Home Blog Page 1849

“კატარგეითის” საქმეზე ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა

ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ Politico წერს.

აღსანიშნავია, რომ კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ.

ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, არენას სახლში ჩატარებული ჩხრეკა წარმოადგენდა ბრიუსელში, ერთდროულად 6 მისამართზე ჩატარებული ოპერაციის ნაწილს. მათივე ინფორმაციით, ამ 6 მისამართიდან რამდენიმე პირდაპირ ან ირიბად არენას ან მის ოჯახს უკავშირდება.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.

ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირების წინააღმდეგ არის მიმართული.

უწყებაში განმარტავენ, რომ სასანქციო სიაშია რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების, ელექტრონიკის და მოწყობილობის მიწოდებას ახორციელებენ. შეზღუდვები, ასევე, ატომური ენერგეტიკისა და არქტიკაში რესურსების მოპოვების დარგში მომუშავე კომპანიებს შეეხება.

„ასევე, სიაში რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი თავდაცვითი საწარმოები შევიდნენ, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენების მწარმოებელი – „რუსეთის ვერტმფრენები“ და მისი გენერალური დირექტორი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო ჯამში, სანქციები რუსეთის ფედერაციის თავდაცვით, ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე 35 ორგანიზაციების და რუსეთის და ბელარუსის 10 ფიზიკური პირის წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის სანქციები რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ჩერნიშოვის წინააღმდეგ არის გათვალისწინებული.

“უკვე უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები.

„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ. ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს. პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს. ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – წერს მდინარაძე.

“ოპოზიციამ დაამკვიდრა საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა”-რატი ბრეგაძე

ოპოზიცია, ბრჭყალებში ოპოზიცია, ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ ეწევა რეალურად პოლიტიკურ საქმიანობას, და თამამად შემიძლია, ვთქვა ისიც, რომ ისინი სარგებლობენ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ამის დასტურია, თუნდაც, ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ იხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია და შემდგომ, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია, მაშინ, როდესაც იხურებოდა საგაზაფხულო სესია – ეს იყო ბოლო სხდომა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აქ ჟღერდება საქართველოს ჰიმნი და, მათ შორის, ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტშიც ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს თავისი აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის მიმართ; და, ასევე, ეს, პირველ რიგში, არის მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა. მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა და, ფაქტობრივად, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ შორის, არსებობს კადრებიც, როდესაც ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდადებულ სააკაშვილის, სახელი და საზოგადოება, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხედავს, რომ პიროვნების ამგვარი კულტი, მათ შორის, შეშურდებოდათ ბოლშევიკებსაც და არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის, და ეს, თუნდაც, საარჩევნო კლიპში არის გამოხატული. ისინი, ფაქტობრივად, საკუთარ საარჩევნო კლიპში ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ხოლო ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი, მათ შორის, საქართველოს და ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ნათელი სხვაობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რუსეთმა, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის, ადამ ჰოჯის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, – აღნიშნა ადამ ჰოჯმა.

მისი თქმით, შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული.

მისი თქმით, აღნიშნულზე მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.

აფხაზეთში დაღუპულთა ნეშტები 30 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სამსახურის დირექტორმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

სამოქალაქო პანაშვიდზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფცირებული პირის_ გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას, შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს.

გადმოსვენებულთა შორის ოთხი მებრძოლია:

გივი იასონის ძე ჭელიძე

დაიბადა 1933 წლის 29 მარტს. მსახურობდა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის რკინიგზის ოცეულში, მოხალისედ; გივი ჭელიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სამხედრო კომენდატურის ოცეულის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციაში, როგორც გუმისთის, ასევე, შრომა-კამანისა და კინდღი-ტამიშის მიმართულებით. 1993 წლის 29 სექტემბერს, ქ. სოხუმიდან არაორგანიზებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის ტერიტორიაზე. გივი ჭელიძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნაკვაში, 20 ივლისს,საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დავით აბელის ძე ზაქარაია

დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში; ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს; დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში. დავით ზაქარაიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 20 ივლისს,სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შახი ნიკოლოზის ძე სიჭინავა

დაიბადა 1949 წელს ქ. სოხუმში. 1993 წლის 17 სექტემბერს, შახი სიჭინავა ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის რიგებში. კერძოდ, ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულში. 1993 წლის 18 სექტემბერს, იგი აქტიურად იბრძოდა პოზიციების გასათავისუფლებლად. შახი სიჭინავა ბოლომდე იცავდა გუმისთის ”უშხოზის” ტერიტორიას. მე-6 ბატალიონის ალყაში მოხვედრის დროს, წავიდა ალყის გასარღვევად; ამ შეტაკებისას, ე.წ.”მაიაკის” მოსახვევთან, აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს. შახი სიჭინავას, ოჯახის გადაწყვეტილებით, 22 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გურამ ერმილეს ძე ხუნწელია

დაიბადა 1942 წლის 10 თებერვალს, მარტვილში. მოკლეს 1992 წლის 5 ოქტომბერს, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში. ოჯახის გადაწყვეტილებით, გურამ ხუნწელიას, 20 ივლისს, მარტვილში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ. დღეისათვის, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

პუტინმა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტი, მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების პირობებს, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს. პარალელურად კი, დასავლეთის ქვეყნებს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ჩვენ არაერთხელ გავაგრძელეთ ეს შეთანხმება და გამოვიჩინეთ მოთმინება. ველოდით, რომ ჩვენი საერთაშორისო კოლეგები ბოლოს და ბოლოს შეასრულებდნენ შეთანხმების პირობებს. მაგრამ ასე არ მოხდა. დასავლეთმა მარცვლეულის შეთანხმებით, ურცხვად ისარგებლა. უბრალოდ და სრულად დამახინჯებულია ამ შეთანხმებების მნიშვნელობა და არსი. დასავლეთმა მთლიანად გაანადგურა და დაამახინჯა ეს არსი და იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაჭირვებულ ქვეყნებს დახმარებოდა, მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა. გარდა ამისა, ტრანსნაციონალური კორპორაციების, მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის სპეკულანტების გამდიდრების იარაღად აქცია“, – აცხადებს პუტინი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

იწვიმებს ბორჯომშიც. დღისით +32, ღამის ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +19 ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა -BBC

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამ განცხადების შემდეგ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებზე თავდასხმას და ამ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს.

BBC-ის ცნობით, ერთი ტონა ხორბლის ფასი ევროპის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს, წინა დღესთან შედარებით, 8.2%-ით, 253.75 ევრომდე გაიზარდა, სიმინდის ფასზე კი 5.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა. რუსეთმა, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მოთხოვნებს შორისაა რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის გლობალურ გადახდის სისტემასთან, SWIFT-თან დაკავშირება.

აშშ-მა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI), რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დახმარების არა აშშ-ის მარაგებიდან გაგზავნას, არამედ შეძენას. პაკეტში ძირითადად შედის ოთხი NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა. ასევე, ნახსენებია ადრე გამოცხადებული Phoenix Ghost და Switchblade დრონები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინისთვის შეიძენს 150 ბენზომზიდს, 115 ტაქტიკურ მანქანას ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის, 50 ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის ევაკუაციისთვის, პორტების და ნავსადგურების დასაცავად და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას, ასევე ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს.

პრეზიდენტმა შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით 30-მდე შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი ძირითადი ძალების კონცენტრირებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებებზე ახორციელებს – გასული დღის განმავლობაში 30-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო-სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტა, Х-22 ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 32 დრონი გამოიყენა.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 69-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 7 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ოპერატიულ -ტაქტიკური დონის 2 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის 4 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. ამასთან, გაანადგურეს საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული რუსების კუთვნილი 11 საარტილერიო დანადგარი და 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა.