Home Blog Page 1971

ლაიონსების თვალის კლინიკამ ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია ნიქოზში ჩაატარა

მიმდინარე წლის 17 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარა უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები და, ასევე, მინი-ოპერაციები. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 174-მა ბენეფიციარმა; მათ შორის, 97 ვეტერანი, ხოლო 77_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; 189 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გადაეცა ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა საქართველომ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საქველმოქმედო- სამედიცინო აქციების ფარგლებში, დღეის ჩათვლით, უსასყიდლოდ გაუწია კვალიფიციური მომსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 544 ბენეფიციარს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

კობა კობალაძემ მცხეთა-მთიანეთში რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ბაკურ ავსაჯანიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქირიკაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ რეგიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა.

მურთაზ გაბიტაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანია. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისთვის” და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების, სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის, ამ კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევისთვის, სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების შესახებ.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე.

“მართლაც არ ელოდებიან საქართველოში რუსებს?” – რას წერს უცხოური პრესა

რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) ქვეყნდება სტატია სათაურით „მართლაც არ ელოდებიან საქართველოში რუსებს?“, რომლის ავტორი სვეტლანა სამოდელოვა ცდილობს გააქარწყლოს ზოგიერთ რუსულ გამოცემაში და სოციალურ ქსელებში გამოხატული თვალსაზრისი, რომ საქართველოში რუსოფობიაა გამეფებული და რომ ქართველებს რუსი ტურისტები სძულთ.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებზე (ქობულეთში, ურეკში…) არსებული დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ, რომლებშიც პოზიტიური რეაქციაა გამოხატული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა. დაიმახსოვრე სამი მთავარი სიტყვა: „გამარჯობა“, „გმადლობ“ და „საქართველოს გაუმარჯოს!“. ეს სიტყვები შენთვის პაროლი იქნება და სადაც ახსენებ, ყველგან დიდი სიხარულით და უპრობლემოდ მოგემსახურებიან… და თუ „სულიკოსაც“ წაიღიღინებ, მაშინ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობაც მოგანიჭონ“, – ციტირებს ავტორი ქობულეთელი ნაცნობის გოჩას გამონათქვამს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მომსახურებისა და კვების ფასები მართლაც არის მომატებული, რაც რიგი მიზეზებითაა გამოწვეული – მათგან ერთ-ერთია თურქეთში შექმნილი კრიზისული სიტუაცია და მაღალი ინფლაცია. პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია რუსი ტურისტის საშუალო დონის ხარჯები საქართველოში.

წყარო

“სააკაშვილს მინდა მივმართო: თუ ქვეყანა უყვარს, შეწყვიტოს ეგომანიაკობა” – ნათია მეზვრიშვილი

მიხეილ სააკაშვილს Mikheil Saakashvili მინდა მივმართო – თუ მართლა ქვეყანა უყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტოს ეგომანიაკობა, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შეეგუოს, რომ არის წარსული და გზა დაუთმოს მომავალს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ვარდების რევოლუციის დროს სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე, ღია კონკურსით მოვხვდი პროკურატურაში. ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდისთვის გაიხსნა სახელმწიფო უწყებების კარი. უამრავი კარგი გაკეთდა საპატრულო პოლიციის რეფორმით დაწყებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული. მაგრამ … ხალხმა ვერ და სამართლიანად არ გაპატიათ გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და გაგიშვათ ხელისუფლებიდან. არ გაპატიათ გარყვნა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის ტერორი (ზუსტად ისე, როგორც ოცნებას არ აპატიებენ). დანაშაულები იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ ყველა კარგი საქმე გადაწონა. შესაბამისად, ამაოა მცდელობა ხალხს დაავიწყოთ ცუდი, მითუმეტეს, როცა თავად ეს ცუდი არასოდეს გადაგიფასებიათ და მინიმუმ ბოდიში არ მოგიხდიათ.

ამ ფონზე, ნებისმიერი მისი პოლიტიკური აქტიურობა არის საჩუქარი ოცნებისთვის. 11 წელია ამ საჩუქრებს ჩუქნის და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს. ბოლო 2 წელია საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მისი ცხოვრებით და როგორც აღმოჩნდა, ტყუილებში აცხოვრა. ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გაუწოდოს დახმარების ხელი. ახლა ოცნების დახმარება, ღალატის ტოლფასია იმიტომ, რომ სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს.

შესაბამისად, როგორც ჩამოვიდა, ისე მოიხადოს სასჯელი და დაეხსნას ქართულ პოლიტიკას. შეუძლებელია წარსულმა, რომელიც აწმყოს ვერ ქმნის, შექმნას მომავალი. გაიაზროს, რომ არის წარსული და იქნებ შემდეგ ხალხმა ის კარგიც დაინახოს, რაც ცუდის კეთებამდე უკეთებია”,- წერს ნათია მეზვრიშვილი.

როგორ ვლინდება ალერგიული რინიტი და ცხვირის ძგიდის გამრუდება? – ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგ ხათუნა ჩიტაძესთან

ოტორინოლარინგოლოგ ხათუნა ჩიტაძეს ყველა ახასიათებს, როგორც გულისხმიერ ექიმსა და პროფესიონალს. სწორედ ამიტომაც ჩვენი მკითხველების მოთხოვნით, მასთან აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუ ჩავწერეთ.

-ქალბატონო ხათუნა, როგორია თქვენი სამუშაო არეალი?

-ჩემი მუშაობის არეალი საკმაოდ დიდია,ყელი ყური და ცხვირი ერთმანეთთან პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია როგორც ანატომიურად ასევე ფუნქციურად და ცხადია ნებისმიერი თუნდაც მცირედი გაციების ფონი კლინიკურად ვლინდება მთელ რიგი კომბინირებული პრობლემებით.მუშაობა მიწევს ნული ასაკიდან ზრდასრული ასაკის ჩათვლით. ბავშვთა ასაკში მომართვიანობა მეტად ხშირია ყურის სხვადასხვა სახის ანთებებით,ადენოიდების და გლანდების პრობლემებით,ცხვირით სუნთქვის გაძნელებით,ანგინებით,უცხო სხეულებით ცხვირსა და ყურში ძირითადად,სმენის დაქვეითების პრობლემებით,მოზრდილთა ასაკში წამყვანი პრობლემა მაინც ცხვირის ძგიდის გამრუდება,ნიჟარების ჰიპერტროფია და ქრონიკული სინუსიტებია,ბოლო პერიოდში იმატა მომართვიანობამ სმენის დაქვეითებით და თავბრუსხვევებით,რაც ნეიროსენსორული სმენის დაქვეითებას და ვესტიბულოპათიებს უკავშირდება,ეს თავის მხრივ განპირობებულია კოვიდ ინფექციის არსებობასთან რომელიც არჩევითად აზიანებს შიგნითა ყურს,ხშირია სოკოვანი დაავადებები ყელის და ყურის .ასევე აღსანიშნავია რომ აღნიშნული პრობლემების გარდა თავისთავად მიწევს მუშაობა ოტორინოლარინგოლოგიის კომპეტენციის ფარგლებში ყველა სხვა ნოზოლოგიასთან და მიწევს მათი მოგვარება როგორც ამბულატორიული მკურნალობის ფონზე ასევე ქირურგიული მეთოდების გამოყენებითაც( ახალი,ნაკლებ ტრავმული და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ქირურგიული მეთოდებით).

-ძალიან ხშირია, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება და ძგიდის გამრუდებასთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევთ პაციენტებს და როგორია საყოველთაოდ აპრობირებული მკურნალობის მეთოდები?რა შემთხვევაშია აუცილებელი ქირურგიული ჩარევა.

21-ე საუკუნე ალერგიის საუკუნედ მოიხსენიება სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში და შეუძლებელია არ დაეთანხმო აღნიშნულ მოსაზრებას.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მე-10 ადამიანს ალერგიული რეაქცია უვითარდება სხვადასხვა ორგანული თუ არაორგანული ნივთიერებების მიმართ.მათ რიცხვში არიან პაციენტებიც,რომლებიც ალერგიულ რეაქციის განვითარებას აღნიშნავენ არა ბავშვობიდან მოყოლებული,არამედ ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე.

მკვლევარები ალერგიული რეაქციების გააქტიურების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

1.თანამედროვე გარემოს ცვლილებები ( საკვები დანამატები,ქიმიური სარეცხი საშუალებების აქტიური გამოყენება,ანტიბიოტიკოთერაპიის არარაციონალური გამოყენება,სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერიდან სხვა.)

 

2.გლობალური დათბობის ფაქტორი (მცენარეთა ვეგეტაციური ცვლილებები)3.გენეტიკური განწყობა ალერგიული რეაქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ალერგიული რინიტი,რომელიც მწვავდება გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში.სტატისტიკურად ალერგიულ რინიტს უკავია პირველი ადგილი ალერგიულ გამოვლინებებს შორის და ასევე პირველ ადგილზეა ცხვირის ძგიდის გამრუდებასთან ერთად იმ მიზეზთაგან რომლებიც იწვევენ ცხვირით სუნთქვის გაძნელებას.

როგორ ვლინდება ალერგიული რინიტი და ცხვირის ძგიდის გამრუდება?

1.ცემინება

2.ცრემლდენა

3.ცხვირით სუნთქვის გაძნელება,გაჭედილობის შეგრძნება

4.ცხვირიდან გამონადენი,უფრო ხშირად ცხვირ-ხახაში ჩანადენის სახით.

 

5.უძილობა

6.შრომის უნარიანობის დაქვეითება,რასაც საბოლოო ჯამში მიჰყავს ადამიანი ღრმა დეპრესიამდე

საწყის ეტაპზე აღნიშნული სიმპტომიდან ვლინდება ორი ან სამი ჩივილი.ცხვირით სუნთქვა თანდათანობით ძნელდება,რაღაც ეტაპზე შეუძლებელიც ხდება,რასაც საბოლოო ჯამში შრომის უნარიანობის დათრგუნვამდე მივყავართ . ეს კი თავისთავად პაციენტის ძლიერი სტრესის მიზეზი ხდება.

-როგორ ვიქცევით ალერგიული რინიტის და ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს?

აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია,რის საფუძველზეც დაზუსტდება აღნიშნული პრობლემა მოგვარდება მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე თუ პაციენტისთვის სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო იქნება ქირურგიული ჩარევა.

ალერგიული რინიტის დროს,როგორც წესი ობიექტურად იცვლება ცხვირის ორივე სავალში ცხვირის ნიჟარების მოცულობა,ვითარდება ნიჟარების ჰიპერტროფია. თუ პრობლემა მოიცავს რამდენიმე წელს, ცხვირის ქვედა ნიჟარები მოცულობაში იმდენად იზრდება,რომ შეუძლებელი ხდება მათი შეჭმუხვნა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე. შესაბამისად, სწორი სუნთქვის აღდგენის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას, რაც მხოლოდ ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციის ფარგლებშია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

“ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს” -ზურაბ აზარაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ, ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. ეს ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა – რას წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“

საქართველოს შესახებ წერს რუსული პრესაც: (Независимая газета) დღევანდელ, 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში თავისი დაბრუნება დააანონსა“ (ავტორი – იური როქსი). „პატიმარი მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. მან ყველა ეროვნულ პროევროპულ და ანტირუსულ ძალას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, მათ შორის, განსაკუთრებით „ერთიან ეროვნულ მოძრაობას“. ექს-პრეზიდენტის მიზანია „ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმის განადგურება“. ქვეყანაში სიტუაცია მწვავდება, ძლიერდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი მკითხველებს აცნობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არასერიოზულია და „ფეიკ-პიარს“ წარმოადგენს. „იგი პატიმარია, თანაც უკრაინის მოქალაქეა და საინტერესოა, როგორ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას “, – ციტირებულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის გამონათქვამი.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მომხდარი ბოლო მოვლენები – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადება ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომში ლაჩრულად მოქმედებდა. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის აღშფოთება. მას მოჰყვა „ნაციონალების“ ლიდერის ლევან ხაბეიშვილის კრიტიკული განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შემდეგ კი გიორგი ვოლსკის პასუხი… სტატიაში საუბარია აგრეთვე ოპოზიციონერებზე თავდასხმის შესახებაც, როცა პარტია „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში, ალბათ, შეუძლებელი იქნება ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებას ეხება“, – აღნიშნავს ავტორი.

წყარო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: შემდეგი შერბილება – ამ კვირაში თუ შემდეგ სხდომაზე?

მაისის სავალუტო შემოდინებები წლიურ ჭრილში დანორმალიზდა, განსაკუთრებით აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, სადაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეს ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შესაბამისი შესწორების შემდეგ, ზრდის ტემპი მაინც შედარებით მაღალია. წინა პერიოდთან მიმართებით – ნაკლები, თუმცა მაინც ასევე მაღალია ტურისტული შემოდინებები მიგრანტების სრულად და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაშიც. წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება კვლავ ძლიერია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაისში ლარის სისუსტე სწორედ შეცვლილი სენტიმენტების შედეგი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ უახლესი მონაცემებით, კერძოდ დეპოზიტების ყოველდღიურ სავალუტო კომპოზიციაზე დაყრდნობით, სენტიმენტები კვლავ უკვე ლარის სასარგებლოდ შეიცვალა.

მიმდინარე კვირა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით იქნება საინტერესო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, როგორც შერბილების, ასევე განაკვეთის უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არსებობს, თუმცა როგორც ჩანს, მათი უმეტესობა შერბილების მხარდამჭერია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი მიმდინარე წლის დეკემბრისათვის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას ითვალისწინებდა, მართალია მცირედით, მაგრამ უფრო პესიმისტური ჩანს, ვიდრე ოპტიმისტური.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.  

“სააკაშვილმა ბოდიშების მოხდა უნდა დაიწყოს, ჭკუა ნასწავლის არაფერი ეტყობა” – იაგო ხვიჩია

„სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს იმ სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მას ტანჯავს. მანამდე, ის ქართველ ხალხს ტანჯავდა მისი ხელისუფლების დროს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს.

„ჩემი აზრით, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილს რამე ჭკუა ნასწავლის არაფერი ეტყობა. სააკაშვილმა ბოდიშების მოხდა უნდა დაიწყოს. ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს იმ სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მას ტანჯავს. მანამდე, ის ქართველ ხალხს ტანჯავდა მისი ხელისუფლების დროს. ბევრი საბოდიშო გამოჩნდება და რას აპატიებენ, ეს იქნება მისი პოლიტიკური შედეგი. საზოგადოების ნახევარი მის მიმართ ჯერ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული. თავად ჰგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა და უბრალოდ, ტყუილად გაებუტა ეს ხალხი“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

„ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ – უცხოური პრესა

იაპონური ყოველკვირეული ინგლისურენოვანი ჟურნალი Nikkei Asia აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი საქართველოს „ჰიბრიდული ომის“ საცდელ პოლიგონზე აბრუნებს“ (ავტორი – ჰიროიუკი აკიტა), რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებია მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის დროს ბევრი სამხედრო-სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომლებმაც კრემლის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა., თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი გავლენის სფეროების გაფართოებისათვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ომში მარცხდება, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ძალისხმევით ცდილობს, რომ მეზობელი ქვეყნები თავის მხარეზე გადაიბიროს „ჰიბრიდული ომების“ დახმარებით – კულისებს მიღმა მოქმედებებით, რომლებიც მიმართულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დესტაბილიზებისაკენ, როგორც აშკარა და ღია, ასევე მალული ჩარევებით, კიბერშეტევების, აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა ძირგამომთხრელი მეთოდების ჩათვლით. ამ ტაქტიკით სარგებლობისას მოსკოვმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საქართველოში.

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა და მისი სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ კრემლი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ეფექტურად აკონტროლებს. უკვე 15 წელია საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, მოსახლეობაში კი ანტირუსული განწყობები ისევ ძლიერია. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველების დაახლოებით 80%-ს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურთ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელშიც კიევის მხარეზე [არაოფიციალურად, მოხალისეთა სახით] თითქმის 2 ათასამდე ქართველი მეომარი იბრძვის.

მაგრამ, როგორ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, საქართველოს მთავრობა მოსკოვთან მიმართებით, შესამჩნევად ლოიალური გახდა. რუსეთ-უკრაინის ომი სულ რაღაც ორიოდე დღის დაწყებული იყო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით კიევი გააღიზიანა – მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდებოდა – „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რადგან სანქციებით მოსახლეობა, ქართველი ხალხი დაზარალდებოდა“. ბევრმა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა პრორუსული პოზიცია დაიკავა: მაგალითად, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, რომელმაც დასავლეთის ხშირი კრიტიკა დაიწყო.

ბოლო დროს საქართველოს რუსეთის ორბიტისაკენ გადახვევის ტენდენცია აშკარად დაჩქარდა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი მოვლენები ხდება, რომელიც მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე მიუთითებს: ეს მჟღავნდება ისეთი კანონპროექტების მიღების მცდელობაში, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ კანონმდებლობას (ვთქვათ, კანონპროექტი „უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ“). სწორედ ამის გამო თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე უამრავი თბილისელი გამოვიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და უკან გაიწვია. ირაკლი კობახიძემ კი აქციის მონაწილეები დასავლეთის მიერ მართულ პაიკებად შერაცხა.

საქართველოს მთავრობის მიდრეკილება მოსკოვისაკენ გამოიხატა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენით. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ საქართველო მტკიცედ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და ამიტომ გარკვეულ დათმობებზე წავიდა (განაახლა 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები და შემოიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის). თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ეთანხმება კრემლის მოქმედებას და მას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს. ავიამიმოსვლის აღდგენამ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა გამოიწვია, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსკოვის ნაბიჯს დაეთანხმა.

უასაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა, რომლებიც 18-19 მაისს თბილისში იყვნენ შეკრებილნი (რონდელის სახელობის სტრატეგიული კვლევების ცენტრში), საქარტველოსში რუსეთის გავლენის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატეს. ზოგიერთმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომების საცდელ ლაბორატორია გახდა და საბოლოო ჯამში, შეიძლება რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ გადაიქცეს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი მიზნების რეალიზებისათვის „მათრახისა და თაფლაკვერის“ მეთოდით სარგებლობს.

„თაფლაკვერში“ იგულისხმება მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური მოგება რუსეთთან განვითარებული ურთიერთობების შედეგად. მართლაცდა, საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency International-ის მონაცემებუთ, 2022 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაახლოებით 15 ათასი ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით. იმავე 2022 წელს საქართველოში რუსული პროდუქციის იმპორტის მოცულობა 79%-ით გაიზარდა და 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ფაქტი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბევრმარუსმა მოქალაქემ თავისი ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოიტანა, რათა თავი აერიდებინათ დასავლური სანქციებისა და არმიაში მობილიზებისაგან. „პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ ხელი შეუწყო უფრო მეტად რუსული ბიზნესი განვითარებას და რუსული კომპანიების წარმატებას“, – აღნიშნა უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი თავისი მიზნების მისაღწევად „მათრახსაც“ იყენებს – სხვადასხვა ქვეყნებს შიშს უნერგავს, რომ თუ ისინი კრემლის მითითებებს არ დაემორჩილებიან, მათაც უკრაინის მსგავსი ბედი ელოდებათ. კრემლს საქართველოში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, პირველ რიგში კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება ძირითადად რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა (მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც). ითვლება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან მტკიცე კავშირები აქვს შენარჩუნებული და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე უაღრესად დიდ გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის აღიარებით, ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურად შეიძლება არ არის განწყობილი, მაგრამ იგი აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და ამიტომ არ სურს ვლადიმერ პუტინის სახით მტერი ჰყავდეს.

საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენა აჩვენებს, თუ რამდენად მოხერხებულად სარგებლობს კრემლი ადამიანური რესურსებით, საინფორმაციო პოლიტიკით და დაშინებით, რომ თბილისი თავის ქსელში გაახვიოს. ის რაც საქართველოში ხდება, შეიძლება სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც მოხდეს, მათ შორის მოლდოვაშიც.

წყარო

“ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ, მათი მთავრობა კი ვლადიმერ პუტინს უახლოვდება” – The Guardian

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) 18 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ, მათი მთავრობა კი ვლადიმერ პუტინს უახლოვდება“ (ავტორი – ჯულიან ბორგერი. იგი საქართველოში აშშ-ში არსებული გერმანული „მარშალის ფონდის“ დაფინანსებით იმყოფებოდა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სოფელი ხურვალეთი „სამხრეთ ოსეთის“ [რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონის] ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომელსაც ოსები და რუსები „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებენ. ხურვალეთიდან კარგად მოჩანს „საზღვრის“ მიღმა დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა. იქ ამჟამად შედარებით მცირე რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, რადგან კრემლმა მათი ნაწილი უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. ამის მიუხედავად, ქართველები შიშობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ომში გაიმარჯვებს, კრემლმა შეიძლება საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი „მოკბიჩოს“, ან ქვეყანა მთლიანად „ჩაყლაპოს“. დღეისათვის დროებითი გამიჯვნის [ცეცხლის შეწყვეტის] ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს, რომლებიც „ბორდერიზაციის“ (ანუ „საზღვრის“ მცოცავად გადმოწევის) ფაქტებს აღნუსხავენ. „ბორდერიზაცია იწყება თხრილებითა და ტრანშეების გაკეთებით, შემდეგ ასობენ ბოძები და აბამენ მავთულხლართებს, დგამენ ბანერებს წარწერებით“, – ამბობს მისიის ხელმძღვანელი კლაას მაესი.

ხუთი წლის წინ, ერთ დილას, ხურვალეთელებმა გაიღვიძეს და ნახეს, რომ ოკუპანტებმა საზღვრის გაყვანა დაიწყეს. საბოლოოდ კი სოფელი ორად გაიყო: ე.წ. „საზღვარმა“ გაიარა ეზოებზე, მიწის ნაკვეთებზე, ნათესებზე… ნათესავებს და მეზობლებს ერთმანეთთან მისვლა აღარ შეუძლიათ და ვინც ამას უნებართვოდ შეცდება, მას იჭერენ და ჯარიმას ახდევინებენ.

როგორც საქართველოში ამბობენ, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სამხედრო ბაზიდან, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს, რუსულმა ტანკებმა თბილისს შეუტიონ და საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი „გადაჭრან“, თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთის ბაზა ამჟამად დასუსტებულია და კრემლს თავისი გასაჭირი აქვს, თბილისის ქუჩებში რუსული ტანკების გამოჩენა საეჭვოა…

მაგრამ უფრო რეალურია სხვა ეჭვი: რუსეთი საქართველოში ძალაუფლებას შეუმჩნევლად იღებს – და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა პროდასავლურად არის განწყობილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტების მტკიცებით, საქართველოს „ჩუმი“ დაპყრობის მექანიზმის მუშაობას ხელს უწყობს მმართველი პარტიაც – „ქართული ოცნება“, რომელიც სიტყვით ევროკავშირისაკენ ისწრაფვის, საქმით კი სულ უფრო მეტად მიიწევს მოსკოვისაკენ. ამის სიმპტომები მრავლადაა: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, რუსული მმართველი ელიტის წევრთა ნათესავების ჩამოსვლა და ა.შ.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელების რიტორიკაში სულ უფრო მეტად გაისმის დასავლეთის კრიტიკა და რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვა. საქართველო ოფიციალურად თითქოსდა ისწრაფვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე მოქმედებენ, რომ ევროკავშირს და ნატოს თანდათან შორდებიან. წინააღმდეგობრივი განცხადებების გაკეთებაში განსაკუთრებით აქტიურობენ პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელთა თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმისაკენ უბიძგებს, რისთვისაც უკრაინას იყენებს. პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ძალით თავს მოახვიოს მიუღებელი ფასეულობები, მაგალითად „ლგბტ-საზოგადოებასთან“ მიმართებით.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ ყველაფერს ამჩნევს და მთავრობას და მმართველ პარტიას პრორუსულ ორიენტაციაში ადანაშაულებს. ასეთი პოლიტიკის გატარებით საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება ვერც ევროკავშირისა და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“, – ამბობს პარლამენტის წევრი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობიდან“.
სხვათა შორის, საქართველოში უკვე საკმაო ხანია დაპატიმრებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლეს (ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით). როგორც ევროპარლამენტმა ჩათვალა, იგი პირადი შურისძიების“ მოტივით არის საპყრობილეში და მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობამ ყურად არ იღო. უნდა აღინიშნოს რომ ოპოზიციის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა კორუმპირებულია და კლანური სისტემაა გავრცელებული.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსული კანონმდებლობის მსგავსი აქტები მიიღოს, მაგალითად, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რაც ოპოზიციის ძალისხმევით იქნა გაუქმებული. თუმცა, ოპოზიციის გარკვეული წარმატების მიუხედავად, ხელისუფლება სულ უფრო არღვევს ქართულ დამოუკიდებელ მასმედიას – დააპატიმრა და გაასამართლა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, რომელიც, ორგანიზაცია Transparency International-ის დასკვნით, პოლიტიკურად მოტივირებულად“ ჩათვალა. მმართველი პარტიის წევრებს ეკრძალებათ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასმედიასთან კონტაქტი. ამჟამად ძალაში შედის წესი, რომელიც პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ეხება – მათ ეკრძალებათ იმ კითხვის ხელახლა დასმა, რომელზეც დეპუტატი არ პასუხობს.

თბილისში, თავისუფლების მოედანთან ძველებურად არსებობს მთავრობის მიერ მართვადი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელზეც ორივე ორგანიზაციის დროსა ფრიალებს, მაგრამ ცენტრმა შეწყვიტა საინფორმაციო-პროპაგანდისტული ხასიათის ღონისძიებები და ფაქტობრივად მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციებს ასრულებს. ცენტრის შესასვლელი კარი მუდმივად დახურულია და მის ზღურბლთან ყვავილები იყიდება.

„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცენტრის შენობა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილ მეტაფორას წარმოადგენს: გარედან ფასადი პროდასავლურია, შიგნით არაფერი არ კეთდება პროდასავლურად. როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამბობენ, ასეთი ფასადი მთავრობისათვის აუცილებელია, რადგან მომავალ წელს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% პროდასავლურად არის განწყობილი, არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციის თქმით, მმართველი პარტია მხოლოდ ერთ ადამიანს ექვემდებარება – მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლიდან, როცა საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გადადგა, თუმცა ქვეყნის მთავრობაზე და პოლიტიკაზე ისევ ძლიერ გავლენას ახდენს. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბანკში მუშაობდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსად მუშაობდა, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს კი გრიგოლ ლილუაშვილს კი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში წამყვანი თანამდებობები ეკავა.

მაგნატის სასახლე მოდერნისტული სტილით – მინითა და ფოლადის კონსტრუქციებითაა აგებული და თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. ბიძინა ივანიშვილს აქვს საზაფხულო რეზიდენციაც შავი ზღვის ნაპირზე, სადაც მისსავე კუთვნილ ზოოლოგიურ პარკში უამრავი ეგზოტიკური ცხოველი ბინადრობს, ხოლო დენდროლოგიურ პარკში იშვიათი ჯიშის მცენარეებია შეკრებილი – ხეები ფესვებით იძირკვებოდა და ზღვაზე ბარჟებით გადაჰქონდათ პარკში დასანერგად.
არავინ იცის, თუ რა დონით არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინზე, რამდენად არის დავალებული მასზე, მაგრამ დამკვირვებლები (კრემლოლოგები) თვლიან, რომ რუსეთიდან ბიძინა ფულს პრეზიდენტთან გარიგების გარეშე ვერანაირად ვერ წამოიღებდა: „ჩვენთან ისეთი პოლიტიკური სისტემაა, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი დომინირებს“, – ამბობს „გარდიანტან“ საუბარში ირაკლი ფორჩხიძე, სტრატეგიული კვლევების ქართული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი.

თავის მხრივ, ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენელი, პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უარყოფს, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილის პირად პროექტს წარმოადგენს: „მე პირადად მას არ ვიცნობ. რა თქმა უნდა, არიან ისინი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს იცნობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან მუშაობდნენ. მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ ტყუილია ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრთა 100 პროცენტი ყველა მასთან არის დაკავშირებული“. რაც შეეხება მოსკოვთან კავშირებს, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არავითარი დამამტკიცებელი ფაქტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კონტაქტები აქვს. იგი არ ხვდება რუს პოლიტიკოსებს და რუსეთში ბიზნესი აღარ აქვს..

რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ თბილისში ავიარეისებს ისეთი რუსული კომპანიები ასრულებენ, რომლებზეც დასავლური სანქციები არ ვრცელდება: „განსხვავება ძალიან დიდია დიდია. ჩვენს აეროპორტებში არ ვიღებთ ისეთ თვითმფრინავებს, რომლებზეც აშშ-სა და ევროკავშირს რაიმე პრეტენზიები აქვთ“.

მაგრამ ავიამიმოსვლის განახლებამ აშშ-სა და ევროკავშირის გაღიზიანება მაინც გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა რუსებისათვის ევროპისაკენ სატრანზიტო ფრენების შესაძლებლობა გამოაცხადა, რითაც დასავლური სანქციების გავლენა შეასუსტა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა „მტრის დაშოშმინების“ ჩარჩოებს აშკარად გასცდა“, – ამბობს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკის (გადაწყვეტილებების, დეკლარაციების) ურთიერთთავდებობა 2022 წელს დაფიქსირებული 44%-დან 2023 წლის პირველ ნახევარში 341%-მდე შემცირდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

იმავდროულად თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატები აცნობიერებენ, რომ ისინი დილემის წინაშე დგანან: თუ ბრიუსელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობას, რომელიც დემოკრატიისაგან უკან იხევს, ევროკავშირი ხელს უწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და თუ არ მიანიჭებენ, ამით ბევრ ქართველს ევროპის მიმართ იმედები გაუცრუვდება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოსკოვთან კავშირების გაფართოების საბაბი მიეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ქუჩის პროტესტების პროვოცირებაც.

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, „ევროკავშირის ნეგატიური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისეთი მოვლენების სპირალს გამოიწვევს, რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“.

წყარო