ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები.
„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ. ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს. პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს. ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – წერს მდინარაძე.