გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა.
სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.
ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო.
თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.