აშშ-მა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

63
spot_img

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI), რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დახმარების არა აშშ-ის მარაგებიდან გაგზავნას, არამედ შეძენას. პაკეტში ძირითადად შედის ოთხი NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა. ასევე, ნახსენებია ადრე გამოცხადებული Phoenix Ghost და Switchblade დრონები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინისთვის შეიძენს 150 ბენზომზიდს, 115 ტაქტიკურ მანქანას ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის, 50 ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის ევაკუაციისთვის, პორტების და ნავსადგურების დასაცავად და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას, ასევე ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს.