რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

55
spot_img

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით 30-მდე შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი ძირითადი ძალების კონცენტრირებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებებზე ახორციელებს – გასული დღის განმავლობაში 30-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო-სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტა, Х-22 ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 32 დრონი გამოიყენა.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 69-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 7 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ოპერატიულ -ტაქტიკური დონის 2 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის 4 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. ამასთან, გაანადგურეს საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული რუსების კუთვნილი 11 საარტილერიო დანადგარი და 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა.