Home Blog Page 1947

“სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს. იოსელიანმა მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ლევან იოსელიანის თქმით, ის ინიციატივას არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში სიძულვილის ენა მატულობს.

„კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში იქნება, პოლიტიკურ დისკუსიაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ამ მიმართულებით, ალბათ, წინასაარჩევნოდ ჩვენც გვექნება გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები იმიტომ, რომ რასაც თვალყურს ვადევნებთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის ხარისხის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში მატულობს. ამ ინიციატივას არ ვიცნობ, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

“მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო, წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ” – იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“

წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ – ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილთან გამიჯვნას თამაშობს, რათა მისი მეშვეობით, დაკარგული პროდასავლური ელექტორატი დაიბრუნოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ იქ „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება პარლამენტში პროცესის გაგრძელებას, რაღაც არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი ეს ყველაფერი პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, რომ პრეზიდენტი ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე გადააგდონ და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გაუვარდა, ზურაბიშვილის მეშვეობით უკან დაიბრუნონ. მე მგონია, ეს არის ამ კამპანიის მიზეზი, რომელიც ასე მდორედ მიმდინარეობს, თორემ აქამდე მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო. „ქართულ ოცნებას” რომ იმპიჩმენტი უნდოდეს, იმდენი ადამიანი მეგულება ოპოზიციაში, ოდნავ მატერიალურად რომ წახმარებოდნენ, მზად იყვნენ და შეუძლებელია ეს არ მოგვარებულიყო, მაგრამ ამისთვის არ იბრძვიან, წუწკად იქცევიან და შესაბამისად, არც სურვილი აქვთ იმპიჩმენტის,”- განაცხადა ხვიჩიამ.

“ომბუდსმენის აპარატი 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საკითხზე მონიტორინგს ბოლომდე გააგრძელებს” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საკითხზე მონიტორინგს ბოლომდე გააგრძელებს.

„ომბუდსმენის აპარატი პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ამ საკითხში, ჩვენ შესაბამისი განცხადებაც გავაკეთეთ. პირველივე წუთებიდან ვმუშაობდით და მუშაობას ვაგრძელებთ შესაბამის უწყებებთან. ეს არის ის საკითხი, რაც ომბუდსმენის აპარატისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხის მონიტორინგს ბოლომდე გავაგრძელებთ და საზოგადოებას მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

ისრაელის მთავრობა ღაზის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ისრაელის მთავრობა ღაზის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა.

მათი ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, უნდა გახსნილიყო ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „რაფაჰი“, რათა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი ყოფილიყო. პარალელურად, კი ღაზის სექტორის დატოვების საშუალებას მისცემდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.

თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

“თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს”

„ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მისი პოლიტიკური ჯგუფი მხარს დაუჭერს.

„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მიამატოთ. თუ დადგინდება რომ დაარღცია კონსტიტუცია, ვფიქრობ, რომ რაღაც ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს,”- განაცხადა ინჯიამ.

ისრაელი სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დასთანხმდა -Reuters

ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოძრაობა „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სააგენტო ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმება აშშ-ს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მოხდა.

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.

„ღაზას სიცოცხლე ეწურება“ – გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელი

ფილიპ ლაზარინმა გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს გენერალურმა კომისარმა, ისაუბრა ღაზას სექტორში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ლაზარინმა აღნიშნა, რომ ღაზას წყალი და ელექტროენერგია სწრაფად ეწურება და მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი ემუქრება.

„სამყარომ ახლა დაკარგა ადამიანობა. თუ გადავხედავთ წყლის საკითხს – ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წყალი სიცოცხლეა – ღაზას წყალი ეწურება, ხოლო ღაზას სიცოცხლე ეწურება. წყლის აღდგენას ჩვენ ჯერ ვერ დავადასტურეთ“, – განაცხადა ლაზარინმა.

მისი თქმით, ათასობით ადამიანი ეძებს თავშესაფარს.

„ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ ჩვენს სკოლებსა და UNRWA-ს [გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო] სამხრეთით მდებარე სხვა დაწესებულებებში, აბსოლუტურად დიდია და ჩვენ აღარ გვაქვს მათთან გამკლავების შესაძლებლობა. სანამ ძალიან გვიან იქნება, ალყა უნდა მოიხსნას, ჩვენ გვჭირდება: საწვავი, წყალი, საკვები და მედიკამენტები“, – დასძინა მან.

ლაზარინმა ღაზას ალყას უწოდა „სხვა არაფერი, თუ არა კოლექტიური სასჯელი“.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

რუსეთის არმიამ უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიას რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო სარდლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბარია ბალისტიკურ რაკეტაზე „ისკანდერ ემი“, 5 რაკეტაზე Х-59 და 12 „შაჰიდის“ ტიპის დრონზე. სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ორი რაკეტისა და 11 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

იერიშის შედეგად, პოლტოვის ოლქში 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი დაშავდა. ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.

ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის -ისრაელის ელჩი ჯო ბაიდენს

ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის, მაგრამ გააკეთებს რაც საჭიროა, „ჰამასის“ გასანადგურებლად, – ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა.

„ჩვენს ინტერესებში ღაზას ოკუპაცია ან ღაზაში დარჩენის ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა არის „ჰამასის“ განადგურება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება.

გილად ერდანი ჯო ბაიდენის ამ განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების აღმოფხვრაა.

„გმადლობთ პრეზიდენტო ბაიდენ, რომ აღიარეთ ის, რასაც ისრაელი ამბობს ბარბაროსული „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ: ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა“, – დაწერა ელჩმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი გაათავისუფლეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა.

სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის ფუნდამენტური ფაქტორია” – პუტინი

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის ფუნდამენტური ფაქტორია, რუსეთი და ჩინეთი ყოველთვის ცდილობდნენ კომპრომისის გამოძებნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის მედია კორპორაციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს პუტინმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა დროს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს ექსპორტისა და იმპორტის განსხვავებული თანაფარდობა ჰქონდათ და ქვეყნები ყოველწლიურად აუმჯობესებენ სავაჭრო ბალანსს.

„ასე მივდივართ თითქმის ყველა მიმართულებით. აღარ ვსაუბრობ იმ როლზე, რომელსაც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის საკითხში თამაშობს. ეს არის ფუნდამენტური ფაქტორი – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები. ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მივდიოდით აბსოლუტურად სწორი მიმართულებით და როგორც ჩინელი, ისე რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – დასძინა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა არ არის ნაკარნახევი მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და ეს თანამშრომლობა ორი ათწლეულის განმავლობაში ფრთხილად და მშვიდად ყალიბდებოდა.

“ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს -მაჰმუდ აბასი

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ „ჰამასის“ ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, პალესტინელ ხალხს წარმოადგენს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა აბასმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარში.

აბასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში და დაუყოვნებლივ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნით სამედიცინო მარაგით, წყლით, ელექტროენერგიით და საწვავით უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი თქმით, ღაზადან პალესტინელების გადასახლება პალესტინელი ხალხისთვის მეორე კატასტროფას წარმოადგენს.