იუსტიციის მინისტრმა, გიგა ოთხოზორიას საქმეზე და სტრასბურგის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

33
spot_img

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქმეში სახელმწიფო ჩართული იყო ე.წ. მესამე პირის სტატუსით და ეხმარებოდა სასამართლოს მტკიცებულებების მოპოვების საქმეში.

„საქართველოს ხელისუფლება თავისი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში, აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ განხორციელდეს ჩვენი სახელმწიფოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზებით. ბრძოლა სამართლებრივი ხერხებით და პირველ რიგში ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, ეს არის ამ ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ ვის მხარეს არის სიმართლე. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით და სახელმწიფოთა შორისი ყველა დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ოკუპაცია და მისი მავნე შედეგები ამ დავების მოგების შემდეგაც არ შეჩერებულა. მათ შორის ჩვენ ვიხილეთ სამწუხარო ტრაგედია, რომელიც ეხება ოთხოზორიების ოჯახს და კონკრეტულად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ საქმეში სახელმწიფო ჩართული იყო ე.წ. მესამე პირის სტატუსით და ჩვენ ვეხმარებოდით მტკიცებულებების მოპოვების საქმეში. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დარღვეული უფლება და პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს ყველაფერი არის ის მავნე შედეგები, რაც თან მოსდევს ხოლმე ოკუპაციას და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს ჩვენ ყველას იმისკენ, რომ ბრძოლა არ შევწყვიტოთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი გზებით ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანი გზებით დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას ოჯახი მკვლელის რუსეთისგან ქართული მხარისთვის გადაცემას ითხოვს, რთული აღსასრულებელია.

„ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რაც შესაბამისად აღსრულების ნაწილს გარკვეულწილად ართულებს. თუმცა ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთობლივი ძალებით გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამართალი აღსრულდეს და ეს არ არის მარტივი პროცესი. სიმართლე გარკვეულია, ახლა დგება ის ეტაპი, როდესაც ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და დროულად აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. აქ უნდა ჩაერთოს აქტიურად ყველა ის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ამ საქმეზე და ყველა სხვა სახელმწიფოთა შორის დავაზე მოპოვებული იქნა გამარჯვება, ასევე აუცილებლად იზეიმებს სამართალი და იქნება აღსრულებული“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.