„კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ოპოზიციის მხრიდანაც ხდება” – კალაძე

61
spot_img

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე თსუ-ში, ბორჯომსა და გორში მომხდარ ინციდენტებს.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები გმირად ასაღებენ ადამიანს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის.

„კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ოპოზიციის მხრიდანაც ხდება იმიტომ, რომ ნახეთ ორმაგი სტანდარტი სად იკვეთება? როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს აქვთ მცდელობა დაწვას, ესროლოს „მოლოტოვის კოქტეილი“, ამას კონკრეტული ტელევიზიები და კონკრეტული პარტიები გმირად ასაღებენ. ეს არის ძალიან დიდი უბედურება. როდესაც ადამიანს აქვს დანაშაული და ასეთი მძიმე, აქვთ მცდელობა, რომ გმირად გამოიყვანონ. შემდეგ როცა ძალადობა ხდება, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ცუდია. ამიტომ, როდესაც ერთი კონკრეტული შემთხვევაა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ტელევიზიებმა კეთილი უნდა ინებონ და ყველაფერს თავის სახელი დაარქვან, თუ გვინდა ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. როგორ უნდა მომწონდეს და მივესალმო ძალადობას, რა თქმა უნდა, მიუღებელია“,-განაცხადა კალაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან ცუდი და დამაზიანებელი. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას მაშინ, როდესაც რევოლუციაზე მიდის საუბარი.

„ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისება. ცხადია, ეს არის ძალიან მძიმე. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება და დაფინანსება ხდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე როდესაც მიდის საუბარი, ასევე დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნიდან, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია აფინანსებს ამ ახალგაზრდების დაჯგუფებას“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი დეპოლარიზაცია იყო, თუმცა ამისთვის ოპოზიციის მხრიდან არაფერი კეთდება.

„იმის მაგივრად, რომ ყველა მოწადინებული იყოს და გადაიდგას დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი, პირიქით, წახალისება ხდება. ვითომ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან შემოდის ამ ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსება, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რომ ასწავლონ, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, როგორ მოაწყონ რევოლუცია, გადატრიალება და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს სტუდენტმა ალექსი კირტავამ განუცხადა, დაპირისპირებისას ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.