“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საცობებთან დაკავშირებით უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ” – მაია ბითაძე

18
spot_img

ბოლო დღეებში ახალი ტენდენციის მომსწრენი ვხდებით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დედაქალაქში საცობებთან დაკავშირებით უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ისინი არიან პოლიტიკოსები და არ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები , – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის უტოპიური და არაპროფესიონალური განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ, პირდაპირ დაკავშირებულია კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმასთან, რომ ერთი მხრივ, ეს ადამიანები მხოლოდ დეკლარაციული განცხადებებით შემოიფარგლებიან და არ ცდილობენ, საკითხის არსში გაერკვნენ, მეორე მხრივ, ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.

„მათ გაიარეს გზა – „ქართული ოცნების“ გაშავების ტენდენცია, თითქოს რუსულია „ქართული ოცნება“ და ახლა გადავიდნენ საცობებზე საუბარზე. ცდილობენ, ამ კონტექსტში დაიწერონ პოლიტიკური ქულები, რაც იქნება კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი. თვალნათლივ ვნახეთ, მათ შორის რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება, თუ როგორ იქნა გაკრიტიკებული საერთაშორისო ექპერტების მხრიდან. შეიძლება ითქვას, დედაქალაქი არის საპილოტე პროექტი, რომელშიც სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები დედაქალაქში გადაადგილების გართულებასთან დაკავშირებით იყო. შესაბამისად, დღეს უკვე მომსწრეები ვართ, რომ დედაქალაქში შემოდის დამატებით 200-მდე 18-მეტრიანი ავტობუსი, რაც სწორედ იმის მანიშნებელია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა იყო წინასწარ გათვლილი და მიმდინარეობს გეგმაზომიერად. მათ შორის პარლამენტში ახლახანს დავამტკიცეთ ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვით, დედაქალაქში შეიზღუდება დიდი გაბარიტის ავტომობილების გადაადგილება. მოსახლეობას შევახსენებ, რა მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით დედაქალაქში. დედაქალაქში გადაადგილდება დაახლოებით 30 000 ტაქსი, დაახლოებით 30 000 დიდი გაბარიტის ავტომობილი, ჯამში ავტომობილების რაოდენობა არის 660 ათასი. მაშინ, როცა 2020-2021 წლებში ავტომობილების საერთო რაოდენობა არ აღემატებოდა 430 ათასს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ძალიან დინამიურია და ერთადერთი გამოსავალი, რომ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდეს, არის არა ახალი გზების და ესტაკადების მშენებლობა, როგორც ამას სხვადასხვა ოპოზიციონერები ამბობენ, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პროცესი კი 2019 წლიდან დაიწყო.

„დღესდღეობით, ავტობუსების პირველი ნაკადის შემოსვლის პარალელურად, მგზავრთნაკადის გადაყვანის პოტენციალი გაზრდილია 25 პროცენტით, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასთან ერთად, ეს პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და ჯამში დაახლოებით 30 000 ადამიანით მეტით გადაყვანის პოტენციალი ექნება ქალაქს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გარდამავლი პერიოდი, რომელიც თავის თავში გულისხმობს არა მხოლოდ ავტობუსებით დედაქალაქის მომარაგებას, არამედ შესაბამის საგზაო ინფრასტრუქტურას, 10 დერეფნის დასრულებას, მათ შორის ბასლაინებით, ასევე თავის თავში მოიცავს ჭკვიანი შუქნიშნების პროექტის დასრულებას. ამჟამად მიმდინარეობს კვლევების საბოლოო ეტაპი და დაახლოებით ორ წელიწადში დედაქალაქი მთლიანად აღიჭურვება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი შუქნიშნებით, რაც გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასთან ერთად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ეს არის ძალიან რთული რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

„შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, ასევე მოსახლეობას, რომ თუ ვინმე არსებობს მთელ მსოფლიოში ყველაზე კვალიფიციური, გამოცდილი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების კუთხით, ჩართულია ამ პროცესში. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, GIZ გერმანიის მთავრობა, საფრანგეთის მთავრობა და სხვადასხვა ყველაზე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო კომპანიები, რომელთა გათვლებისა და დაგეგმარების კუთხით ხდება სატრანსპორტო პოლიტიკის მოდელირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციონერებს რადიკალური ოპოზიციიდან, ნუ აჩვენებენ ადამიანებს, რომ ისინი არიან არაკვალიფიციურები, რადგან ყოველთვის მიიღებენ პასუხებს. საცობებთან დაკავშირებით რა პროცესიც დედაქალაქში მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, წინასწარ იყო გათვლილი. სწორედ ამიტომ არის, რომ ავტობუსების მომარაგების, ავტობუსებით დედაქალაქის აღჭურვის და ბასლაინების მოწყობის აქტიური პროცესი მიმდინარეობს.

მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით ევროპამ გაიარა ეს პრაქტიკა თავის დროზე. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს, არ იყოს საცობები დედაქალაქში და დიდ ქალაქებში საერთოდ, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ჩვენ კარგად ვატყობთ, როგორ არის დატვირთული ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნებისმიერი ქუჩა, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან. ეს მზარდად მიუთითებს მოსახლეობის რაოდენობაზე ერთი მხრივ და მეორე მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ ის, რომ დღეს დედაქალაქში ე.წ. მწვანე ავტობუსებია, ამ მწვანე ავტობუსების პოტენციალი არის 25%-ით გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით დღეს 25-დან 30%-მდე მეტი მგზავრის გადაყვანის უნარი აქვს ავტობუსებს, შესაბამისად, სწორი დაგეგმარების პოლიტიკაა, რომ დღეს ჩვენ უფრო მეტი პრობლემები არ გვაქვს. 18-მეტრიანი ავტობუსები ამ პრობლემას კიდევ უფრო მეტად გადაჭრის, მაგრამ პარალელურად, აუცილებელია ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის დასრულება და ბასლაინების მოწესრიგება ათივე ძირითად დერეფანზე. საერთაშორისო მასშტაბით თუ არსებობს რომელიმე კვალიფიციური კომპანია, ყველა არის ჩართული ამ პროცესში. ერთადერთი გამოსავალია სწორედ ის გზა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება და ამის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის საკითხი რომელიც ერთ დღეში ვერ გადაწყდება, აქ ჩვენთვის საგანგაშო არის ერთი მაჩვენებელი, რაც კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მანქანების მზარდი რაოდენობა – 2019 – 2021 წელს იყო დედაქალაქში 437 ათასი მსუბუქი ავტომობილი, დღეს არის 660 ათასი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.