“სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს” – ლევან იოსელიანი

67
spot_img

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს. იოსელიანმა მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ლევან იოსელიანის თქმით, ის ინიციატივას არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში სიძულვილის ენა მატულობს.

„კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში იქნება, პოლიტიკურ დისკუსიაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ამ მიმართულებით, ალბათ, წინასაარჩევნოდ ჩვენც გვექნება გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები იმიტომ, რომ რასაც თვალყურს ვადევნებთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის ხარისხის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში მატულობს. ამ ინიციატივას არ ვიცნობ, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.