მედიის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის შემდეგ, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა

50
spot_img

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას გამოყენებული დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ გრინდუსთან, დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა. რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მომხდარის შემდეგ რუმინეთის F-16-ის ავიაგამანადგურებლებმა და გერმანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა შეასრულეს.

უკრაინის საზღვართან დრონის ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი დაიბარეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე პროტესტს გამოთქვამს ინციდენტის გამო, რომელიც უკავშირდება უპილოტო საფრენი აპარატის უკონტროლო ჩამოვარდნას, რომელიც გამოიყენებოდა ღამით უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუმინული მხარე აცხადებს, რომ მომხდარი არის რუმინეთის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარის შესახებ აცნობა და კონსულტაციებს მართავს ნატო-ს მოკავშირეებთან. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინულ მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, ასევე, შეწყვიტოს უსაფრთხოების სიტუაციის უპასუხისმგებლო ესკალაცია, მათ შორის რუმინეთისა და უკრაინის საზღვარზე.

შეგახსენებთ, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე და მარცვლეულის საწყობებზე მდინარე დუნაის გასწვრივ იერიშები გააძლიერა. მას შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ნაწილები ჩამოვარდა. რუმინეთმა დუნაის მიმდებარეს საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგა, ასაფრენი ზონა დააწესა, დამატებითი სამხედრო-სადაზვერვო პოსტები განათავსა და პატრულირება გააძლიერა. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.