“რუსეთი არ ისურვებდა, რომ პუტინს ოდესმე მოუწიოს მოკავშირე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა”

231
spot_img

კრემლი სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი არ ისურვებდა, რომ ვლადიმირ პუტინს ოდესმე მოუწიოს მოკავშირე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა.

„რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით, რომ ოდესმე რაიმე მიზეზით პრეზიდენტს მოუწიოს უარის თქმა სომხეთში ვიზიტებზე“, – განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე, მეგობარი სახელმწიფო და პარტნიორი.

„უდავოდ, ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს მოძმე სომეხ ხალხთან. ეჭვი არ გვაქვს, რომ ყოველთვის გაგვაერთიანებს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე არაკორექტული უწოდა სომხეთის გადაწყვეტილებას, მოეხდინა რომის სტატუტის რატიფიცირება.

„რა თქმა უნდა, სომხეთის მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართ გაჩნდება დამატებითი კითხვები, ისინი წინასწარ გადაეცა სომხურ მხარეს. ჩვენ ეჭვი გვეპარება და თავიდანვე გვეპარებოდა იმაში, რომ, ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, სომხეთის მიერ რომის სტატუტთან მიერთება კორექტულია. კვლავ მიგვაჩნია, რომ ეს არაკორექტული გადაწყვეტილებაა“ , – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი აბსოლუტურად არ ეთანხმება ფაშინიანის არგუმენტებს, რომელიც რომის სტატუტის მიღებას ასაბუთებს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არასაკმარისი ინსტრუმენტებით.

„ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ფაშინიანის სიტყვებს იმის შესახებ, რომ სომხეთის გადაწყვეტილება, მიუერთდეს რომის სტატუტს, დაკავშირებული იყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და სომხურ-რუსული პარტნიორობის ინსტრუმენტების არასაკმარისობით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასე არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.