Home Blog Page 1873

ალუდა ღუდუშაურმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა

ალუდა ღუდუშაურმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მედიასთან გააკეთა კომენტარი.

„იქამდე რაც სრული, მარტივი ჭეშმარიტება იყო, ახლა უკვე იურიდიულ სიბრტყეზე გადავიდა და საქართველოს მიეცა დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ბერკეტი იმისა, რომ ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველო არის სრულად გამართლებული, ხოლო რუსეთის ფედერაცია სრულად არის გამტყუნებული ამ აგრესიული ომის წარმოებაში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროსასამართლოს პალატამ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში, რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა დაადასტურა. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე – დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს

ჩინეთთან პარტნიორობა და მისგან ინვესტიციების მიღება შეიძლება, მაგრამ რუსეთი განსხვავებული ისტორიაა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს.

“ამაზე თბილისში ჩემი ვიზიტების დროს ხშირად გვილაპარაკია. გეოსტრატეგიული შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ნათელია. რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს არ ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ შეშფოთებები გვაქვს იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ მხრივ, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია პარტნიორი იყოს, შეუძლია გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. ნატო ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ის [ჩინეთი] წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეგიძლია ან ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეგიძლია. რუსეთი სრულიად განსხვავებული ისტორიაა. ის, როგორც იცით, ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია, და რუსეთზე ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს.

ეს იყო საუბრების ნაწილი, რომლებიც ქართველ ოფიციალურ პირებთან მქონდა. მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულებების შექმნის რისკები, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, გვესმის, იმ სექტორებში ინვესტიციების საჭიროება, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებებს არ ქმნიან. ასე რომ, ჯამში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს”, – განაცხადა კოლომინამ.

ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი მზად არის მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის ღაზაში, რათა უზრუნველყოს საჭირო დახმარების მიწოდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ისრაელი მზად არის მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის. ვიმედოვნებთ, ჰუმანიტარული დახმარება მძევლების გათავისუფლების საკითხს ხელს შეუწყობს“, – აღნიშნულია ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ჰამასს“ და მის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს იაჰია სინვარს.

თავის მხრივ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება მძევლების გაცვლის შესახებ, მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ მოხდება.

,,რუსეთი არ აპირებს უარი თქვას თავის მიზნებზე უკრაინაში”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს უარი თქვას თავის მიზნებზე უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

“დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის შეკავების სტრატეგიასა და თავის აგრესიულ მიზნებზე უკრაინაში. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენს მიზნებზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს რუსეთის არმია ინიციატივას ფლობს საბრძოლო შეხების ხაზზე.

ჩემი აზრით, საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე მიიწვევენ, ამისათვის საკმარისი საფუძველი არსებობს”- ხავიერ კოლომინა

ჯერ საუბარიც არ დაგვიწყია ვაშინგტონის სამიტზე პარტნიორების მოწვევაზე, ახლახან დავიწყეთ მსჯელობა, რა იქნება არსებითი და პრიორიტეტული ამ სამიტზე, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

კოლომინას თქმით, საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იყოს მიწვეული ვაშინგტონის სამიტზე.

„ამ ეტაპზე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ვიმუშავებთ ისევ პარტნიორებს შორის იმ ატმოსფეროს შექმნაზე, რასაც უკრაინის დახმარება ჰქვია, გავაგრძელებთ მუშაობას თავდაცვისა და შეკავების გადაწყვეტილებებზე, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. ასევე, ვმუშაობთ სამხრეთით პარტნიორებთან, რაც ახლა ძალიან რელევანტურია. როგორც გითხარით, რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კოლომინამ.

პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ნატო – საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს.

ხავიერ კოლომინამ საქართველოს პრეზიდენტს პირადად მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით, ქვეყნისათვის მომავალი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მცოცავი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება და რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ნატო – საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების საკითხებზე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყოს წარმოდგენილი.

ავიაკომპანია Pegasus -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ფრენა განახორციელა

თურქულმა ავიაკომპანია Pegasus -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა და ქუთაის სტამბოლი , სტამბოლო ქუთაისი-ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

პირველი რეისი სტამბოლიდან, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან, გვიან ღამით, Boeing 737 განხორციელდა და ქუთაისის აეროპორტში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.

ოფიციალურ დახვედრას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.

„ბიზნესის სექტორს აქვს ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია”- ლევან დავითაშვილი

„ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის სექტორს აქვს ნდობა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია. შარშანდელთან შედარებით, ბიზნესსსექტორის გამოშვება 12%-ით  არის გაზრდილი და ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დინამიკა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. ეს  უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირდაპირ დასაქმებაში, შემოსავლებში აისახება და ამაზე დეტალურად იყო ინფორმაცია წარმოდგენილი პრემიერის ანგარიშში” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, პრემიერის ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი კონკრეტული რეიტინგი, რომელიც ადასტურებს,  რომ საერთაშორისო კომპეტენტური შემფასებლების მიერ შეფასებულია საქართველოს პროგრესი  – საუბარია როგორც დემოკრატიის მმართველობის კუთხით ინდექსებში პროგრესზე, ასევე საქართველოს პროგრესზე ეკონომიკური კუთხით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, საქართველო სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით უსწრებს არამხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ, მრავალი რეიტინგის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებსაც.

„ბოლო ინფორმაცია, რაც დეკემბერში გახდა ცნობილი, OECD-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსია, სადაც საქართველო კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ჩვენი ქვეყანა წინა შეფასებებითაც ლიდერი იყო, მაგრამ  კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას და 12 მნიშვნელოვანი ინდიკატორიდან 11-ში  პირველ ადგილზეა” – განაცხადა  ვიცე-პრემიერმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სტაბილური გარემოს პროგნოზირებადობა უმნიშვნელოვანესი მესიჯებია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტორებისთვის, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული მესიჯები, როგორიც არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, ადმინისტრირების გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

,,საქართველოსგან 9 ნაბიჯის შესრულებას მოველით”- ხავიერ კოლომინა

ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს რეგიონში ჩემი მეექვსე, ხოლო საქართველოში მეორე ვიზიტია 2023 წელს. ძალიან ბედნიერი ვიზიტია ახლა, ვინაიდან, ძალიან მიხაროდა. ქართველი ხალხს, ქართველ ოფიციალურ პირებს ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მივულოცე შეხვედრების დროს, რომლებიც მქონდა.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავია, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის კარგი ამბავი. ვფიქრობ, რომ ეს მომენტს ხსნის, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024 წელს. 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს გადაწყვეტილება იყო. საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც გატარებულ უნდა იქნას ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე ნატო-საც აქვს.

უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე”, – განაცხადა კოლომინამ.

„იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა“ – გიგა ოთხოზორიას დედა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხურჩა – ნაბაკევის საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია საქართველოს გამარჯვებად აფასებს და ამბობს, რომ ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ჯერია.

იგი მოითხოვოს მკვლელის გადმოცემას და მის კანონიერად დასჯას.

„იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ჩემი შვილის მკვლელი უნდა გადმოეცეს ქართულ მხარეს და მოხდეს მისი დასჯა.

ეს არის საქართველოს გამარჯვება და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ დაფიქრდეს, ვისაც ევალება, რუს ჯალათებს, რომ ასე ქართველი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შერჩებათ მათ“, – აცხადებს გიგა ოთხოზორიას დედა.

ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს განაჩენი, რომელიც ქართულმა სასამართლომ გიგას მკვლელს დაუსწრებლად მიუსაჯა.

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

,,ოთხოზორიას საქმეს, როგორც საგარეო ისე შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც საგანგებო მნიშვნელობა აქვს”- ვოლსკი

გიორგი ვოლსკიმ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. ამ საკითხის მნიშვნელობაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„რა საკვირველია, ამას სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამომავლოდაც და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება, არის ამ ჭიდილში ერთ-ერთი საგანგებო, ხაზგასასმელი საკითხი. არა მარტო იმიტომ, რომ დამარცხდა რუსეთი, ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპანტი ძალა, არამედ შიდა ვითარებისთვისაც. საკმაოდ აშკარა სურათი იქმნება – რა გვქონდა, რა გვაქვს და რამდენად არის რუსული თემა ექსპლუატირებული პოლიტიკურ სპეკულაციებში. ასე რომ საგარეო მნიშვნელობაც აქვს ამ თემას და, რა საკვირველია, შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც საგანგებო მნიშვნელობის არის.

საზოგადოება რეალურად ხედავს, რას ჰქვია სერიოზული მუშაობა, რას ჰქვია ქვეყნის ინტერესების დაცვა, მით უმეტეს მცირე რესურსებით ამ უშველებელი ძალის წინააღმდეგ და რას ნიშნავს, საით არის სიმართლე და რა საკითხებთან არის საჭირო განსაკუთრებით ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროსასამართლოს პალატამ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში, რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა დაადასტურა. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

იუსტიციის მინისტრმა, გიგა ოთხოზორიას საქმეზე და სტრასბურგის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქმეში სახელმწიფო ჩართული იყო ე.წ. მესამე პირის სტატუსით და ეხმარებოდა სასამართლოს მტკიცებულებების მოპოვების საქმეში.

„საქართველოს ხელისუფლება თავისი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში, აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ განხორციელდეს ჩვენი სახელმწიფოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზებით. ბრძოლა სამართლებრივი ხერხებით და პირველ რიგში ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, ეს არის ამ ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ ვის მხარეს არის სიმართლე. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით და სახელმწიფოთა შორისი ყველა დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ოკუპაცია და მისი მავნე შედეგები ამ დავების მოგების შემდეგაც არ შეჩერებულა. მათ შორის ჩვენ ვიხილეთ სამწუხარო ტრაგედია, რომელიც ეხება ოთხოზორიების ოჯახს და კონკრეტულად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ საქმეში სახელმწიფო ჩართული იყო ე.წ. მესამე პირის სტატუსით და ჩვენ ვეხმარებოდით მტკიცებულებების მოპოვების საქმეში. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დარღვეული უფლება და პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს ყველაფერი არის ის მავნე შედეგები, რაც თან მოსდევს ხოლმე ოკუპაციას და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს ჩვენ ყველას იმისკენ, რომ ბრძოლა არ შევწყვიტოთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი გზებით ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანი გზებით დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას ოჯახი მკვლელის რუსეთისგან ქართული მხარისთვის გადაცემას ითხოვს, რთული აღსასრულებელია.

„ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რაც შესაბამისად აღსრულების ნაწილს გარკვეულწილად ართულებს. თუმცა ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთობლივი ძალებით გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამართალი აღსრულდეს და ეს არ არის მარტივი პროცესი. სიმართლე გარკვეულია, ახლა დგება ის ეტაპი, როდესაც ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და დროულად აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. აქ უნდა ჩაერთოს აქტიურად ყველა ის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ამ საქმეზე და ყველა სხვა სახელმწიფოთა შორის დავაზე მოპოვებული იქნა გამარჯვება, ასევე აუცილებლად იზეიმებს სამართალი და იქნება აღსრულებული“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.