი
გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბები. რთული დღე გელით. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფ ადამიანებს – შესაძლოა, მათში უამრავი ახალი ღირსება აღმოაჩინოთ. სამსახურებრივი პრობლემები დროთა განმავლობაში მოგვარდება და სულიერ წონასწორობას აღიდგენთ.

 

ლომი
ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები წინა კვირის ჩანაფიქრის განხორციელებას გპირდებიან. შესანიშნავი დროა საქმიანი კონტაქტებისთვის, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის, ქორწინებისთვის, პაემნებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება.

 

ქალწული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ნებისმიერ საქმეში მეგობრებისა და პარტნიორების იმედი უნდა გქონდეთ – მათი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. მარტოხელა ქალწულებს პირად ცხოვრებაში წარმატება და აღიარება ელით, თუმცა საყვარელი ადამიანისთვის დიდხანს მოგიწევთ საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობაში დარწმუნება.

 

სასწორი
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. კომერციულ საქმიანობაში აქტიურობა ფინანსურად დაგაზარალებთ. სიზმარი პირიქით აგიხდებათ.

 

მორიელი
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის, ოჯახური დღესასწაულებისთვის და სტუმრების მიღებისთვის. თქვენი კეთილი, მგრძნობიარე ხასიათი და ორიგინალური აზროვნება ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. საკუთარი შეხედულებების დაცვა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესაძლოა, კუროს ან თევზის ნიშნის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყროთ, თუმცა ნაცნობობა მალე კამათით და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება.

 

თხის რქა
ვარსკვლავების განლაგება ისევ არახელსაყრელია პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარემ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. უსიამოვნო შეტყობინებამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ. ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისგან მატერიალური მხარდაჭერა ან ფასეული რჩევა გელით.

 

მერწყული
ეს დღე ძალადობასა და დევნას უკავშირდება. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით, ამიტომ მიმდინარე საქმეები სასწრაფოდ უნდა დაასრულოთ. ამ დღეს საზოგადოებრივ და ხალხის თავშეყრის ადგილებს უნდა ერიდოთ.

 

თევზები
ეს დღე აგრესიასა და პროვოკაციებს განასახიერებს. ეცადეთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ნერვიულობა სიტუაციას მხოლოდ გაართულებს. გარშემომყოფ ადამიანებთან კამათი და გაუგებრობა გელით. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და მთელი ყურადღება ბავშვების პრობლემებზე გადაიტანოთ

,,არაა გამორიცხული, რომ მას საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკური ინტერესები აქვს ”-თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას პოზიციაზე, მედიასთან ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ხოლო ევროპის ქვეყნების პარლამენტარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს.

თალაკვაძის განცხადებით, დავით არახამიას განცხადებები აცდენილია სიმართლეს და რეალობას. მისივე თქმით, არახამიაც იმ ხაზის ნაწილია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს. „ბატონი არახამიას განცხადებები და რიტორიკა ყველაფერს არის აცილებული. მე არ ვფიქრობ, რომ ის ამ შემთხვევაში უკრაინას და უკრაინელ ხალხს წარმოადგენს. ის აცილებულია ამ შემთხვევაში სიმართლეს და რეალობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს.

არ არის გამორიცხული, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, რომ ის არის აქაური დასუსტებული ოპოზიციის უფროსი კოორდინატორიც, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გარჩევებს უკრაინის ხელისუფლებასთან, სანამ უკრაინა უმძიმეს ომშია და იცავს საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას. პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ვდგავართ უკრაინის დასახმარებლად, თორემ, თუ ის ამაყობს ქართული წარმომავლობით და ქართული ფესვებით, როგორც მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა და დაპირისპირება არცერთ ქართველს მოუგია ისტორიაში და რა თქმა უნდა ვერც არახამია მოიგებს. აქედან გამომდინარე, სანამ ომია, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას ვუსურვოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ და დაბრუნდეს მშვიდობიანი დღეები უკრაინაში, დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ ძალიან მალე. ისტორია ამ წონასწორობას დაადგენს და ყველა ვინ რას და როგორ აკეთებდა ამასაც ისტორია შეაფასებს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,,მაქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც იყო “ქართულ ოცნებაში”- ბესელია

ეკა ბესელია მოლაპარაკებებს მართავს “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერებთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ალტერნატიული მოძრაობის შესაქმნელად.

როგორც მან პირველ არხთან საუბრისას განაცხადა,  ეს არ იქნება გაერთიანებული არც მმართველ პარტიასთან და არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”

“ერთ-ერთი კონფიგურაცია, რაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ამ იდეას ჰყავს მხარდამჭერებიც, სხვათაშორის ამაზე გახარია დიდი ხანია საუბრობს, ეს არის არა “ქართული ოცნების” და არა “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ გაერთიანება, არამედ ალტერნატივა, სადაც ის ადამიანები: პოლიტიკოსები, პარტიები, შეიძლება სამოქალაქო აქტივისტები, ვისაც უფრო მეტი საერთო აქვს წარსულში და ასეთები შეიძლება იყვნენ სწორედ “ქართული ოცნების” სადავეებთან, ამ პარტიის შექმნამდე ვინც გვყავდა თანამოაზრე, ან იმის შემდეგ. 

მე მაქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც იყო “ქართულ ოცნებაში”, გვარებს დღეს არ ვასახელებ”– განაცხადა ეკა ბესელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელია გვარებს არ ასახელებს, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, მისი და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მევენახეებისთვის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, 2023 წლის რთველთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 2023 წელსაც განხორციელდება.

მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მნიშვნელოვან უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გვქონდა შეხვედრა მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს, თითოეულმა მევენახემ შეუფერხებლად ჩააბაროს ყურძენი და, ამავდროულად, სათანადო შემოსავალი მიიღოს. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. პრიორიტეტულ ბაზრებზე ვახორციელებთ აქტიურ კამპანიას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომლის შედეგადაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა; შარშან 30%-მდე ზრდა გვქონდა და ამ დინამიკას წელსაც ვინარჩუნებთ. ზრდა გვაქვს სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლებშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე განხორციელდება სუბსიდირება 20 თეთრის ოდენობით. გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

,,უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებელია”- The Telegraph

„ექვსი კვირის შემდეგ მნიშვნელოვანი გარღვევის არარსებობა ღირს კითხვად – შეძლებს თუ არა უკრაინის კონტრშეტევა ოდესმე იქცეს წარმატებულად, რადგან ახლა, ნამდვილად არ ეტყობა, რომ წარმატების მიღწევის პროცესში იყოს“, – ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელსაც The Telegraph ავრცელებს.

სტატიის ავტორი მკითხველს მიმართავს, დღევანდელი „გაყინული, თუმცა ძვირად ღირებული პროგრესი“ შეადარონ „გასული წლის ელვისებურ გამარჯვებებს ხარკოვსა და ხერსონში, როცა უკრაინელები უტევდნენ მტერს, რომელიც ჯარების გადაჯგუფებისა და ადგილის დროზე გაცვლის მიზნით იხევდა უკან“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მობილიზაციის ხარჯზე ძალების მოკრებვით და ფართო თავდაცვითი ხაზების გათხრით, რუსები ამჯერად აღარსად წავლენ.

„ამან უკრაინას ერთი ვარიანტი დაუტოვა – ფრონტალური შეტევების განხორციელება მძიმედ დაცულ პოზიციებზე, თითქმის ისეთივე, როგორიც პირველი მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტზე იყო, სადაც განუწყვეტლივ თხრილები გადიოდა შვეიცარიიდან ზღვამდე და ოთხი წლის განმავლობაში ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია გადამწყვეტ გარღვევას.

მოვლენების ასეთი განვითარება დღეს, კიევს დაუცველს დატოვებდა დასავლეთში განწყობების ცვლილებასთან, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის ან ევროპელების გადაღლის შესაძლებლობას“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ეს ის არის, რაც წესით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს – „და შესაძლოა, ეს დიდ შეშფოთებასაც იწვევდეს“.

სტატიაში ისმის კითხვა – მზად არიან თუ არა უკრაინელები (სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით) თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაში განახორციელონ ეს შეტევები, რომ 1914-1918 წლების სტილის თავდაცვით სარტყლებში შეაღწიონ სატანკო ხაფანგების, მავთულხლართების, დანაღმული მდელოების, ბუნკერების და სანგრების ხაზებში?

„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს რუსული სიმაგრეები აღწერა, როგორც „სამხედრო თავდაცვითი სამუშაოების ერთ-ერთი ყველაზე ფართო სისტემა, რაც კი ოდესმე უნახავთ მსოფლიოში”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხრეთით, რომელიც ამ ეტაპზე, როგორც ჩანს კიევის ძალისხმევის მთავარი მიმართულებაა, რელიეფი ძირითადად ღია სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან შედგება, ცოტაოდენი დაფარული მისადგომით, რაც მოულოდნელობის ეფექტს, როგორც ომში წარმატების მიღწევის გადამწყვეტ ფაქტორს, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის – „მოულოდნელობის ფაქტორის არარსებობა, მხოლოდ აღრმავებს კიევის საბრძოლო არასრულფასოვნებას“, – წერს ავტორი.

სტატიის მიხედვით, ჯავშანტექნიკის მძაფრი დეფიციტი მიანიშნებს, რომ კიევი ამ კონტრშეტევას დიდი სიფრთხილით უდგება.

„NATO-ს მიერ მიწოდებული მრავალი ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გამოეთიშა ბრძოლას ადრეული შეტევების დროს და შესაბამისად, ისინი დარჩენილი საშუალებების უფრთხილდებიან, რომ ზედმეტად დიდი დანაკარგები თავიდან აირიდონ“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ მხოლოდ თამამი და შეთანხმებული, მძიმე ტექნიკით მასირებული შეტევის შედეგად არის შესაძლებელი რუსებზე გამარჯვება.

„მაშინ, რაშია პრობლემის სათავე?“ – ვკითხულობთ სტატიაში – „კიევში ზოგი მიუთითებს საჰაერო დახმარების არარსებობაზე და ხაზს უსვამს დასავლელ პარტნიორებში სურვილის არქონას, უკრაინას მიაწოდონ F-16 ტიპის თვითმფრინავები (თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა უკვე აიღო პილოტების გადამზადების ვალდებულება)“, – ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს, კიევის გადაუდებელ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, რადგან თვეები სჭირდება წვრთნას და კიდევ არაერთი თვე თვითმფრინავების გადაცემას.

„გარდა ამისა, როგორც ამერიკის მთავარი გენერალისგან მარკ მილისგან უკვე მოვისმინეთ, „რუსებს 1 000 მეოთხე თაობის მებრძოლი ჰყავს – თუ თქვენ აპირებთ რუსეთს ჰაერში დაუპირისპირდეთ, დაგჭირდებათ მეოთხე და მეხუთე თაობის მებრძოლების მნიშვნელოვანი რაოდენობა“. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ორი რამ: ეს შეუძლებელია დღევანდელ კონტექსტში და ამასთან, საჰაერო ძალა მაინც არ არის ჯადოსნური ტყვია.

სხვები მიიჩნევენ, რომ NATO-ს მგეგმავებმა და სტრატეგებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ – „თუმცა, ისინი უკვე მნიშვნელოვნად ეხმარებიან, რაც ხანდახან სიკეთის მომტანია, ხანდახან არა“, – წერს სტატიის ავტორი, რომელიც აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინის აღდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია მის უნარზე, დაასრულოს ფრონტალური თავდასხმები – „ეს სტრატეგია სულ მცირე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უარყოფილია სამხედრო თეორეტიკოსების მიერ, რომლებიც სამართლიანად ადიდებენ „ირიბი მიდგომის“ ღირსებებს – როცა მიიწევ მინიმალური წინააღმდეგობის ხაზების გასწვრივ, რათა დაარღვიოს მტრის წონასწორობა, მანამ თავს დაესხმები დასუსტებულ წინა ხაზზე.

დასავლეთმა კი ამ დროს, ყურადღება უნდა გაამახვილოს სწორი პრაქტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, როგორიცაა განაღმვითი კომპლექტი მტრის დაბრკოლებების, კასეტური საბრძოლო მასალისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასაწმენდად. ბალანსის დასაბრუნებლად საჭიროა სახმელეთო ომებზე ფოკუსირება – და არა ცის სიმაღლის ოცნებებზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ზაპოროჟიეში RIA Novosti-ს ჟურნალისტი კასეტურ ბომბს ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში რუსი სამხედრო ჟურნალისტი როსტისლავ ზურავლევი მოკლეს, სამი კი დაჭრილია. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, ჟურნალისტები კასეტური საბრძოლო იარაღით განხორციელებულ დარტყმაში მოჰყვნენ.

CNN რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული ჟურნალისტი საინფორმაციო სააგენტოების RIA Novosti-სა და Izvestia-ს თანამშრომელი იყო და სამოქალაქო ავტომობილით გადაადგილდებოდა ქალაქ ვასილივკას აღმოსავლეთით.

როგორც რუსული გამოცემა RIA Novosti იუწყება, ჟურნალისტი იმ დროს დაიღუპა, როცა რუსი ჯარისკაცები მის ევაკუირებას ცდილობდნენ.

,,დეგნანმა თავი აარიდა ისეთ უხერხულ თემებზე საუბარს” – სარჯველაძე

იმდენად მნიშვნელოვანი ამბები წარმოაჩინა FARA-ზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომ ეს არის თავისი მნიშვნელობით ის საკითხი, რომელსაც ვფიქრობ, ელჩი უნდა გაეცნოს, – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის არ გაცნობია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ.

სარჯველაძის თქმით, ელჩმა ვაშინგტონს უნდა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მისივე თქმით, შესაძლოა, კელი დეგნანი გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა, ამ პასუხით თავი აარიდა ისეთ უხერხულ თემებზე საუბარს, როგორიცაა FARA-ს ანალოგის რუსულ კანონად მონათვლა საქართველოში. “რა თქმა უნდა, ინფორმაციის მოწოდება ვაშინგტონისთვის მისი მხრიდან, იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მათ შორის, სამიზნე ამ ლობისტური საქმიანობის იყო ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. ბუნებრივია, ელჩისთვის ეს საყურადღებო ინფორმაციაა, რომ არა ლობიზმის პრიზმაში გატარებული, არამედ ჭეშმარიტი, გაუმრუდებელი ინფორმაცია მიაწოდოს იგივე კონგრესმენებს ან ზოგადად, დედაქალაქს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

გულწრფელად რომ ვთქვა, მგონია, რომ ინფორმაციას ფლობს FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ . შეიძლება მან ამ გზით, ერთგვარად დიპლომატიური ხერხი გამოიყენა, რომ აერიდებინა უშუალოდ ამ თემაზე საუბარი, მათ შორის, საუბარი იმ თემაზე, რომ რეალურად, ჭეშმარიტი, სწორი ინფორმაცია მიაწოდა ქართულ საზოგადოებას ამერიკაში მოქმედმა “რუსულმა ინსტიტუტმა” FARA-მ – გახსოვთ საქართველოში რა ამბები იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც აშშ ში მოქმედი ზუსტად ის მექანიზმი, რასაც FARA ჰქვია, საქართველოში მოინათლა როგორც რუსული.”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ეს უშნო ფუსფუსი სააკაშვილის და ადეიშვილის კართან ამ ადამიანების საშინელ მარცხს გამოიწვევს”- ცაგარეიშვილი

 

ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. არავითარი გაერთიანება ეს არ არის. ეს არის ვაშაძის და კიდევ რამდენიმე ფიზიკური პირის ჩალიჩი, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით იმისთვის, რომ ისინი როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან პარტიულ სიაში მოხვდნენ 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს არის და ეს თავი და ბოლო ამ ტრაგიკომედიის, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს და რომელსაც ისინი ეძახიან გაერთიანებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცაგარეიშვილის განმარტებით, ვერავითარი გაერთიანება, კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოხდება, რადგან კანონმდებლობით იმპერატიულად ეს აკრძალულია.

„ვერავითარი გაერთიანება, დაბლოკვა, კოალიციის ჩამოყალიბება ჩვენი კანონმდებლობით ვერ მოხდება იმიტომ, რომ ეს არის აკრძალული იმპერატიულად და ნუ ატყუებენ თავისივე ამომრჩეველს და შეცდომაში ნუ შეჰყავთ საზოგადოება. უნდა აღიაროს ვაშაძემ, რომ მან მოიპოვა თავისთვის და სავარაუდოდ თავისი ორი სამი კოლეგისთვის, მისივე ე.წ. პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ადგილი. ეს არის და ეს. ამას რა დაერქმევა – პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი, ვიცე-პრემიერობის სავარაუდო კანდიდატი, თუ სხვა „მომხიბვლელ“ სახელს მოუფიქრებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია აქედან დავაკვირდეთ ამ საკმაოდ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს. მაგრამ ამასობაში ბოლო ორი თვის მანძილზე მეხუთე თუ მეექვსე პრემიერობის კანდიდატია უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“, დაწყებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე კრიმინალი სააკაშვილით, დამთავრებული ამ კომიკური ვაშაძით. შუაში იყო კიდევ რამდენიმე პერსონა, იყო ხაბეიშვილზე საუბარი, არის გვარამიაზე და კიდევ რამდენიმე ადამიანზეა საუბარი. ერთმანეთში ვერ გარკვეულან ჯერ, რა უნდათ ერთმანეთისგან. ამასობაში, იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო რეგისტრირებული, რომელსაც თუ არ ვცდები რეფორმების ჯგუფი ერქვა, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსი და პარტია იყო გაერთიანებული, იქიდან აგდებენ ვაშაძეს მანჯგალაძესთან ერთად. თქვენ ნახეთ ქალბატონი სამნიძის, აქუბარდიას შეფასებები და პირდაპირ ეუბნებიან, რომ გადაბრძანდით რამდენიმე რიგით წინ, იქ არის თქვენი ადგილი სხდომათა დარბაზში. ჩვენთან თქვენ ვეღარ იქნებით, რაც პრინციპში ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ ისე გამოჩნდა, ვაშაძის ეს გადაწყვეტილება თანაჯგუფელებთან არ იყო შეთანხმებული პარლამენტში, მათ ზურგს უკან მოხდა ეს ყველაფერი. სხვათა შორის, გულისტკივილით აღნიშნავს ქალბატონი სამნიძე, რომ ეს მეორედ მოხდა უკვე. პირველ ჯერზე გახსოვთ, გაურკვეველი ჯგუფი შეიქმნა ხოშტარიას და ჯაფარიძის მონაწილეობით. ისინიც მიატოვა შუა გზაში, სადღაც კვიპროსის მიდამოებში. ეტყობა კეზერაშვილის ალაყაფის კართან იყვნენ ეს ადამიანები ხელ გამოწვდილები, გაქანდა და პირდაპირ სააკაშვილის უბეში აღმოჩნდა, სადაც არის მისი ადგილი. სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის ამ დანაშაულებრივი, საშინელი, აღვირახსნილი, არაადამიანური რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელის, მთავარი არქიტექტორის, ადეიშვილის ხელის ბიჭი და მის ჩრდილში გამოიზარდა. რად გამოიზარდა კი ხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადეიშვილის ხელწერა არის და შეიძლება უფრო სიღრმისეული პრობლემები გამოჩნდეს იქ. როცა „პრემიერობის“ კიდევ ერთი მომხიბვლელი კანდიდატი გამოჩნდა ჰორიზონტზე გვარამიას თაოსნობით, მაშინ აღმოჩნდა ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე ხელს გიბიძგებთ, რომ ამ მიმართულებითაც იაზროვნოთ – რატომ ემთხვევა ასეთი რაღაცები ერთმანეთს და რაშია საქმე. ისე რომ, მთელი ეს უშნო ფუსფუსი სააკაშვილის და ადეიშვილის კართან გამოიწვევს ამ ადამიანების საშინელ მარცხს. ეს გაუგებარი ნაბიჯები ყელში ამოუვიდა საზოგადოებას და გარწმუნებთ ნაკლებად აინტერესებს ვინ ვისთან ერთიანდება, უბრალოდ რადგანაც ჩვენ აქ ვართ და ვაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენი ვალდებულებები გაგვაჩნია ამაზე, რაღაც რეაგირება მოვახდინოთ და ჩვენი დამოუკიდებელი შეფასება გვქონდეს, თორემ დამერწმუნეთ ნაკლებად აღელვებს ვინ ვისთან გაერთიანდება. საზოგადოება სხვა რამეზე ფიქრობს. ფიქრობს უმთავრესზე-მშვიდობაზე, რომ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაზე, ამ საშინელ დროში, რაშიც ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

,,ვწუხვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ვერ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე“- ჰერმან საბო

შეიძლება მათ დაარქვეს გამარჯვების პლატფორმა, მაგრამ ეს არის დამარცხების ფორმულით , – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის შეფასებისას განაცხადა.

„ასეთი ფორმით მექანიკურ გაერთიანებებს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, რომლის მთავარი იდეაა, რომ ბიძინა ცუდია, „ქართული ოცნება“ ძალიან მარტივად უგებს ბოლო 10-11 წელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ვერ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე“, – განაცხადა საბომ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.

,,სააკაშვილის აუცილებლად გავათავისუფლებთ”- ვაშაძე

მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფუძნებულ „გამარჯვების პლატფორმასთან“ დაკავშირებით განუცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი სტრატეგია არის მხოლოდ გამარჯვება.

ამასთან, ექნება თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და შეათანხმებს თუ არა მასთან გადაწყვეტილებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მას აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მასთან მქონდა კომუნიკაცია. ვაპირებ, გავაგრძელო კომუნიკაცია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან და მას აუცილებლად გავათავისუფლებთ. გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

“აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით?”- ზარქუა

აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტმა ფარდა ახადა იმ ლობისტურ საქმიანობას, ეს როგორ არ აქვს წაკითხული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კერძოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.

„რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტებმა ფარდა ახადეს იმ ლობისტურ საქმიანობას. ეს როგორ არ აქვს წაკითხული, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში ეხება პატიმარ სააკაშვილს, მის დაფინანსებულ კამპანიას და, ამ კამპანიის შედეგად, შემდეგ უკვე ევროპარლამენტარებისა თუ სენატორების განცხადებებს, რაც ეხება ჩემს ქვეყანას, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შავი პიარი ხორციელდებოდა. ამაზე რეაგირება ისე, რომ იცი რა, წაკითხული არ მაქვს და არ ვიცი, რაზეა საუბარი, ძალიან სამწუხაროა.

იცით, რომ ახალი ელჩი დაინიშნება და ეს ბოლო დღეებია ქალბატონი დეგნანი საქართველოში, ვწუხვარ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები წინ ვერ წასწია, რბილად რომ ვთქვათ, რადგან წლებია, საქართველო დამსახურებულად ითხოვს, მათ შორის გამარტივებულ მიმოსვლას აშშ-თან, რადგან ის ჩვენი მთავარი პარტნიორია, თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ეს ევროკავშირთან გვაქვს, სამწუხაროდ, არ არის, ასევე პირდაპირ რეისებს. მგონია, შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ მიმართულებით. მისი განცხადებებით კი, მრჩება შთაბეჭდილება, პირიქით, ხელი შეუწყო პოლარიზაციას და ეს ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ, ახალ ელჩთან ახალი შემართებით შევძლებთ საერთო, საქართველოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმართვას და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ახალი ელჩის პირობებში აშშ-სა და ევროატლანტიკურ სივრცეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ