“საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიციები ძალიან სუსტია” – ირაკლი კობახიძე

179
spot_img

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვაზე მოპასუხე მხარის პოზიცია იყო სუსტი.

მისივე თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრებს პროცესზე, შესვენების შემდეგ.

„ყველაფერს პასუხს გავცემთ პროცესზე. ამიტომ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას. ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება შესვენების შემდეგ. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ ყველაფერს დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ პრეზიდენტი პირადად არ მონაწილეობს პროცესში, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, სასამართლოს მიმართ პატივისცემა გამოეხატა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის ოთხი წევრი იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა ეს არ გააკეთა, რაც მისი არჩევანია. სამართლებრივი, თეორიული, ყველანაირი მიდგომის მიხედვით, იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. ის ნაწილი, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სამართლებრივი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც წარიმართება პარლამენტში, არის პოლიტიკური. ეს ყველამ იცის, ამიტომ სპეკულაციებისთვის სივრცე საერთოდ არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, იქ ვერ იქნება ევროპა.

„ევროპა და ევროპულობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.