“თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი” – ირაკლი კობახიძე

138
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა აქციას გამოეხმაურა, რომლებიც თსუ-ს ლექტორობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, უნივერსიტეტში პოლიტიკა შეიტანოს და ამით 2012 წლამდე წარსული პრაქტიკა დააბრუნოს.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს ეს პრაქტიკა 2012 წელს. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. არიან პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნებით არიან გამწესებულნი. თსუ-ში არის მაგალითად ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს, რომელიც თვითონ მან არ იცის, რადგან თავის დროზე არის „ნაცმოძრაობის“ კვოტით დანიშნული. მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ და ა.შ. ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა კობახიძემ.