აფხაზეთში დაღუპულთა ნეშტები 30 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა

89
spot_img

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სამსახურის დირექტორმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

სამოქალაქო პანაშვიდზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფცირებული პირის_ გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას, შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს.

გადმოსვენებულთა შორის ოთხი მებრძოლია:

გივი იასონის ძე ჭელიძე

დაიბადა 1933 წლის 29 მარტს. მსახურობდა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის რკინიგზის ოცეულში, მოხალისედ; გივი ჭელიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სამხედრო კომენდატურის ოცეულის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციაში, როგორც გუმისთის, ასევე, შრომა-კამანისა და კინდღი-ტამიშის მიმართულებით. 1993 წლის 29 სექტემბერს, ქ. სოხუმიდან არაორგანიზებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის ტერიტორიაზე. გივი ჭელიძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნაკვაში, 20 ივლისს,საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დავით აბელის ძე ზაქარაია

დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში; ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს; დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში. დავით ზაქარაიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 20 ივლისს,სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შახი ნიკოლოზის ძე სიჭინავა

დაიბადა 1949 წელს ქ. სოხუმში. 1993 წლის 17 სექტემბერს, შახი სიჭინავა ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის რიგებში. კერძოდ, ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულში. 1993 წლის 18 სექტემბერს, იგი აქტიურად იბრძოდა პოზიციების გასათავისუფლებლად. შახი სიჭინავა ბოლომდე იცავდა გუმისთის ”უშხოზის” ტერიტორიას. მე-6 ბატალიონის ალყაში მოხვედრის დროს, წავიდა ალყის გასარღვევად; ამ შეტაკებისას, ე.წ.”მაიაკის” მოსახვევთან, აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს. შახი სიჭინავას, ოჯახის გადაწყვეტილებით, 22 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გურამ ერმილეს ძე ხუნწელია

დაიბადა 1942 წლის 10 თებერვალს, მარტვილში. მოკლეს 1992 წლის 5 ოქტომბერს, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში. ოჯახის გადაწყვეტილებით, გურამ ხუნწელიას, 20 ივლისს, მარტვილში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ. დღეისათვის, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.