Home Blog Page 1972

“თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა აქციას გამოეხმაურა, რომლებიც თსუ-ს ლექტორობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, უნივერსიტეტში პოლიტიკა შეიტანოს და ამით 2012 წლამდე წარსული პრაქტიკა დააბრუნოს.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს ეს პრაქტიკა 2012 წელს. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. არიან პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნებით არიან გამწესებულნი. თსუ-ში არის მაგალითად ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს, რომელიც თვითონ მან არ იცის, რადგან თავის დროზე არის „ნაცმოძრაობის“ კვოტით დანიშნული. მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ და ა.შ. ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა კობახიძემ.

სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს- Politico

გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა „Промтехнология”, „ORSIS T-5000″და „ТЕТИС ПРО“ ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს.

Politico-ს თანახმად, დასავლური ტყვია-წამლის გამოყენებაზე „ვაგნერის“ მებრძოლები ინტერვიუებშიც საუბრობენ. თუმცა, როგორც დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა Politico-ს განუცხადა, მათ „ნატოს შეიარაღების უზარმაზარი რაოდენობა აქვთ, რომელიც უკრაინის ჯარმა დატოვა“.

რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას კატეგორიულად უარყოფს Hornady-ს დირექტორიც. Politico-სთან სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კომპანიამ რუსეთთან ურთიერთობა უკრაინაში შეჭრის დღესვე გაწყვიტა.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ რუსეთში ექსპორტს არ ვახორციელებთ და რუსეთში ექსპორტის ნებართვა 2014 წლიდან არ გვქონია. მხარს არ ვუჭერთ ნებისმიერი ჩვენი პროდუქტის ნებისმიერ რუსზე მიყიდვას და როგორც კი გავარკვევთ, როგორ ჩაუვარდათ მათ ხელში ჩვენი პროდუქტი (თუ ეს მართლა ასეა), მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას ამის შესაჩერებლად“, – აცხადებენ Hornady-სში.

Hornady-სთან ურთიერთობას Промтехнология-შიც უარყოფენ, თუმცა Politico წერს, რომ „აღმოჩენები ემატება მზარდ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ლეტალური და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მარაგი კვლავ აღწევს რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა უპრეცედენტო სანქციები დააწესა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გასულ წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, ომმა გამოავლინა, რომ რუსეთს სნაიპერული აღჭურვილობის წარმოება არ შეუძლია, რაც ხელს უწყობს დასავლური საბრძოლო მასალის შავი ბაზრის აყვავებას.

„ინფორმაცია ასეთი ტყვია-წამლის შესყიდვის შესახებ ჩვენს თვალწინაა: გარიგების დეტალების – იმპორტიორების, მომწოდებლებისა და პროდუქტის აღწერილობის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აქვს წვდომა რუსულ ინტერნეტზე და ფლობს საერთაშორისო საბაჟო კლასიფიკაციის კოდებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Politico წერს, რომ სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში მკაცრი სასჯელი მოქმედებს, რომელიც $1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას ან 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

“რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის?”- მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გადადებულ სასამართლოს ეხმაურება და წერს, რომ ის პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვეა.

„მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მოგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს!

დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას.

„სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით. რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე.

რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე? მე თავი გადავდე 2003-შიც, 2008-შიც, როცა არ დავტოვე საქართველო და მსოფლიო ფეხზე დავაყენე საქართველოს გადასარჩენად და 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე, რათა ამ სასიკვდილო განსაცდელისგან ვიხსნა საქართველო.

ჩემი ტყვეობა სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში გამომწყვდევა. ქართველმა ხალხმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს უსამართლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს.საქართველო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესს ძალადობის, პოლიტპატიმრებისა და სხვა რუსული ნაღმების გარეშე“, – წერს საქართველოს  მესამე პრეზიდენტი.

„კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ოპოზიციის მხრიდანაც ხდება” – კალაძე

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე თსუ-ში, ბორჯომსა და გორში მომხდარ ინციდენტებს.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები გმირად ასაღებენ ადამიანს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის.

„კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ოპოზიციის მხრიდანაც ხდება იმიტომ, რომ ნახეთ ორმაგი სტანდარტი სად იკვეთება? როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს აქვთ მცდელობა დაწვას, ესროლოს „მოლოტოვის კოქტეილი“, ამას კონკრეტული ტელევიზიები და კონკრეტული პარტიები გმირად ასაღებენ. ეს არის ძალიან დიდი უბედურება. როდესაც ადამიანს აქვს დანაშაული და ასეთი მძიმე, აქვთ მცდელობა, რომ გმირად გამოიყვანონ. შემდეგ როცა ძალადობა ხდება, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ცუდია. ამიტომ, როდესაც ერთი კონკრეტული შემთხვევაა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ტელევიზიებმა კეთილი უნდა ინებონ და ყველაფერს თავის სახელი დაარქვან, თუ გვინდა ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. როგორ უნდა მომწონდეს და მივესალმო ძალადობას, რა თქმა უნდა, მიუღებელია“,-განაცხადა კალაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან ცუდი და დამაზიანებელი. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას მაშინ, როდესაც რევოლუციაზე მიდის საუბარი.

„ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისება. ცხადია, ეს არის ძალიან მძიმე. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება და დაფინანსება ხდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე როდესაც მიდის საუბარი, ასევე დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნიდან, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია აფინანსებს ამ ახალგაზრდების დაჯგუფებას“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი დეპოლარიზაცია იყო, თუმცა ამისთვის ოპოზიციის მხრიდან არაფერი კეთდება.

„იმის მაგივრად, რომ ყველა მოწადინებული იყოს და გადაიდგას დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი, პირიქით, წახალისება ხდება. ვითომ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან შემოდის ამ ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსება, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რომ ასწავლონ, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, როგორ მოაწყონ რევოლუცია, გადატრიალება და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს სტუდენტმა ალექსი კირტავამ განუცხადა, დაპირისპირებისას ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

“ნაცმოძრაობა” არის ტოქსიკური და ასეთივე ტოქსიკური გახდა ყველა, ვინც თავისი პოლიტიკური საქმიანობა მას დაუკავშირა”

„ნაცმოძრაობა“ არის ტოქსიკური და ასეთივე ტოქსიკური გახდა ყველა, ვინც თავისი პოლიტიკური საქმიანობა მას დაუკავშირა, – ამის შესახებ პარლამენტის პირვემა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელია, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ლოგიკაში მიჰყვე, რადგან აბსოლუტურად განსხვავებულია იმ პროცესებისგან, რაც რეალურად მიმდინარეობს.

„ოპოზიციური გაერთიანება ჰქონდათ, ამისთვის შალვა ნათელაშვილის ეზო, ფანჩატური გამოიყენეს. მაშინ გაერთიანდნენ ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ ანტიქართულ საქმიანობაში და ხელი შეუწყვეს რუსეთის პრიორიტეტების დაკმაყოფილებას საქართველოში. ეს არ იკმარეს და ამ პროცესებში ჩაერთო ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მთავარია დესტაბილიზაცია. „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ ერთადერთი და განუმეორებელია, რადგან ატყობს, რომ ვინც გარშემო შემოიკრიბა, მათ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და ამიტომ ფიქრობს, რომ თავად უნდა იყოს წარმმართველი, თუმცა ამავე დროს გახლეჩილია ორად და ორივე მხარე ნგრევისკენ მიექანება. რაც შეეხება „ლელოს“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, ვაშაძე, ხოშტარია – ამ ხალხს არ აქვს რესურსი, შორს გაიხედოს და ახალგაზრდებს რაიმე ახალი მიაწოდოს, ახალი პროგრამა დადოს. დამანგრეველის გარდა, შინაგანად არ არიან სხვა მიმართულებით მოწოდებული. „ლელოს“ აქვს პრეტენზია, იყოს აღმაშენებელი და სახელი თუ არა, ფუნქცია წაართვას მას, ვინც თავის თავს ასე უწოდა. მათი ურთიერთობები იმდენად შეუსაბამოა, რომ არ მგონია, რეალურ ოპოზიციად გამოდგეს, თუ ერთხელ და სამუდამოდ იმ სისხლიან წარსულს არ გაემიჯნებიან, რომელშიც ჩარჩა „ნაცმოძრაობა“. „ლელოსთვის“ ამის გაკეთება რთული იქნება „ნაცმოძრაობის“ მმართველ რგოლთან ურთიერთობების გამო. „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველოც“ გამოეყო, მაგრამ მათ წითელი ხაზები არ გაავლეს, რაც მათგან გამიჯნავდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა: „გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება“.

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქეშბექების აქციას იწყებს, რომლის პარტნიორებიც არიან: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი  „ნოვა“,   საყიდლების ციფრული პლატფორმა Veli.store,  გარე რეკლამის კომპანია Pixel Outdoor და სარეკლამო კომპანია Allprint.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში,  თიბისი ბიზნეს ნაკრების გამომწერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებით და ყოველი გადახდისას მომენტალურად დაიბრუნო თანხა შემდეგ სერვისებზე:

  • ნოვა: სამშენებლო და სარემონტო მასალები – 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Pixel Outdoor: გარე რეკლამის განთავსება ბათუმში – 30%
  • Allprint: სარეკლამო კომპანია – 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Veli.store: ონლაინ მაღაზია – 30%, მაქსიმუმ 200 ლარი

ქეშბექების აქცია ბიზნეს ნაკრების მფლობელებისათვის უკვე შედგა  Veli.store-ისთან, რომელთან წარმატებულმა პარტნიორობამ აჩვენა,  რომ მსგავსი ტიპის აქციების მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ აქციებით სარგებლობისათვის, საჭიროა, თქვენ გახდეთ საბანკო პროდუქტების ნაკრების მფლობელი. გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები,  გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი  და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახარჯების გარეშე.

 

R

“ყველა დარწმუნდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემა არ იყო” – კახა კალაძე

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რამეში და ფიქრობდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემა იყო, დღეს ყველა რწმუნდება იმაში, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნისა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რეალურად ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით, ყველანაირი ხელშეწყობა იყო იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველა ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ეს პატიმარია თუ არა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. სააკაშვილს დანაშაულები დამტკიცებული აქვს კონკრეტულ საქმეებზე, თუმცა როგორც ვისმენთ კეთდება განცხადებები, რომ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ. დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება იქნება მიღებული. პროკურატურა ბრალს სდებს სხვადასხვა დანაშაულებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“სად იყო და სად არა, უცბად ზეციდან გაისმა პატიმარ სააკაშვილის ხმა და მეხად დაეცა ხაბეიშვილს” – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი, ხოლო დანარჩენები – პოლიტიკური ჭინკები“, – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ამ ჯოჯოხეთის ირგვლივ პოლიტიკური ჭინკები გაერთიანდებიან, რაც კარგი პროცესია.

„სად იყო და სად არა, უცბად ზეციდან გაისმა პატიმარ სააკაშვილის ხმა და მეხად დაეცა ხაბეიშვილს, რომ პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას უკრაინის მოქალაქე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი, ხოლო დანარჩენები – პოლიტიკური ჭინკები. ახლა ჩვენ ვიხილავთ, როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ამ ჯოჯოხეთის ირგვლივ გაერთიანებულ ჭინკებს. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, რაც ძალიან კარგია,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„სინამდვილეში მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

სინამდვილეში მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია – თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და „რადიკალური ოპოზიცია“ კიდევ ერთხელ დამარცხდება.

„სინამდვილეში მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“. მართალია, ფორმალურად არიან დაყოფილი თითქოს პარტიებად, მაგრამ მთლიანობაში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თვითონ პარტია „ნაცმოძრაობა“, იგივე „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. ყველა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი არის უკვე მათემატიკის ამბავი. ამ მათემატიკით ბევრი არაფერი შეიცვლება.

ჩვენ დღეისათვის გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, რისი ყველანაირი რესურსიც არსებობს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რადიკალური ოპოზიცია კი კიდევ ერთხელ დამარცხდება,“ – განაცხადა კობახიძემ.

“ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება”- გიორგი ვაშაძე

ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს რუსეთს არ დაუშვებს და რუსულ რეჟიმს არ დაუშვებს, ეს ცალსახაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აშშ-ში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათ შეხვედრები ექნებათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში და თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში.

„ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით, გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ნატო, ჩვენ ამერიკასთან გვინდა მეტი ეკონომიკური ურთიერთობები და მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და მეტი და მეტი ღრმა ურთიერთობები, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა. საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით და რაც მთავარია საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს რუსეთს არ დაუშვებს და რუსულ რეჟიმს არ დაუშვებს, ეს ცალსახაა. იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში და თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოზე მუშაობს და იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდა ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ექსპერტული წრეების წარმომადგენლები საქართველოდან დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას რა უნდა გაკეთდეს მომდევნო პერიოდის მანძილზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“არ მგონია, ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული”

ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციამ საკმაოდ მძიმე და ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლა კი, ბევრი დილემის წინაშე დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ახლა მთავარი პრობლემის წინაშეა, რაც არის მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტი.

„ამის გათვალისწინებით, მათი მიზანია, არჩევნებისთვის რაღაცნაირად ამომრჩეველს თავი მოუყარონ. დილემის ერთი მხარეა მათი გამსხვილება, მეორე ტოქსიკურობის დიდი ხარისხი, რაც ბევრ პარტიას გააჩნია და ამომრჩევლის მოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გაზიარება მცირე პარტიებისთვის შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ეს შეიძლება მათი ელექტორატისთვის წინაღობა აღმოჩნდეს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება ოპოზიციური აზრი საინტერესოა, მაგრამ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოჩენა.

არ მგონია, რომ ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული და ძალისხმევას ამაზე მიმართავენ. მათი პრობლემაა არასწორად აგებული სტრატეგია, რომელიც საზოგადოების მცდარი ნარატივების შეთავაზებაში ვლინდება. მცდარი ნარატივია ის, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას და 12 რეკომენდაციის შესრულებას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, დღეს აღარ გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არ ყოფნა გახდა.

უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი სოციალურ ქსელში გუშინ გამოთქვა. „აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას”,- დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუკზე“.