ინდოეთის ყოველდღიურ გაზეთ „ინდიან ექსპრესში“ (The Indian Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხმები რუსეთის დაცემისა და კრახის შესახებ გადაჭარბებულია“ (ავტორი – პხუნჩო სტობმანი, ყოფილი ელჩი, ნიუ-დელის სამხედრო კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ისინი, ვინც დისკუსიაში მონაწილეობენ გლობალური პოლიტიკის თემაზე, ძალიან გადაჭარბებულ დასკვნებს აკეთებენ რუსეთ-უკრაინის ომის ფინალთან მიმართებით, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: დასავლური პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რუსეთი ომით დასუსტდა, მისი ეკონომიკა დანგრეულია, ხოლო კრემლის დამარცხება მხოლოდ დროის საქმეა. კაცმა რომ თქვას, მათ აქვთ გარკვეული არგუმენტები თავიანთი თვალსაზრისითვის: რუსეთმა მართლაც ვერ შეასრულა ის მიზნები, რასაც თავდაპირველად აცხადებდა უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისა და ხელისუფლების შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, კრემლის რეპუტაცია დაიჩრდილა, რუსეთის არმია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.
თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: დასავლეთის კრიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვი ომს იგებს და პოზიტიურად მიიჩნევენ იმას, რომ ვლადიმერ პუტინმა ნატოს ავი საქმეები ყველას დაანახა.
გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ განწყობილმა საზოგადოებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ისიც, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია აკონტროლებს ყირიმს და დონბასის უმეტეს ნაწილს, მოსკოვის არმიას შეუძლია დამატებითი ტერიტორიების დაკავებაც, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.
როგორიც არ უნდა იყოს კონფლიქტის დასასრული, ვლადიმერ პუტინი საეჭვოა დათანხმდეს ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. ეს გარემოება უკრაინის პოზიციებს ძალიან დაასუსტებს პერსპექტიული სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. საბოლოო ჯამში რჩება გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელსაც თან ახლავს გამალებული შეიარაღება და დიდი თანხების ხარჯვა თავდაცვაზე, რაც, ბუნებრივია, ევროპას კისერზე დააწვება. როგორიც არ უნდა იყოს ომის დასასრული, რუსეთი მაინც დარჩება ევროპის უსაფრთხოების საკვანძო ელემენტად. თუ უკრაინა ომს წააგებს და საომარი მოქმედებები დასრულდება, ევროკავშირს უამრავი პრობლემა ექნება: ქვეყნის აღდგენას ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება დაჭირდება. საიდან მისცემს ევროპა უკრაინას საკმარის ენერგორესურსებს, როცა თვითონაც პრობლემების წინაშე დგას? უეჭველია, აუცილებელი გახდება რუსული ნავთობი და გაზი, რომელიც კრემლს თავზესაყრელი აქვს. გასათვალისწინებელიაისიც, რომ რუსეთის ბირთვული სახელმწიფოა, ეს გარემოება კი მას ნებას აძლევს გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სტრატეგიულ ბალანსზე.
ამრიგად, დასავლეთს (ამერიკას და ევროპას) სურს თუ არ სურს, მათ მაინც მოუწევთ რუსეთის პოლიტიკის მხედველობაში მიღება, მისი ჩართვა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში.
რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აშშ-ის გავლენა ევროპაზე. ვაშინგტონი თავის გადამწყვეტ „სიტყვას იტყვის“ რუსეთის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართვის დროს. თავის მხრივ, მოსკოვის სამომავლო საგარეო პოლიტიკას ბევრად განსაზღვრავს არამარტო უკრაინის ომი, არამედ ისიც, თუ როგორ გადაწყდება კონფლიქტი ღაზას სექტორში. კრემლი, ტრადიციულად, უფრო მეტად შეეცდება დაიცვას პალეტინელების ინტერესები.
დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსულ სტრატეგიულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია ის, რომ რუსებს სხვა ქვეყნებიდან მომეტებული საფრთხისა და მუქარების ღრმა შეგრძნება აქვთ. ამის მაგალითია კარიბის 1962 წლის კრიზისის და 1980-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მწვავე დაძაბულობა, ევროპაში ამერიკული და საბჭოთა რაკეტების განლაგების გამო.
21-ე საუკუნეში კი სიტუაციის გამწვავება შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, დასავლეთს ყურადღება რომ მიექცია კრემლის განცხადებებისადმი (ჯერ კიდევ 2007 წლის მიუნჰენის კონფერენციაზე) და რომ არ მოეხდინა რუსეთის არაერთი გაფრთხილების იგნორირება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.
ომმა რუსეთის ეკონომიკის სიმტკიცე აჩვენა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნნელი აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებამ წინა წლებში, როცა ნავთობზე მაღალი ფასები იყო, სავალუტო მარაგი შექმნა. მოსკოვი სწორედ ენერგეტიკის სფერომ გადაარჩინა – რუსული ენერგოშემცვლები ევროპის ნაცვლად, ახლა აზიაში იყიდება. მოსკოვა მეტ-ნაკლებად წარმატებით განახორციელა ენერგეტიკული ნედლეულის ნაკადის გადამისამართება ევროპიდან აზიისაკენ – ინდოეთისა და ჩინეთისაკენ. ასევე მოახდინა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება, მესამე ქვეყნებზე ტრანზიტის მეშვეობით. კრემლის ასეთი ნაბიჯი ფაქტიურად, მსოფლიო ბალანსისათვის ისტორიულ გარდატეხას ნიშნავს.
ინდოეთის ოფიციალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით რეალიზმს ემყარება, მაგრამ დამკვირვებლები და ანალიტიკოსები უფრო მეტად დასავლეთის არასწორი დასკვნებით სარგებლობენ, რომ რუსეთის შესახებ რაც შეიძლება მეტი მცდარი აზრი გაავრცელონ, აკრიტიკონ ვლადიმერ პუტინი „ომის არჩევანისთვის“. არადა, რუსეთის პოტენციალის ობიექტურად, აწონილ-დაწონილად შეფასება აუცილებელია, ნაადრევი უსაფუძვლო დასკვნები კი მათ [ბუმერანგივით] უკან დაუბრუნდებათ.