„ღაზას სიცოცხლე ეწურება“ – გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელი

123
spot_img

ფილიპ ლაზარინმა გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს გენერალურმა კომისარმა, ისაუბრა ღაზას სექტორში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ლაზარინმა აღნიშნა, რომ ღაზას წყალი და ელექტროენერგია სწრაფად ეწურება და მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი ემუქრება.

„სამყარომ ახლა დაკარგა ადამიანობა. თუ გადავხედავთ წყლის საკითხს – ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წყალი სიცოცხლეა – ღაზას წყალი ეწურება, ხოლო ღაზას სიცოცხლე ეწურება. წყლის აღდგენას ჩვენ ჯერ ვერ დავადასტურეთ“, – განაცხადა ლაზარინმა.

მისი თქმით, ათასობით ადამიანი ეძებს თავშესაფარს.

„ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ ჩვენს სკოლებსა და UNRWA-ს [გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო] სამხრეთით მდებარე სხვა დაწესებულებებში, აბსოლუტურად დიდია და ჩვენ აღარ გვაქვს მათთან გამკლავების შესაძლებლობა. სანამ ძალიან გვიან იქნება, ალყა უნდა მოიხსნას, ჩვენ გვჭირდება: საწვავი, წყალი, საკვები და მედიკამენტები“, – დასძინა მან.

ლაზარინმა ღაზას ალყას უწოდა „სხვა არაფერი, თუ არა კოლექტიური სასჯელი“.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.