Home Blog Page 1895

,,მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება”- კობახიძე

მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან, ეს ალბათ მოხდება აგვისტო-სექტემბერში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განიხილება ორი სცენარი.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარი აქტიურად განიხილება და მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება, გადააყენებენ რეალურად, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება, მოხდეს აგვისტოში, სექტემბერში. რეალურად ორი რამისთვის შეიძლება, დასჭირდეთ სალომე ზურაბიშვილი. ერთი ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან ოპოზიციის არჩევნების შემდგომი კამპანიის მხარდაჭერა გაყალბებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველამ წინასწარ ვიცით, რაზეც ააგებს კამპანიას არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და ამაში შეიძლება, დასჭირდეს რადიკალურ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამისთვის ის სჭირსებათ პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა შეიძლება, განხილული იქნას ალტერნატიული სცენარი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში გადადგება პრეზიდენტის თანამდებობიდან, რათა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მგონია მისი პრეზიდენტად დატოვება, რადგან დიდი საარჩევნო რესურსი სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. თუმცა, საბოლოო ჯამში დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც, უფრო მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს ალბათ მოხდება აგვისტო-სექტემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საქართველოს ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს”- კობახიძე

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთში მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

„ხვალიდან გვექნება შეხვედრები უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება. კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან. უნგრეთის ხელისუფლება და უნგრეთის მმართველი პარტია ძალიან მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვას იმის შესახებ, რომ „უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, იქნება თუ არა ეს საქართველოს კონტექსტში საფრთხის შემცველი“, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს ევროკავშირისა და უნგრეთის საქმეა“.

„მგონია, საბოლოო ჯამში, შეთანხმება იქნება მიღწეული ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისე უკრაინა და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ოპოზიცია სინამდვილეში გაღიზიანებულია იმის გამო, რომ სინამდვილეში, ვიქტორ ორბანი და უნგრეთის ხელისუფლება მთლიანობაში არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი. ისინი გაღიზიანებას არასდროს მალავდნენ. თქვენ გახსოვთ, როდესაც უნგრელი ევროკომისარი იყო საქართველოში ჩამოსული და ღიად გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა, როგორი გზავნილები მიუძღვნეს მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რეალურად, ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვლას აიძულებდა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 – ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გატაცებული ასევე წარმოშობით ქართველია.

მომხდარის შესახებ პოლიციას ახალგაზრდა ქალის დედამ შეატყობინა. ინციდენტი ქალაქ სკერნევიცეში მოხდა. გამტაცებლების მანქანა პოლიციამ ხუთ საათში აღმოაჩინა. ბოროტმოქმედებმა გატაცებული ქალი ქალაქ ვერუშუვში წაიყვანეს.

დაკავებული პირები 38, 37 და 33 წლის არიან. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თურქეთი ქართულ ავიაკომპანიებს ყველა აეროპორტს უხსნის

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში განახლებული დანართის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთი ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით.

„აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ. თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით“, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (#ican2023) ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ხვალ 17 მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

,,უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით”- დიმიტრი ხუნდაძე

პროცესები იმდენად სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მსოფლიოში, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით.

ბოლო ორი წლის ყველაზე აქტუალური თემა – უკრაინის ომი ხელოვნურად უკანა პლანზე იწევს და ამ პოლიტიკის ძირითადი აქტორები ერთმანეთის გადაბრალების პროცესში არიან.

რა მოხდა? რატომ ჩაიშალა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ომის დაწყებამდე? შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ვისი ინტერესები იკვეთება ამ ომში და ვინ უნდა აგოს პასუხი ამხელა მსხვერპლზე?

მთავარი დანაშაული, ბუნებრივია, ოკუპანტ სახელმწიფოს მიუძღვის, მაგრამ ვინ ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები? რატომ ხდება უკრაინისგან დისტანცირება დღეს, მაშინ, როდესაც ერთგვარი შემგულიანებელი და „ერთგული მეგობარი“ ამ ქვეყანას ომის დაწყებისას ბევრი ჰყავდა დასავლეთში?

კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხებს არავინ სცემს. ეს კითხვები აწუხებს თავად უკრაინის მოსახლეობასა და უფრო მეტიც, უშუალოდ ზელენსკის ყოფილ თუ ამჟამინდელ გარემოცვას. ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, თუმცა, ალბათ, უკრაინელი ხალხის მოთმინებასაც ექნება საზღვარი.

უკრაინის ომის ირგვლივ შეკერილი პოლიტიკა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო საქართველო, დასასრულს უახლოვდება. საქართველო გადარჩა! ის ჩვენ გადავარჩინეთ! შეძლებს თუ არა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი იმიჯის გადარჩენას, არ ვიცით,  ქვეყანაზე ხომ აღარ ვსაუბრობთ.

ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ. ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას ქვეყანაში და ამისთვის გვმოძღვრავდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალები კიევიდან.

გავუძელით, გადავლახეთ, გავიმარჯვეთ!

არ გავხდით დამანგრეველი თამაშის მონაწილე. დღეს ჩვენ ვართ მაყურებლები იმ ხალხის, ვინც გუშინ ჩვენი ლანძღვით რეიტინგს იმაღლებდა, დღეს კი კულისებიდან ვეღარ გამოდის.

გვტკივა და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, ახლა, კიდევ უფრო მეტად, რომელიც ასე უმოწყალოდ გაწირეს როგორც გარე, ასევე შიდა მტრებმა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ”- სამხარაძე

,,ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ მას [ლევან ხაბეიშვილს] და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ალბათ, ნოემბერში სულ სხვა რეალობაში გაიღვიძებენ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება. ამიტომ არ მინდა, ახლა მათ ყველანაირი იმედი მოვუკლა. ვნახეთ, რომ პარტია ადამიანებმა დატოვეს, რაც იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც პარტიაში არსებობს. წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ შეიძლება პარტიამ, რომელსაც პანტაპუნტით ტოვებენ დიდი ქალაქების საკრებულოს წევრები, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

,, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია”- პაპუაშვილი

ნათქვამია, რომ „ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია, სულსა გულსა“. სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს. ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას განცხადებები აბსოლუტური ფარისევლობაა.

,,სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ის გზა აირჩია, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა – ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ, გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის

მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული და არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

სოფო გორგოძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე ხუთი წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

„საქართველო და აზერბაიჯანი – ევროპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია“ – ალიევი

საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისი თქმით, ორი ქვეყნის პარტნიორობა მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. „ამ თანამშრომლობის დახმარებით ჩვენ ევროპისთვის ვართ ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში რეგულარულად ჩადის, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგულარულად სტუმრობს აზერბაიჯანს. „ძალიან კარგად გვესმის ქართველი მეგობრების სურვილი, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ და ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა საბოლოოდ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში უნდა მიიღონ.

“ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ” – იაგო ხვიჩია

ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ – არ ვართ დაინტერესებული ივანიშვილის კადრების გადაბირებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ხვიჩიას თქმით, თანამშრომლობით ყველასთან ითანამშრომლებენ.

“ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ. ამიტომ სხვა დროს თუ კობახიძეს ან ვინმეს რაიმე წამოსცდება ჩვენი მისამართით, იცოდეთ, რომ მე თქვენთან ეს მაქვს განხილული.

რაც შეეხება ამ ვერსიას, „ქართული ოცნების“ ხელშია მოსასმენი აპარატებიც, თვალთვალიც, სუს-იც, პოლიციაც, შესაბამისად, მათ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვინ რას აპირებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვერ შევამოწმებთ ამ ინფორმაციის სანდოობას, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შესაბამისად, შეიძლება ეს მართალი იყოს, შეიძლება საერთოდ ტყუილი იყოს, ჩვენთვის გზის ასაბნევად”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რატომ არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს მათ პარტიაში, ხვიჩია აცხადებს, რომ “ივანიშვილის კადრების გადაბირებით” დაინტერესებულნი არ არიან.

“ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ბატონი ივანიშვილის კადრების გადაბირებით. არ მიგვაჩნია სწორად და გვგონია, რომ ჩვენ ჩვენი ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. ხოლო სალომე ზურაბიშვილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს”, – განაცხადა ხვიჩიამ.