Home Blog Page 1765

“ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რამაც მოგზაურთა რაოდენობის 2,8 მლნ-მდე ზრდას ხელი შეუწყო”

საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და პანდემიამდელ ნიშნულს ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9%-ს შეადგენს. ამასთან, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ია.

„დღეს საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, ფაქტობრივად, ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე – ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100%-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

რაც შეეხება 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლაიონსების თვალის კლინიკამ ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დვანში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. სამსახურის ბენეფიციარებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ ოპტიკური საშუალებები ( 160 სათვალე);

უფასო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 82-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 41 ვეტერანი, ხოლო 41 ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. განხორციელდა 110-ზე მეტი სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე,შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი,ზვიად საბაშვილი, სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა- საქართველომ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, დღეის ჩათვლით, უსასყიდლოდ გაუწია კვალიფიციური მომსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 723 ბენეფიციარს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 11 ივლისს, წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების დასაცავად გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ არსებობდა, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო.

მისივე თქმით, ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

„წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას შაბათ დღეს რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კვირა დღეს სამუშაოები არ ჩატარებულა და ორშაბათს ეს უბედური შემთხვევა მოხდა.

ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ იყო, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო. მოსამზადებელი სამუშაოები ზუსტად იმისთვის მიმდინარეობდა, რომ უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული ყოფილიყო“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში, 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული მონაცემების გაყალბება – კახა კალაძე პოლონელ ექიმზე

„იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პოლონელი ექიმის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის თემის გარშემო ხდება, დიდი სიცრუე და ფარისევლობაა.

„ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი „მოწამვლიდან“ დაწყებული „სიკვდილით“ დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“პოლიტიკური ალღოს“ და „გამჭრიახობის“ ნიმუშია ოპოზიციის ლიდერად დანიშნულ Go Go Zhenia-ს ევროპაში კუბილიუსს, კრამონს და ფოტიგას რომ შეახვედრებ, კიევში კი არახამიას”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ ევროპაში გამართულ შეხვედრებს ეხმიანება.

„პოლიტიკური ალღოს“ და „გამჭრიახობის“ ნიმუშია ოპოზიციის ლიდერად დანიშნულ Go Go Zhenia-ს ევროსპაში კუბილიუსს, კრამონს და ფოტიგას რომ შეახვედრებ, კიევში კი არახამიას!

რატომ ფიქრობთ Miss რომ აშშ-ის ელჩობა საკმარისია, თქვენი სიტყვა კიტრად იქცეს? ისე მიშასაც ეგონა ტრაილერში კიტრი ვარო“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

“პოლონელმა ექიმმა ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა”

ეს ფაქტი აუხსნელია, ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არავინ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით – როგორც კი ოფიციალურად მოითხოვეს, ოფიციალურადვე ჩვენ სრული პროტოკოლის შესაბამისად ეს ნიმუშები გადავეცით, – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელმა მედიკოსმა ახსნა-განმარტებაში დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა მან ეს ნიმუში.

„პოლონელი კოლეგები კლინიკაში შემოვიდნენ დაახლოებით სამი საათისთვის, მე მათ შევხვდი და შემდეგ მათ პაციენტი მოინახულეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად მე მათთან ურთიერთობა მქონდა. თუმცა, მე არ ვიყავი იმ მომენტში, როცა ისინი უშუალოდ პაციენტს ესაუბრებოდნენ და მათ მიერ პაციენტის გასინჯვა ხდებოდა. ამ პერიოდში ისინი ოთახიდან გამოდიოდნენ, ეცნობოდნენ ისტორიას, ინსტრუმენტალური, თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კოლეგიალურები და კომუნიკაბელურები იყვნენ. მათ ნახეს ყველა კვლევა, მათ დამატებითი არანაირი კვლევა არ მოუთხოვიათ.

მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანებთან ერთად გვიან საღამომდე ვიყავი. რამდენჯერმე ჩატარდა მათ მიერ კონსულტაციები და მერე, როგორც გავიგე, მათ აუღიათ ბიოლოგიური ნიმუშები, მაგრამ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აქვს თავისი წესი. როდესაც ჩვენ ეს გავიგეთ, ამ ადამიანებს ავუხსენით, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს თანხმობა პენიტენციური დაწესებულების, პაციენტის და კლინიკის. ამის შემდეგ ოფიციალურად, როდესაც ნებართვა გაიცა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, ამას ჩვენი კლინიკის წარმომადგენლები ვესწრებოდით, ეს ნიმუშები აღებული იქნა, ჩაიდო კონვერტში, დაილუქა ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დავიტოვეთ ჩვენ და მეორე ეგზემპლარი მათ გადავეცით.

ეს ფაქტი აუხსნელია, ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არავინ არ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით. როგორც კი ოფიციალურად მოითხოვეს, ოფიციალურადვე ჩვენ სრული პროტოკოლის შესაბამისად ეს ნიმუშები გადავეცით.

ამ ადამიანმა ამის შესახებ ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა ეს ნიმუში. მან დაწერა, რომ ეს ნიმუში აიღო, მაგრამ შემდეგ ოფიციალურად, როდესაც კანონიერად ნიმუშის აღება მოხდა, მას უნდა ჩაედო ჯიბეში, მაგრამ არ ჩაიდო ჯიბეში, მას ჩვევა აქვს, რომ ყველაფერს ინახავს ფეხსაცმელში. ყველას თავისი ჩვევა აქვს. ნამდვილად, ისინი არიან თავისი დარგის ცნობილი წარმომადგენლები თავიან ქვეყანაში და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, ეს ინციდენტი”, – განაცხადა ჩხაიძემ.

“როგორ წარდგებიან ისინი არჩევნებზე არ მაინტერესებს, რადგან მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველანი ერთნი არიან”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაყოფილები არიან, თუმცა მათ ერთი პატრონი ჰყავთ.კახა კალაძემ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეკრების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო გეგმები.

„რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან. როგორ წარდგებიან ისინი ან რა ფორმულირება ექნებათ, ეს მე არ მაინტერესებს.

ჩემთვის მთავარი არის ჩემი პარტია, თუ როგორ წარდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, რა ახალი პროექტები გვექნება. რაც შეეხება ამ ადამიანებს, საერთოდ არ არიან საინტერესო. მათ ყველას ერთი ხერხემალი აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა?” – იაგო ხვიჩია

მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო – წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო (პოლონელმა ექიმმა) ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, მომხდარზე საჭიროა პოლონური მხარის განმარტებას დაველოდოთ.

„ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ.

მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ – ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აზრით, თუკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს იქნება არა იმდენად პრეზიდენტ ზურაბიშვილის, არამედ „ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

„წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება”- მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“ორი კვარტლის მონაცემებით საქართველოში ტურისტული ვიზიტების ოდენობა 2019 წელთან მიმართებით 90 %-ით აღდგა. საქართველოს 3 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როდესაც ეს მონაცემები მივიღეთ ზაფხულის ტურისტული სეზონი რეალურად ჯერ კიდევ არ იყო პიკში შესული, ამიტომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ მოგზაურს ველოდებით და ვფიქრობ მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავი იქნება“,-აცხადებს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წლის ორ კვარტალში, ტურისტთა ნაკადების გაზრდას მარკეტინგულმა კამპანიებმა და ავიარეისების დამატებამ შეუწყო ხელი.

„ტურისტთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ეს არის მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც მუდმივად ვახორციელებთ სამიზნე ბაზრებზე: ევროპაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისრაელში. აღსანიშნავია, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ევროპის ქალაქებთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა ახალი მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე გაიზარდა არსებული რეისების სიხშირეები, შედეგად ვფიქრობ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.

“შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი პოლონელი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს” – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს და ასევე, მთელ პროცესს სანდოობას უკარგავს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, თავის მხრივ, პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის საქციელი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შეშფოთება დააფიქსირა, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით კლინიკიდან გამოტანა სცადა.

პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან, ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს და ასევე, მთელ პროცესს სანდოობას უკარგავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება ეთხოვა. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

“ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას”

ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას – ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცესო“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან უკრაინის რადას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს.

როგორც ღუდუშაური აცხადებს, ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „რეალობას, მათ შორის სტრასბურგის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობიერებს”. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ვერ გაზომავს „ამ ქვეყნის მოსახლეობის პოზიციას და სამართლიან მართლმსაჯულებას დაუპირისპირდება“.

„რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღოს სააკაშვილზე უკრაინის რადამ, ამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, ჰყავს ძალიან ამაყი, ღირსეული ხალხი და ღირსეული მთავრობა, რომელიც იცავს სუვერენიტეტს. ღმერთმა დაიფაროს უკრაინა ამისგან, მაგრამ სულ რომ რადას ყველა წევრი არახამია გახდეს ერთ მშვენიერ დღეს, მაინც ვერაფერს შეცვლიან, ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს, ღირსებას, კანონმდებლობას დავიცავთ. კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებით ქართულმა და ევროპულმა მართლმსაჯულებამ გასცა ყველაფერს პასუხი, ამიტომ ვურჩევდი, ნერვებს გაუფრთხილდნენ და მიხედონ თავიანთ საქმეს.

ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც სხვა მსგავსი ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას, ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცეს“. იმ ჩანაწერში არსად არის ის, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას წინ შეიძლება აღუდგეს ვინმე არახამიები, სხვა პირები ან რაიმე რეზოლუციები. უკრაინამ რეზოლუცია კი არ უნდა მიიღოს, მარტივი დოკუმენტი უნდა გამოსცეს და საქართველოს უნდა გადმოსცეს კრიმინალი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ვინც თავს აფარებენ უკრაინას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფის ხარჯზე მათ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე. როცა ქართველმა ხალხმა ის რეჟიმი გაისტუმრა უკრაინა ამ ჩამოწერილთა ნავსაყუდლად აქციეს იმ კრიმინალების, რომლებიც აქედან მართლმსაჯულებას გაექცნენ, ასეთი ადამიანების თავშეყრის ადგილად აქციეს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ქუჩებში იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ, რის შემდეგაც შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ.

მისივე თქმით, ზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

„ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რა თქმა უნდა, გვაქვს. ძირითადად, ეს უმსხვილეს ქალაქებში ხდება. დაბინძურება ორ ძირითად ნაწილად იყოფა – მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის პრობლემა. ამ უკანასკნელის მთავარი გამომწვევი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქალაქში, ავტოტრანსპორტია. მყარ ნაწილაკებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც სამრეწველო სექტორი კანონმდებლობით დავარეგულირეთ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. რაც კომპანიებმა თვითკონტროლი დაიწყეს, მყარი ნაწილაკებით დაბინძურება შემცირდა, განსაკუთრებით რუსთავში.

აზოტის დიოქსიდის პრობლემა გამოწვეულია მანქანების გაუმართაობით და არა საწვავის ხარისხით. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხს ყოველწლიურად ამოწმებს და ბენზინთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება, ხოლო დიზელის პრობლემა, ძირითადად, გოგირდთან დაკავშირებულია, რაც გამონაბოლქვზე გავლენას არ ახდენს.

ავტომობილების ტექნიკური გამართულობა მავნე ნივთიერებებთან პირდაპირ დაკავშირებულია. ამისთვის შემოვიღეთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ გვყავს უპასუხისმგებლო მძღოლები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირების დღისთვის აწესრიგებენ მანქანას. ამ მავნე პრაქტიკის შესამცირებლად, საჭიროა, რომ გზებზე გამონაბოლქვი შევამოწმოთ და ამით უპასუხისმგებლო მძღოლები ვაიძულოთ, რომ მათი ავტომობილები მუდმივად მწყობრში იყოს.

ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ და შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ. ეს კანონი ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

ზღვრული ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში, ბუნებრივია, იარსებებს სანქციები. ფიზიკური პირებისთვის პირველ ჯერზე ეს 100 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში – 300 ლარი, ხოლო მესამე დაფიქსირებისას, ჯარიმა 600 ლარამდე გაიზრდება.

იურიდიული პირების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე იზრდება, – აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ტექ-ინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შედის, რათა მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკურ შემოწმების თავი აღარ აარიდონ.

„გარდა ამისა, ჩვენ ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შემოვიღეთ, რათა ის ადამიანები, რომლებსაც 40 ლარის გადახდით ინსპექტირებისთვის თავის არიდება ურჩევნიათ, ვაიძულოთ მანქანები შემოწმებაზე მიიყვანონ.

ყველა ეს ქმედება, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მოგვცემს, თუმცა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება 1 თვესა და თუნდაც 1 წელიწადში ვერ მოხდება. შედეგები მალევე გამოჩნდება, თუმცა ხელშესახებ, ალბათ, 5 წელიწადში გახდება“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.