“ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად” – სოფო ჯაფარიძე

90
spot_img

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ რუსული სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, როგორც „პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული“.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელები „სრული სიმკაცრით“ დაისაჯონ.

„ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად „ქართული ოცნება“ უნდა აკეთებდეს. ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ასევე ეხმაურება, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას. თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული. დღევანდელი რეზოლუცია თამაზ გინტურის კიდევ ერთი გამარჯვებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაზ გინტურის მკვლელები სრული სიმკაცრით დაისაჯონ. სამწუხაროდ, დღეს რასაც უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად. მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ამასთან, ბრიფინგზე რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური იმყოფებოდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მადლობა გადაუხადა.