“რომ გითხრათ, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებებით რაიმე არსებითად იცვლება, ასე არ არის” – ბექა დავითულიანი

14
spot_img

რომ გითხრათ, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებებით რაიმე არსებითად იცვლება, ასე არ არის – აქამდეც ყველა პარტიის დაფინანსების უდიდეს ნაწილს ფიზიკური პირების შემოწირულობები შეადგენდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანისთვის გაუგებარია, რატომ არ უჭერს ოპოზიცია მხარს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

“პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციაა – ეს “ქართული ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა.

ფაქტი და მოცემულობაა ის, რომ აქამდეც ყველა პარტიის დაფინანსების უდიდეს და გადამწყვეტ ნაწილს ფიზიკური პირების შემოწირულობები შეადგენდა. შესაბამისად, რომ გითხრათ, რომ ამით პოლიტიკურ ველზე არსებითად რაიმე იცვლება, ასე არ არის – ვერ ვიგებ ოპოზიცია ცვლილებებს რატომ არ უჭერს მხარს.

თუ ისინი ევროპელ პარტნიორებს გადაარწმუნებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია შესასრულებელი არ არის, მისი არმიღების მხრივ პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.