კრემლს სურს, საქართველომ უარი თქვას ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება -მარკეტა გრეგოროვა

95
spot_img

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, დაამატოს ახალ სანქციებს მათი გვარები, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე, კრემლს სურს, ისინი შიშში ცხოვრობდნენ და უარი თქვან ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება, – ამის შესახებ  სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

„ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველო მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩემი ფიქრები თქვენთანაა. მე არ ვასხვავებ ერთი ადამიანის მკვლელობას ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისგან, რადგან ყველა დანაშაულს უნდა მოჰყვეს თანაბრად ძლიერი რეაქცია. როდესაც რუსეთმა დაიწყო მეზობელი უკრაინელების მკვლელობა, ჩვენ მივიღეთ მკაცრი რეაგირება სანქციებით. ჩვენს სამეზობლოში კიდევ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელწიფო, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები იტაცებენ, კლავენ. არის საქართველო უფრო შორს? დიახ. აქვს ამას მნიშვნელობა? არა. მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, დაამატოს შემდეგ სანქციებს ან ახალ სანქციებს მათი გვარები, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ქართველების ტანჯვაზე. კრემლს სურს, ისინი შიშში ცხოვრობდნენ და უარი თქვან ევროპულ გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და პუტინი დამარცხდება“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.