“ახლა არ არის გაჩერების დრო, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია” – რობერტა მეცოლა

80
spot_img

ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმები გაატარეს, სამუშაო შეასრულეს და ახლა მათთვის შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა იყოს.

„ეს არ ეხება გაწევრიანების დაჩქარებას, ეს იქნება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ჩვენმა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს გზა გაიარეს და ვიცით, ეს ნაბიჯი რამდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მხარდაჭერის სიგნალი ხალხისთვის. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობით. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს უნდა გავითვალისწინოთ დღეს ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე, ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს. თუ დავტოვებთ ვაკუუმს, მაშინ ეს სიცარიელე შეივსება სხვა აქტორების მიერ, რომელთა დღის წესრიგი განსხვავდება ჩვენი დღის წესრიგისგან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მეცოლას განმარტებით, ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან მკაფიოა – ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას.

„გაფართოებას მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის და ხალხი ჩვენს ქმედებებს ელოდება. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება სამიტი, მაგრამ იმედი მაქვს გადაწყვეტილებების. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის და ამას რეფორმა სჭირდება. რეფორმირების საჭირობის გამო აუცილებლად მივიჩნევთ დისკუსიების გაძლიერებას, ინტენსიურობას თემაზე,  როგორი უნდა იყოს ევროკავშირი სამომავლოდ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.