Home Blog Page 1895

“ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი გადაწყვეტილებისა და ახალი ეკონომიკური იდეებისთვის” – სერბეთის ვაჭრობის მინისტრი

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან – სერბები პატივს სცემენ ქართველ ხალხს და ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ სუვერენიტეტს. თბილისში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქის სილამაზით, მას აქვს განსაკუთრებული ენერგია და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ, გამორჩეულ მაღალჩინოსნებთან ერთად, – ეს განცხადება სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ტომისლავ მომიროვიჩმა გააკეთა, რომელმაც 26 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმის ფარგლებში ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა ვაჭრობა, შესაძლებლობები, მშვიდობა, ასევე მიდგომები, თუ როგორ გაიზარდოს ინვესტიციები კავკასიის, ბალკანეთის რეგიონებსა და მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისთვის, ახალი ეკონომიკური იდეებისთვის. მეტი ინვესტიცია უნდა გამოვიმუშაოთ, უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი კავშირი ჩვენს ეკონომიკებსა და ქვეყნებს შორის“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები კარგზე უკეთესია და ხალხს შორის, ტრადიციულად, ძალიან თბილი ურთიერთობაა.

„თუმცა, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ამიტომ ვარ აქ. გვექნება შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ახალ პერსპექტივებს ჩვენი ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის საქართველოსა და სერბეთიდან და, ასევე, ვიპოვით უკეთეს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკეთესი მომავლისთვის“ – აღნიშნა მომიროვიჩმა.

დავით არახამიამ დააანონსა კანონპროექტი ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია თავიანთი დონორების შესახებ

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

“ჩვენ ვხსნით ახალ დონეს – კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში”, – დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.

ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის და მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს ისინი

ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.

“ჰამასი “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. “ჰამასის” მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, – განაცხადა ჰაიატმა.

ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოსკოვში ვიზიტად იმყოფება.

“საქართველოს მთავრობასთან ერთად თბილისში ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას”- ზურაბ პოლოლიკაშვილი

პანელური დისკუსია „ტურიზმი საზღვრებს მიღმა” (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) „აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსვლით გაიხსნა.

პანელურ დისკუსიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და პირობებზე ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება. პანდემიის შემდეგ მსოფლიო და ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა. დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგი ინვესტიციები სასტუმროებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი გამოვა. ახლახან უზბეკეთში, სამარყანდში ჩვენ გავხსენით აბრეშუმის გზის უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში. საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიციების ჩადება სწორედ ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის განვითარებამ საქართველო ძალიან შეცვალა.

„დღეს ტურიზმს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი აქტივობისთვის საინტერესოა, აღარაფერს ვიტყვი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს – ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში არის ნათქვამი.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს, რომლებიც “კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობას თავისი ტერიტორია დაიცვას რუსეთის თავდასხმითი ქმედებებისგან, ამავდროულად რუსი სამხედროების წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებით.”

აღნიშნული პაკეტი 2022 წლის თებერვლიდან 49-ე გახდა „Presidential Drawdown Authority“ მექანიზმის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სამხედროები დახმარებას უშუალოდ ამერიკული საწყობებიდან იღებენ.

“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა აქვს”- ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იყო პანელურ დისკუსიაში „ფინტექის მომავალი მზარდ ეკონომიკაში“.

„სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ფინტექ ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ეროვნული ბანკის იმ მიდგომაზე, რომელიც ღია პოლიტიკაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეფუძნება და საბაზისო ფინტექ ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც წესი, ფინტექ ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციების მხარდამჭერი მარეგულირებელი გარემოს მოძიებას. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ცდილობს შექმნას გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო.

„ჩვენ ფინტექ კომპანიებს და ინვესტორებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობას ვთავაზობთ. ნებისმიერი ლიცენზია თუ ნებართვა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ სერვისებთან, შესაძლებელია ამ წესით მიიღონ. მსგავს პრაქტიკას ვერ შეხვდებით ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს შუა დერეფნის ფინტექ ჰაბად. მისი საშუალებით, ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობა, ახალი ფინანსური ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი გახდება. ეს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც დამატებით ღირებულებას შექმნის და ამ მხრივაც საინტერესო ინიციატივაა. სებ-ის როლს ძირითადად, ფინტექ ინფრასტრუქტურის ხელშემწყობ რგოლად აღვიქვამთ, რომელიც კომპანიებს ბაზარზე შესვლის ბარიერების აღმოფხვრაში დაეხმარება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მიმართულებას, თუ რატომაა საქართველო რეგიონულ ფინტექ ჰაბად პოზიციონირებისთვის მიმზიდველი ადგილი. მისი განცხადებით, საქართველოს ღია პოლიტიკით განსაზღვრული დიჯიტალიზაციის სტრატეგია აქვს, რომლის ძირითად საყრდენს სწორედ რეგიონული თანამშრომლობის ფინტექ ინიციატივები წარმოადგენს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებასა და დაცულობაზე, ბაზრის განჭვრეტადობასა და კონვენციური ბანკის პირობებში ნდობის შენებაზე, მსურს აღვნიშნო, რომ ფინტექსა და ტრადიციულ საბანკო სერვისებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს ძალიან დიდი უპირატესობაა. ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზებული სამართლებრივი სისტემა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო მთავარ დანიშნულების ადგილად აქციოს”, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

პანელური დისკუსიისას, ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ინოვაციურ ქართულ საბანკო სექტორზე, რომელმაც თანამედროვე IT გადაწყვეტების გამოყენებით თავისი სისტემა უფრო მოქნილი გახადა, შედეგად კი “ნოუ ჰაუ” რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში როგორც ღია ბანკინგის, ისე ციფრული ბანკინგის რეგულაცია ევროპის ცენტრალური ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა აქვს. ეს სექტორი არა მხოლოდ ჯანსაღი და მომგებიანი, არამედ ინოვაციურიცაა. მინდა აღვნიშნო, რომ ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კომერციულმა ბანკებმა ლიდერის როლი შეითავსეს.

საქართველოში წარმოდგენილი კომერციული ბანკები არიან ძალიან თანამედროვეები, რომლებიც ბევრ პროფესიონალს აერთიანებენ. ისინი მზად არიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში დააბანდონ ფული, განსაკუთრებით ციფრული მიმართულებით. საქართველოსთვის ეს არის საკმაოდ დიდი სარგებელი, ქვეყანა მომგებიან პოზიციაშია, ვინაიდან ხელს უწყობს ფინტექ მიმართულებით ინფრასტრუქტურის შენებასა და თანამედროვე პროდუქტების შექმნის პროცესს. ჩემი აზრით სტაბილურობა, განგრძობადობა და განჭვრეტადობა რეგულაციების მიმართულებით, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროებთან მიმართებით, ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კერძოდ 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერიBybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუPave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანიპანელს მოდერატორობდა BBC World News-ის ცნობილი წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” საქართველო წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ეს არის ორდღიანი პლატფორმა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში წელს საქართველოს 60 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ახალი ერთობლივი კომპანია დააფუძნეს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი საწარმოს – Middle Corridor Multimodal-ის შექმნას ხელი მოეწერა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.

ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

„პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს „ერთი ფანჯრის პრინციპით” მომსახურებას სთავაზობენ.

სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე – ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. შეგახსენებთ, რომ ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა” – მიხეილ სააკაშვილი

მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი თხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიასპორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

„მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს, როდესაც საქართველოში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ.

თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა და ქართული სახელმწიფო დაჩქარებული ტემპით წავა დასასრულისკენ.

სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებში ყველა ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

ჩემი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებების გაუწევენ კოორდინაციას, სოფო ჯაფარიძე ესპანეთში და იტალიაში ამავე მიზნით იმყოფებოდა, შემდეგი შეხვედრა ექნება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

შემდეგ არჩევნებზე, წინა არჩევნებთან შედარებით, ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ, ამიტომაც მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის” – ილია II

საქართველოს საპატრიარქო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.

ილია II განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის“.

„ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჰამასის“ დელეგაცია ვიზიტით მოსკოვში იმყოფება – რუსული მედია

„ჰამასის“ დელეგაცია ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” “ჰამასის” დელეგაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ისინი [დელეგაცია] მოსკოვში იმყოფებიან”, – განაცხადა გამოცემის წყარომ.

მათი ცნობით, დელეგაციას „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.

მოგვიანებით, „ჰამასის“ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას  განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე – არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა  ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა

პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე „ქართული ოცნების“ მიერ არიან მოსყიდული და გადაბირებული.

“„ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.

სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის.

სწორედ ამიტომ, 2023 წლის 26 ოქტომბერს, პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები – ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე გარიცხოს პარტია „საქართველოსთვის“ რიგებიდან!

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება! სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან.

პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტია „საქართველოსთვის“ მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და ნაციონალურ მოძრაობასთან მათი შეხმატკბილებული პოლიტიკური თანაცხოვრების დასრულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.