“ომბუდსმენის აპარატი 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საკითხზე მონიტორინგს ბოლომდე გააგრძელებს” – ლევან იოსელიანი

100
spot_img

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საკითხზე მონიტორინგს ბოლომდე გააგრძელებს.

„ომბუდსმენის აპარატი პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ამ საკითხში, ჩვენ შესაბამისი განცხადებაც გავაკეთეთ. პირველივე წუთებიდან ვმუშაობდით და მუშაობას ვაგრძელებთ შესაბამის უწყებებთან. ეს არის ის საკითხი, რაც ომბუდსმენის აპარატისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხის მონიტორინგს ბოლომდე გავაგრძელებთ და საზოგადოებას მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.