საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
2023 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა. საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა 1 015 024 ვიზიტორს უმასპინძლა.
გასულ წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% ( 589 841 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
• მარტვილის კანიონს
• პრომეთეს მღვიმეს
• მტირალას ეროვნულ პარკს
• სათაფლიას
• წალკის კანიონს
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მოსაწყობი სამუშაოები, რათა კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა.
“ბარიერს მიღმა პარტიების დარჩენა „ქართული ოცნების“ ინტერესშია – გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია”
ორი წლის წინ, ზაფხულში, გიორგი ვაშაძის ინიციატივით, სპეციალური შეხვედრაც შედგა „ლელოსთან”, „დროასთან“ და „გირჩთან“, რომ სწორედ ეს შუა გაერთიანებულიყო – კარგია რომ ახლა მოახერხონ, ესაა ერთადერთი გამოსავალი, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესია პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ, ხმები დაიკარგოს და გადაუნაწილებელი მანდატები მიიღონ.
„როგორ შეიძლება „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყოს გაერთიანებების რაიმე ფორმით წინააღმდეგი, პირიქით, ამას მოვუწოდებდით ჩვენ. მეტიც, ორი წლის წინ, ზაფხულში გიორგი ვაშაძის ინიციატივით სპეციალური შეხვედრაც კი შედგა „ლელოს“, „დროას“, „გირჩს“ შორის, რომ სწორედ ეს შუა გაერთიანებულიყო. კარგია, რომ ორი წლის შემდეგ მივიდნენ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე. მართლა კარგია და ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ჩვენ ამას ვთავაზობდით ყველას და ვერავინ იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამას არ ამბობდა. მაშინ რომ ვერ მოხერხდა ეს ყველაფერი, ძალიან ვწუხვარ, კარგია, რომ ახლა მოახერხონ, წარმატებას ვუსურვებ, ყველანაირი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან ბარიერს მიღმა პარტიების დარჩენა „ქართული ოცნების“ ინტერესშია. ელემენტარული მათემატიკაა. 2016 წელს 5%-იანი ბარიერის გამო 20% დაიკარგა, ეს არის დაახლოებით, 30 მანდატი, საიდანაც 15 მანდატზე მეტი წაიღო „ოცნებამ“. ახლაც ამის იმედი აქვთ, რომ პარტიების განსხვავებებიდან გამომდინარე გაერთიანებას ვერ მოახერხებენ. გასაკვირი ჩემთვის, როცა პარტიული იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ, პარტიულ იდენტობას კი არა, ქვეყანას დავკარგავთ. პარტიები არაფერს დაკარგავენ, შენი გაკეთებული საქმე და ქვეყნის ერთიანობაში ჩადებული ინვესტიცია არსად დაიკარგება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
“ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად” – სოფო ჯაფარიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ რუსული სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, როგორც „პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული“.
როგორც მან მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელები „სრული სიმკაცრით“ დაისაჯონ.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად „ქართული ოცნება“ უნდა აკეთებდეს. ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ასევე ეხმაურება, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას. თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული. დღევანდელი რეზოლუცია თამაზ გინტურის კიდევ ერთი გამარჯვებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაზ გინტურის მკვლელები სრული სიმკაცრით დაისაჯონ. სამწუხაროდ, დღეს რასაც უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად. მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ამასთან, ბრიფინგზე რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური იმყოფებოდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მადლობა გადაუხადა.
გურამიშვილის გამზირზე, ახალგაზრდა ქალი მაღალი სართულიდან გადმოვარდა – დეტალები
გურამიშვილის გამზირზე, მაღალი სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ჯერჯერობით ასევე უცნობია შემთხვევა თვითმკვლელობას ეხება თუ არა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მაშველები ინდოეთის მაღაროში ჩარჩენილი მეშახტეების ამოყვანას მომდევნო 12-15 საათში შეძლებენ
ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ სამაშველო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მაშველები შახტაში ჩარჩენილი მუშების ამოყვანას მომდევნო 12-15 საათის განმავლობაში მომახერხებენ.
ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვა გახდა საჭირო. უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყრის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა
“ჩვენი მიზანია შეიქმნას ევროკავშირის სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც სანქციების დაწესებაში დაგვეხმარება”
დიდი მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და ამ რეზოლუციაზე ღირებული კონტრიბუციისთვის. საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის ომის ვეტერანი თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, როდესაც მეგობართან ერთად ეკლესიაში მიდიოდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ეხებოდა.
„გინტური მოკლეს და საქართველოს მეორე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჩვენი მიზანია შეიქმნას ევროკავშირის სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც უდანაშაულო ადამიანების, ამ ქვეყნის პატრიოტების წინააღმდეგ ჩადენილ ამ და მსგავსი სახის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა ფოტიგამ.
სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური დაიღუპა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა – BBC
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც თავდასხმის ობიექტსაც სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათის მიმართულებით გაუშვეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ რაკეტა იემენიდან აჯანყებულმა ჰუსიტებმა გაუშვეს.
BBC-ის ცნობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთშაბათს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული მიმართულებებით დაპირისპირება კვლავ გრძელდება.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით „ჰამასმა“ პირველ ეტაპზე 50 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელი საპატიმროში მყოფ 150 პალესტინელ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 14 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
კრემლს სურს, საქართველომ უარი თქვას ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება -მარკეტა გრეგოროვა
მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, დაამატოს ახალ სანქციებს მათი გვარები, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე, კრემლს სურს, ისინი შიშში ცხოვრობდნენ და უარი თქვან ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება, – ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
„ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველო მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩემი ფიქრები თქვენთანაა. მე არ ვასხვავებ ერთი ადამიანის მკვლელობას ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისგან, რადგან ყველა დანაშაულს უნდა მოჰყვეს თანაბრად ძლიერი რეაქცია. როდესაც რუსეთმა დაიწყო მეზობელი უკრაინელების მკვლელობა, ჩვენ მივიღეთ მკაცრი რეაგირება სანქციებით. ჩვენს სამეზობლოში კიდევ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელწიფო, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები იტაცებენ, კლავენ. არის საქართველო უფრო შორს? დიახ. აქვს ამას მნიშვნელობა? არა. მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, დაამატოს შემდეგ სანქციებს ან ახალ სანქციებს მათი გვარები, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ქართველების ტანჯვაზე. კრემლს სურს, ისინი შიშში ცხოვრობდნენ და უარი თქვან ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე დღეს გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ქურციკიძე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე.
ირაკლი ქურციკიძეს აეროპორტიდან რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ და შაბათს დაკრძალავენ.
თამაზ გინტურის საზარელ მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის საოკუპაციო ძალა -ევროპარლამენტარები
თამაზ გინტურის მკვლელობისთვის დამნაშავე პირებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი, მომხდარ საზარელ მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის საოკუპაციო ძალა – ეს ევროპარლამენტარების პოზიციაა 6 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე.
სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე გვიან ღამით ევროპარლამენტის წევრებმა დებატები გამართეს და რეზოლუციასაც მიიღებენ. ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს მიმართავენ შექმნას სია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევთა წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების და შეზღუდვების დასაწესებლად.















