“არ მგონია, ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული”

69
spot_img

ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციამ საკმაოდ მძიმე და ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლა კი, ბევრი დილემის წინაშე დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ახლა მთავარი პრობლემის წინაშეა, რაც არის მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტი.

„ამის გათვალისწინებით, მათი მიზანია, არჩევნებისთვის რაღაცნაირად ამომრჩეველს თავი მოუყარონ. დილემის ერთი მხარეა მათი გამსხვილება, მეორე ტოქსიკურობის დიდი ხარისხი, რაც ბევრ პარტიას გააჩნია და ამომრჩევლის მოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გაზიარება მცირე პარტიებისთვის შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ეს შეიძლება მათი ელექტორატისთვის წინაღობა აღმოჩნდეს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება ოპოზიციური აზრი საინტერესოა, მაგრამ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოჩენა.

არ მგონია, რომ ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული და ძალისხმევას ამაზე მიმართავენ. მათი პრობლემაა არასწორად აგებული სტრატეგია, რომელიც საზოგადოების მცდარი ნარატივების შეთავაზებაში ვლინდება. მცდარი ნარატივია ის, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას და 12 რეკომენდაციის შესრულებას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.