Home Blog Page 1770

,, კობახიძე სამართალწარმოების ფარგლებს გარეთ მოქმედებს და პროცესზე ლექციას ატარებს ”- მაია კოპალეიშვილი

ეს არ არის სწორი სამართალწარმოების პროცესი. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. კოპალეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა.

მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სამართალწარმოების ფარგლებს გარეთ მოქმედებს და პროცესზე ლექციას ატარებს.

„წარდგინების ავტორი მოქმედებდა სამართალწარმოების ფარგლებს გარეთ, ატარებს აქ ლექციას საკანონმდებლო ტექნიკასთან და პროცესთან დაკავშირებით. მთელი სასამართლო უსმენთ ამას მდუმარედ. ეს არ არის სწორი სამართალწარმოების პროცესი. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს. თუკი კითხვის დასმა უნდა, ეს უნდა იყოს სრულიად სხვაგვარად და არა მიშველება“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

როგორც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის დახმარება საჭირო არაა.

„არსებობს შეჯიბრებითობის პრინციპი და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ორივე მონაწილე თანაბარსაწყისებზე უნდა იყოს. მე არ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ იმ საკითხებზე ვისაუბრო, რა საკითხებზეც ბატონი ირაკლი აძლევს თავს უფლებას, რომ ისაუბროს. მე ბატონ ირაკლის პატივს ვცემ, მესმის მისი გულისტკივილი და შესაძლო შფოთვა საკანონმდებლო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონ ვახტანგის დახმარება არ არის საჭირო“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მაია კოპალეიშვილის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „კონსტიტუციური წარდგინების განხილვის პროცედურა კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, ამიტომ სასამართლომ შეიძლება ეს არაორდინალურად წარმართოს“.

„ამ შემთხვევაში მოსამართლეებმა დასვეს შეკითხვები, რომელიც პირაპირ არ ეხებოდა იმ სამ ფაქტს და უპასუხა მთავრობის წარმომადგენელმა. თქვენც გაძლევთ სიტყვას ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

უხვმა ნალექმა პრობლემები ქობულეთი-სახალვაშოს მიმართულებითაც შექმნა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ქობულეთი-სახალვაშოს მიმართულები პრობლემები შექმნა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა არის აკრძალული. მათი ინფორმაციით, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა. ასევე, ხელვაჩაურში სოფელ ორთაბათუმში მდინარესთან არსებული კოტეჯები დაიტბორა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე 71 შემთხვევიდან უარი 13-ჯერ ეთქვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე 71 შემთხვევიდან უარი 13-ჯერ ეთქვა.

ამის შესახებ ბაჩიაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე ისაუბრა.

„71 შემთხვევიდან 13 იყო უარის, დანარჩენ შემთხვევაში მიეცა თანხმობა. 1 თუ 2 ვიზიტი იყო, რომელიც თანხმობის მიუხედავად არ განხორციელდა და ამის შესახებ პრეზიდენტმა შეატყობინა საქართველოს მთავრობას. დანარჩენ შემთხვევებში თანხმობა გაიცა და ვიზიტიც განხორციელდა“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს უარი კონკრეტული ვიზიტების შემთხვევაში და შეიძლება თუ არა, რომ მიზეზი ფინანსური ეკონომიის გაკეთება გახდეს, ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შინაარსიდან გამომდინარე არ არსებობს ზღვარი იმისა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია მთავრობას უარი თქვას და რა შემთხვევაში – არა.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ზღვარი არსებობს, რა შემთხვევაში შეუძლია მთავრობას, უარი თქვას და რა შემთხვევაში – არა, ისევ იმ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს სახეზე. არ არსებობს სფეროები, სადაც შეიძლება მთავრობის დისკრეცია შეიზღუდოს და ჩამოითვალოს საკითხები, რა შემთხვევაში თქვას თანხმობა და რა შემთხვევაში უარი, როდესაც ამგვარ შესაძლებლობას კონსტიტუცია ვერ იძლევა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

“პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, ასევე სჭირდება თანხმობა” – მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, ასევე სჭირდება თანხმობა. პოლარიზაცია რომ არ გაღრმავებულიყო, აქამდე ლოიალური დამოკიდებულება იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ვინმემ იდავოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია.

„დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ შეუძლებელია ვინმემ იმაზე იდავოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს ისეთი საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ, რომ იურისპოდენციაზე ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ასეთი გიჟური და უსუსური არგუმენტების ფონზე ყველაფერი ნათელი, გასაგებია. ახლა 52-ე მუხლი არის სადავო. ამ მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. ამის შემდეგ მძიმე წერია, ხომ? ხომ არ გვეჩვენება? ტირე ან სხვა სასვენი ნიშანი ხომ არ წერია? როგორ შეუძლია, რომელიმე იურისტს ან ადამიანს, ვინც ქართული იცის, თქვას, რომ 52-ე მუხლი გრძელდება და ამაში იგულისხმება მოლაპარაკება, სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. მეორე საოცრებაა, აქამდე 78-ე მუხლზე აპელირებდნენ და დღეს გაჩნდა 49-ე მუხლი. ამ მუხლს თავზე რა აწერია? – საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და სათაურში უფლებამოსილება ნახსენები არ არის. სტატუსი მის სტატუსს გამოხატავს და არა უფლებამოსილებებს. ცდილობენ, სხვანაირად წაიკითხონ. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური – ეს ისე რომ წაიკითხო, როგორც ისინი კითხულობენ, აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა დაემორჩილოს და მან უნდა მართოს ქვეყანა. მეორე პუნქტია, რომ უმაღლესი მთავარსარდალია. ანუ, მას თავდაცვა, ჯარი უნდა დაემორჩილოს. მათი აბსურდული ლოგიკით, თურმე საპრეზიდენტო მმართველობაში ვცხოვრობთ და ეს დღემდე არ გვცოდნია. ჩვენს კოლეგებს ამის საუბარი მოუწიათ. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს მხარში არ უდგას და არ აძლიერებს მას სწორი არგუმენტებით, რომ ქვეყანა სტატუსს იმსახურებს, ეს მეორე მხარეა. თურმე 49-ე მუხლით „მოქმედებდა“ და დღეს გაიგო? პოზიციები აბსოლუტურად აცდენილია.

კონსტიტუციის თანახმად, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მთავრობის თანხმობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ითხოვდა. მათმა პოზიციამ შეიძლება, ახალი პრაქტიკა მოგვცეს – პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, მას ასევე სჭირდება თანხმობა. როგორც ერთ იურისტს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე წერია. აქამდე ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ლოიალური დამოკიდებულება იყო, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო.

ახლა შეიძლება, პრეცედენტი დავდოთ, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნითაც თანხმობა სჭირდება. როცა პრეზიდენტის მხრიდან ყოველგვარი ზღვარი, წითელი ხაზი, რუბიკონი გადაიკვეთა, მთავრობამ ამის შემდეგ იმოქმედა. ის წლების განმავლობაში ელჩების დანიშვნაზე პრობლემას ხდიდა და „ვატარებდით“. ვთქვით, მოდით, აღარ „გავატაროთ“. ეს კეთდება მაშინ, როცა მოთმინების ზღვარი წყდება და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები ზიანდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპარლამენტმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის ფონდის შექმნას დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ევროპარლამენტი იუწყება.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 2021-2027 წლების ევროკავშირის ბიუჯეტის გადასინჯვის შესახებ რეზოლუციას, რომელიც 50 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური უკრაინის ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

ევროპარლამენტმა 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური პროგრამის შუალედურ განხილვაში შესატანი ცვლილებები 393 ხმით 136-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 92-მა ევროპარლამენტარმა კი, თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიუჯეტში შესული ცვლილებები ფოკუსირებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე, ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიისა და სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სახის კრიზისებზე ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფაზე.

უცხოური ვალუტის კურსი 4 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8097 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0162 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“რუსეთი არ ისურვებდა, რომ პუტინს ოდესმე მოუწიოს მოკავშირე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა”

კრემლი სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი არ ისურვებდა, რომ ვლადიმირ პუტინს ოდესმე მოუწიოს მოკავშირე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა.

„რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით, რომ ოდესმე რაიმე მიზეზით პრეზიდენტს მოუწიოს უარის თქმა სომხეთში ვიზიტებზე“, – განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე, მეგობარი სახელმწიფო და პარტნიორი.

„უდავოდ, ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს მოძმე სომეხ ხალხთან. ეჭვი არ გვაქვს, რომ ყოველთვის გაგვაერთიანებს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე არაკორექტული უწოდა სომხეთის გადაწყვეტილებას, მოეხდინა რომის სტატუტის რატიფიცირება.

„რა თქმა უნდა, სომხეთის მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართ გაჩნდება დამატებითი კითხვები, ისინი წინასწარ გადაეცა სომხურ მხარეს. ჩვენ ეჭვი გვეპარება და თავიდანვე გვეპარებოდა იმაში, რომ, ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, სომხეთის მიერ რომის სტატუტთან მიერთება კორექტულია. კვლავ მიგვაჩნია, რომ ეს არაკორექტული გადაწყვეტილებაა“ , – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი აბსოლუტურად არ ეთანხმება ფაშინიანის არგუმენტებს, რომელიც რომის სტატუტის მიღებას ასაბუთებს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არასაკმარისი ინსტრუმენტებით.

„ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ფაშინიანის სიტყვებს იმის შესახებ, რომ სომხეთის გადაწყვეტილება, მიუერთდეს რომის სტატუტს, დაკავშირებული იყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და სომხურ-რუსული პარტნიორობის ინსტრუმენტების არასაკმარისობით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასე არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.

“შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ჩუგოშვილს და მათმა პოზიციამ შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს” – მამუკა მდინარაძე

შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ჩუგოშვილს და მათმა პოზიციამ შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს – თუკი პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ქვეყნის შიგნით, დიახ, ამას ასევე სჭირდება თანხმობა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი აქამდეც ქმნიდა პრობლემებს, თუმცა, ამაზე მკაცრი დამოკიდებულება არ ჰქონდათ მანამ, სანამ წითელი ხაზები არ გადაკვეთა.

„სხვათა შორის, ამაზე შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც (თამარ ჩუგოშვილს). წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება მთავრობის თანხმობა, დიახ, ქვეყნის შიგნითაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ის ითხოვდა, ქვეყნის შიგნით არც ითხოვდა! დიახ, მათმა პოზიციამ, რომელიც ერთ ნაწილში იყო ოდნავ რელევანტური, შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს, რომ თუკი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ქვეყნის შიგნით, დიახ, ამას ასევე სჭირდება თანხმობა. ეს გუნდთან ნამდვილად არ გამივლია, მე როგორ ერთი იურისტი, ასე მიმაჩნია, არ ვიცი, შეიძლება სხვა პოზიცია წარადგინონ ჩვენებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია. დიახ, მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება თანხმობა, ყოველ შემთხვევაში ასე წერია კონსტიტუციაში. აქამდე თუ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, იმასაც კი არ აქცევდა ვინმე ყურადღებას, თუ რა პოზიციები ჰქონდა, ლოიალური, რბილი დამოკიდებულება ჰქონდა მთავრობას, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო, შეიძლება ახლა ჩვენ დავდოთ პრეცედენტი, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, სჭირდება თანხმობა.

აქამდე არ იყო მკაცრი დამოკიდებულება, ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ ფორმალურად ახორციელებთ რეკომენდაციებსო, ამის შემდეგაც კი მისცეს თანხმობა უცხო ქვეყნებთან წარმოედგინა საქართველოს პოზიცია, მაგრამ როცა ეს პოზიციები არ შეცვალა, როცა რუბიკონი, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ამის შემდეგ იმოქმედა მთავრობამ. წლების განმავლობაში ის პრობლემებს ქმნიდა ელჩების დანიშვნაზე, ვატარებდით, ატარებდა ამას მთავრობა, რაღაც ეტაპზე გადაწყდა, რომ მოდით, ეს აღარ გავატაროთ. ეს ეტაპია, როცა მოთმინების ძაფი წყდება, როცა ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები, როცა ევროპული ინტეგრაცია ზიანდება, ელჩები არ არიან წარმოდგენილნი და ურთიერთობები ზიანდება, “- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს უსუსური არგუმენტები ჰქონდათ.

„შეუძლებელია ვინმემ იდავოს დაარღვია თუ არა. მოდით, კვალიფიკაციას ნუ დავუწუნებთ თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს, მაგრამ ისეთი საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ, რომ საზოგადოებაც, ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ ასეთი გიჟური, უსუსური, არარეალური არგუმენტების ფონზე ყველაფერი ნათელი და გასაგებია“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან.

„წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

“რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს ხვდება. შეხვედრაში ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჯიოევი მონაწილეობენ. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დაწყებისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს“.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროების მხარდაჭერისთვის.

„დღეს ხელს მოვაწერთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების გეგმას. ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციაში რეგიონული პოლიტიკის, საერთაშორისო პრობლემატიკის საკითხებზე და სამხრეთ ოსეთის საგარეო კონტაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ყველანაირად მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავეხმარებით“, – განაცხადა ლავროვმა.

მანამდე, სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს შეხვდა. დაგეგმილია ასევე შეხვედრა სამმხრივ ფორმატში.

პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა – ვახტანგ ბაჩიაშვილი

პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება, საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი წერილობითი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას და წერილობითი მიმართვაში აღწერილია კონკრეტულ ქვეყანაში განსახორციელებელი ვიზიტი, ვიზიტის თარიღები, დღის წესრიგი, კონკრეტული ოფიციალური პირები, ვისთან შეხვედრასც უნდა განხორციელდეს და საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან ითხოვს თანხმობის გაცემას.

„2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მომართა 71-ჯერ და ყველა წერილობითი მიმართვა, რომელიც მთავრობის სახელზეა გამოგზავნილი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, გარდა ნარატიული მასალისა და ინფორმაციისა, შეიცავს სამართლებრივ წინაპირობებსაც, რის საფუძველზე სთხოვს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას, გაიცეს შესაბამისი თანხმობა. პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე რითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიციები ძალიან სუსტია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვაზე მოპასუხე მხარის პოზიცია იყო სუსტი.

მისივე თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრებს პროცესზე, შესვენების შემდეგ.

„ყველაფერს პასუხს გავცემთ პროცესზე. ამიტომ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას. ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება შესვენების შემდეგ. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ ყველაფერს დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ პრეზიდენტი პირადად არ მონაწილეობს პროცესში, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, სასამართლოს მიმართ პატივისცემა გამოეხატა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის ოთხი წევრი იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა ეს არ გააკეთა, რაც მისი არჩევანია. სამართლებრივი, თეორიული, ყველანაირი მიდგომის მიხედვით, იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. ის ნაწილი, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სამართლებრივი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც წარიმართება პარლამენტში, არის პოლიტიკური. ეს ყველამ იცის, ამიტომ სპეკულაციებისთვის სივრცე საერთოდ არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, იქ ვერ იქნება ევროპა.

„ევროპა და ევროპულობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთში, კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა

27-28 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ კანში, კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალი გაიმართა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

ფესტივალზე კორპორაციული ფილმები, ონლაინ მედია პროდუქცია, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და სარეკლამო ვიდეორგოლები სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე საუკეთესო პროექტები „ოქროსა” და „ვერცხლის” დელფინებით დაჯილდოვდნენ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ოსკარისა და ემის ჯილდოს მფლობელები, ასევე კორპორატიული კომუნიკაციების სპეციალისტები და ცნობილი მედია წარმომადგენლები.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, წელს ერთერთი ჟიურის წევრი, საქართველოს წარმომადგენელი, რეჟისორი და პროდიუსერი ირინა ხანგოშვილი გახლდათ, რომელიც, მრავალი საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალების გამარჯვებულია და ასევე, სხვადასხვა დროს, ჟიურის წევრიც იყო.

აღსანიშნავია, რომ კანის წლევანდელ ფესტივალზე ტურისტულ მიმართულებებს შორის საუკეთესო ვიდეოკოლაჟად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Bloomberg-ის „Glimpses of Georgia“ დასახელდა.