ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე – დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს

20
spot_img

ჩინეთთან პარტნიორობა და მისგან ინვესტიციების მიღება შეიძლება, მაგრამ რუსეთი განსხვავებული ისტორიაა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს.

“ამაზე თბილისში ჩემი ვიზიტების დროს ხშირად გვილაპარაკია. გეოსტრატეგიული შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ნათელია. რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს არ ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ შეშფოთებები გვაქვს იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ მხრივ, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია პარტნიორი იყოს, შეუძლია გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. ნატო ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ის [ჩინეთი] წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეგიძლია ან ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეგიძლია. რუსეთი სრულიად განსხვავებული ისტორიაა. ის, როგორც იცით, ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია, და რუსეთზე ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს.

ეს იყო საუბრების ნაწილი, რომლებიც ქართველ ოფიციალურ პირებთან მქონდა. მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულებების შექმნის რისკები, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, გვესმის, იმ სექტორებში ინვესტიციების საჭიროება, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებებს არ ქმნიან. ასე რომ, ჯამში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს”, – განაცხადა კოლომინამ.