“კატარგეითის” საქმეზე ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა

67
spot_img

ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ Politico წერს.

აღსანიშნავია, რომ კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ.

ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, არენას სახლში ჩატარებული ჩხრეკა წარმოადგენდა ბრიუსელში, ერთდროულად 6 მისამართზე ჩატარებული ოპერაციის ნაწილს. მათივე ინფორმაციით, ამ 6 მისამართიდან რამდენიმე პირდაპირ ან ირიბად არენას ან მის ოჯახს უკავშირდება.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.